უცხოურ ბაზრებზე ადგილობრივი წარმოების საადრეო ხილ-ბოსტნეულზე მოთხოვნამ მკვეთრად მოიმატა. ექსპორტიორების ინფორმაციით, პრიორიტეტი კვლავ ევროპაა, თუმცა ქართული პროდუქტი ყველაზე დიდი რაოდენობით რუსეთში გადის. არნახულად გაიზარდა ინტერესი ჩირის მიმართ. გადამამუშავებელ საწარმოებში აცხადებენ, რომ შეკვეთებს ვერ აუდიან, რის გამოც წელს წარმოების მასშტაბის ზრდას გეგმავენ. ექსპორტიორების ინფორმაციით, მოთხოვნა იმდენად დიდია, რომ მწარმოებლებს მიწოდების პრობლემა აქვთ. შეკვეთაა თითქმის ყველაფერზე, რაც საქართველოში იწარმოება.
ქართველი ფერმერების განცხადებით, მოთხოვნა დიდი იყო სეზონის დაწყებამდეც, განსაკუთრებით - საადრეო ხილსა და ბოსტნეულზე.
მართალია, ექსპორტისთვის პრიორიტეტი კვლავ ევროპაა, მაგრამ ყველაზე დიდი რაოდენობით ჩვენი პროდუქტი რუსეთში გადის. ჩრდილოეთში ბოსტნეულის პირველი პარტია უკვე გაიგზავნა. შეკვეთაა საადრეო ხილზეც.
"ქართული ხილის კომპანიის" მენეჯერ სოსო მანჯავიძის თქმით, აგროსასურსათო პროდუქტებიდან რუსეთში წელს პირველი კიტრი გავიდა. ამ ეტაპზე სხვა ბოსტნეულიც გადის. მოთხოვნა დიდია ქართულ მარწყვზეც. ბალსა და ალუბალზე კი შეკვეთა კომპანიამ სეზონის დაწყებამდეც მიიღო.
"სეზონი სულ ახლახან დაიწყო. მომდევნო თვიდან ექსპორტს კიდევ უფრო გავააქტიურებთ. ძირითადი აქცენტი რუსეთზეა, თუმცა დიდია ინტერესი ევროპული ბაზრის მიმართაც. ვფიქრობ, რუსეთში გავა ყველაფერი, რისი გატანაც კი შესაძლებელია. მთავარია, რესურსი არსებობდეს, სხვა მხრივ ხელს არაფერი გვიშლის.
მოთხოვნაა ისეთ პროდუქტზეც, რომლის წარმოება საქართველოში თითქმის ნულის დონეზეა. ასეთია ბროწეული, ქაცვი, ასკილი და სხვა, რომლებიც აქამდე მცირე პარტიითაც კი ვერ გავიტანეთ რუსეთში. კარგად გადის მარწყვი, ატამი ჯერ ადრეა. მოსავლის პრობლემა თუ არ შეგვექმნა, სხვა არავითარი პრობლემა არ არის. დიდი მნიშვნელობა აქვს მოსავლის ხარისხსა და რაოდენობასაც", - აცხადებს სოსო მანჯავიძე.
ექსპორტის მიმართულებით გააქტიურებას გეგმავს კომპანია "ევრო ფარმი", რომელიც იმერეთში ხილისა და ბოსტნეულის გადამამუშავებელ საწარმოს წარმოადგენს. კომპანიის აღმასრულებელი მენეჯერი ირაკლი მიქაბაძე ამბობს, რომ უცხოურ ბაზრებზე ბოსტნეულის მიმართ დიდი მოთხოვნაა, განსაკუთრებით, მწვანილის მხრივ.
"აბსოლუტურად ყველა დასახელების ბოსტნეულით ინტერესდებიან. ამ ეტაპზე კარგად გადის კიტრი, პომიდორი, მწვანილი და მარწყვი. ყველაზე მეტი მოთხოვნა მწვანილზეა. განსაკუთრებით რუსეთიდან აქტიურობენ, რაც თურქულ პროდუქტზე გამოცხადებულ ემბარგოს უკავშირდება. მოლაპარაკებები გვაქვს იმპორტიორ კომპანიებთან როგორც რუსეთში, ასევე უკრაინასა და ბელორუსიაში. მთავარია, მიწოდება შევძლოთ, სხვა მხრივ პრობლემა არ გვაქვს", - აცხადებს მიქაბაძე.
