თიკო ოსმანოვა
12.05.2016

 "ამაში სააჟიოტაჟო არაფერია - ბევრი მოსულა და წასულა, თუმცა, ბუნებრივია, არ არის სასიამოვნო. ასე არ უნდა ვუშვებდეთ ხალხს", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი ომარ ნიშნიანიძე. იგი პარტიიდან ძველი სახეების გაშვებას ეწინააღმდეგება და ამბობს, რომ ბალანსი დაცული უნდა იყოს. მისი თქმით, პარტია ძველი და ახალი სახეებით უნდა დაკომპლექტდეს.

"ქართული ოცნებიდან" პოლიტსაბჭოს წევრ არმაზ ახვლედიანის წასვლასა და მოახლოებულ ყრილობაზე "რეზონანსი" უმრავლესობის დეპუტატ ომარ ნიშნიანიძეს გაესაუბრა.

ომარ ნიშნიანიძე: საინტერესოა, არმაზ ახვლედიანი თავიდან ვინ მოიყვანა და რატომ მოიყვანეს?! თუ მოიყვანეს, რაღას გაუშვეს?! მაინცდამაინც დიდი ფიგურა არ ყოფილა, მაგრამ თუ მოიყვანეს და ამხელა საქმე ჩააბარეს, რატომ გაუშვეს განაწყენებული?!

ვფიქრობ, ამაში სააჟიოტაჟო არაფერია - ბევრი მოსულა და წასულა, თუმცა, ბუნებრივია, არ არის სასიამოვნო. ასე არ უნდა ვუშვებდეთ ხალხს.

"რეზონანსი": არმაზ ახვლედიანის განცხადებით, "ოცნება" საპარლამენტო არჩევნებისთვის მხოლოდ მოჩვენებით ცვლილებებს გეგმავს...

ო.ნ: თუ მოჩვენებითი ცვლილებები იქნება, ძალიან ცუდია, მაგრამ არც ის მგონია კარგი, პარტია ისე გადახალისდეს, რომ "ძველი გვარდიელები", თანამებრძოლეები, რომლებმაც თავიანთი სიცოცხლე, თავის დროზე, საფრთხეში ჩააგდეს, ახლა სახლებში გაუშვან.

კარგი იქნება თუ ბალანსი დაცული იქნება. პარტია უნდა დაკომპლექტდეს ძველი და ახალი სახეებითაც, რომლებსაც არც პროფესიონალიზმი და არც გამოცდილება აკლიათ.

"რ": პარტია არჩევნებზე ისევ ძველი სახეებით უნდა წარსდგეს?

ო.ნ: რატომაც არა. რა დააშავა იმ ხალხმა, რომელმაც თავის დროზე იბრძოლა? აქტიურობა და ცოდნა არ აკლიათ. გამოცდილება შეიძლება ბევრი არ ჰქონდათ, თუმცა დროთა განმავლობაში შეიძინეს. თუ ასე არ მოხდება, ძალიან სამწუხარო იქნება. ბალანსის დაცვა ძველსა და ახალ სახეებს შორის ყოველთვის ყველა პარტია ცდილობს.

"რ": თუმცა, აწ უკვე ყოფილი თანაგუნდელის თქმით, რეტროგრადების გავლენით, ვერც პარტია ვითარდება და ვერც ქვეყნის დემოკრატიულ წინსვლას უწყობს ხელს...

ო.ნ: ახვლედიანს ახლა ხომ მაინც არ ეშინია დაასახელოს რეტროგადები ვინ არიან, ვის გულისხმობს, ვინ აფერხებს პარტიის განვითარებას? კონკრეტული პიროვნებები დაასახელოს.

ასეთი ზოგადი ბრალდებები განაწყენებული კაცის იერს ჰმქნის და არავის უხდება.

თუ რამე სათქმელი აქვს, თქვას ბოლომდე. ახალგაზრდებშიც და ძველ ადამიანებშიც არიან ისეთებიც, რომლებიც ძველებურად აზროვნებენ და საბჭოთა კავშირს მისტირიან. ამიტომ მარტო ასაკს თუ ვგულისხმობთ, მეც არ ვარ ბავშვი, მაგრამ არა მგონია, რუსეთუმე ვიყო და ევრაზიული კავშირისკენ მივიწევდე.

"რ": მან უკვე დაასახელა ზვიად კვაჭანტირაძე და გია ვოლსკი.

ო.ნ: მე მაინც ეს უფრო პირადი უთანხმოება მგონია. ეტყობა, რაღაცაზე მისი აზრი არ გაითვალისწინეს.

"რ": თუმცა არიან პარტიაში ისეთი ადამიანები, რომლებიც, მაგალითად, ანტინატოურ განცხადებებს ხმა მაღლა აკეთებენ...

ო.ნ: ვერ ვიტყვი, რომ ეს ადამიანები ნატოს წინააღმდეგნი გამოდიან. თუ კრიტიკული ვიქნებით, გარკვეული თვალსაზრისით არ არის დიდი ცოდვა. ამით გვინდა, რომ ნატო გააქტიურდეს და გადმოდგას ნაბიჯები ჩვენკენ. ჩრდილოატლანტიკურ ალიანსზე უარს არავინ არ ამბობს. ამას აცხადებენ მხოლოდ კეთილი სურვილებით.

ხელისუფლებამ ძალიან ბევრი რამ გააკეთა იმისათვის, რომ ნატოსთვის მისაღები სტანდარტები დაეკმაყოფილებინა.

"რ": თქვენი აზრით, ასეთი განცხადებებით ზიანი არ მიადგება ქვეყანას?

ო.ნ: არა მგონია. თუ ნატოზე ის ახდენს გავლენას, რომ ვიღაც მეჭიაური ან ნიშნიანიძე, რაღაცებს იბჟუტურებენ, მაშინ აღარ ყოფილა საშველი. კეთილი სურვილები გვამოძრავებს. ვდგამთ ნატოსკენ ნაბიჯებს და ვაკაკუნებთ ღია კარზე. რაც მთავარია, ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმაც შემხვედრი ნაბიჯები უნდა გადმოდგას.

"რ": 14 მაისს "ქართული ოცნების" ყრილობა გაიმართება. რა სიახლეებს შესთავაზებს პარტია საზოგადოებას?

ო.ნ: ჯერ მოსაწვევიც არ მიმიღია. საერთოდ მეძახიან თუ არა, ისეც არ ვიცი, იმედი მაქვს, დამპატიჟებენ პარტიის დამფუძნებელი და მათ შორის ქუთაისის ორგანიზაციის დამფუძნებელი ვარ.

სიურპრიზი ალბათ ის იქნება, რომ ახალი სახეები იქნებიან და პოლიტსაბჭოც გადახალისდება. სიაზე იქნება თუ არა მსჯელობა, არ ვიცი.

"რ": და ახალი სახეები ვინ იქნებიან?

ო.ნ: კონკრეტულად ვინ იქნება, სიმართლე გითხრათ, არ ვიცი. ჩემთვისაც ძალიან საინტერესოა, იმიტომ, რომ ჩვენ არავინ არ გვაცნობს. იმედი მაქვს, ბატონი გიორგი კვირიკაშვილი აქტიურადაა ჩართული ამ საკითხებში. ალბათ დიდ როლს ითამაშებს სიისა და მაჟორატარი კანდიდატების დაკომპლექტებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×