როგორც აღმოჩნდა, არნახული მოთხოვნაა ჩირზეც, რის გამოც გადამამუშავებელმა საწარმოებმა წელს ასორტიმენტის გაზრდა გადაწყვიტეს და ახალი შეკვეთების მისაღებად სამზადისს შეუდგნენ.
კომპანია "გეო ფლაუერის" დირექტორი მინდია ხურციძე განმარტავს, რომ შარშან ექსპორტზე ორიოდე დასახელების ხილის ჩირი გავიდა, წელს ასორტიმენტი გაამრავალფეროვნეს, შესაბამისად, კომპანიამ წარმოების მასშტაბის ზრდაც დაგეგმა.
"ქართული ჩირი ევროპაში გაგვაქვს, კერძოდ, გერმანიაში, სადაც მოთხოვნა ქართულ პროდუქტზე წლიდან წლამდე მატულობს. მარტო შარშან 200 ტონა ვაშლის ჩირი გავგზავნეთ. ვაწარმოებთ ასევე მსხლის ჩირსაც. წელს დაემატება ასკილის, მოცვის, ქაცვის, ლიმონისა და მანდარინის ჩირი. ხილის პარტიას მთლიანად რაჭა-ლეჩხუმში ვყიდულობთ, ხოლო ციტრუსით გურია გვამარაგებს", - ამბობს ხურციძე.
ევროპაში ქართული პროდუქტის საექსპორტიო შესაძლებლობებზე საუბრობს "კახური ტრადიციული მეღვინეობის" დამფუძნებელი ზურაბ ჩხაიძე. კომპანია ჩოხატაურში ხილ-ბოსტნეულის გადამამუშავებელ საწარმოს ფლობს.
ჩხაიძის ინფორმაციით, ევროპაში, კერძოდ კი ჩეხეთში, ქართული გადამუშავებული პროდუქტის პირველი პარტია ამ ორიოდე თვის წინ გაიგზავნა. პარალელურად მიმდინარეობს მუშაობა რუსეთის ბაზრებზეც, სადაც კომპანიის ნაწარმი "ნენას" სახელწოდებით იქნება წარმოდგენილი.
"ნედლეულს მთლიანად ქართველი გლეხებისგან ვყიდულობთ. წელს წარმოების მნიშვნელოვან ზრდას ვგეგმავთ, ამიტომ ადგილობრივ წარმოებაზე მნიშვნელოვნად ვიქნებით დამოკიდებულნი. აქცენტი გვაქვს ქართულ ხილსა და ბოსტნეულზე, რისი გადამუშავებაც შესაძლებელია. იმპორტულთან შედარებით, ქართულ პროდუქტს აშკარა უპირატესობა აქვს. ამიტომ ქართველი მომხმარებლისთვის პრიორიტეტს სწორედ საქართველოში დამზადებული პროდუქტი უნდა წარმოადგენდეს.
გარდა იმისა, რომ აქცენტი ექსპორტზე გვაქვს, ვცდილობთ, ადგილობრივ ბაზარზეც გავფართოვდეთ და მოსახლეობას ნატურალური პროდუქტი ხელმისაწვდომ ფასში შევთავაზოთ", - აცხადებს ზურაბ ჩხაიძე.
წყალტუბოს რაიონში შპს "ჰერბია" ერთადერთია, რომელიც ქართულ მწვანილს ევროპის ბაზრებზე ყიდის. კომპანიას პდწიფდ პფზ-ის სტანდარტიც აქვს დანერგილი. პროდუქცია ამ ეტაპზე ევროკავშირის ბაზარზე შეზღუდულად - მხოლოდ ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და ბულგარეთში შედის, ისიც - მცირე რაოდენობით. ევროპული მარკეტები დიდი და გარანტირებული მოცულობის სტაბილურ მიწოდებას ითხოვენ, "ჰერბია" კი ამ მოთხოვნას ჯერ ვერ აკმაყოფილებს. კომპანია ჰოლანდიელ პარტნიორებთანაც მართავს მოლაპარაკებებს. საწყის ეტაპზე მაქსიმალური მოცულობა 30 ტონა იქნება.
ტენდენცია იქითკენ მიდის, რომ შეიძლება, ადგილობრივი პროდუქტის დეფიციტი სეზონზევე გაჩნდეს. ყველაზე მტკივნეულად ამ დანაკარგს ქართველი მომხმარებელი იწვნევს. ასე მოხდა შარშანაც, რის გამოც ბაზარზე ადგილობრივი ნაწარმი დეფიციტური აღმოჩნდა.