თიკო ოსმანოვა
12.05.2016

 პარტია "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს აწ უკვე ყოფილი წევრის, არმაზ ახვლედიანის განცხადებით, პარტიას არ შესწევს უნარი, რეალური ცვლილებები განახორციელოს და მხოლოდ ფასადურით შემოიფარგლება. მისი თქმით, შაბათს დაგეგმილი ყრილობა სწორედ ამის დემონსტრირებაა. ამბობს, რომ პოლიტიკურ აქტიურობას გააგრძელებს, თუმცა სამომავლო გეგმებზე საუბრისგან ჯერ თავს იკავებს. დასძენს, რომ არცერთ პარტიასთან არ იკვეთება მისი სამომავლო გზები.

"ოცნების" დატოვების მიზეზებსა და სამომავლო გეგმებზე "რეზონანსი" არმაზ ახვლედიანს გაესაუბრა.

"რეზონანსი": თქვენი თქმით, პარტია "ქართული ოცნება" მოჩვენებით ცვლილებებს გეგმავს. რას გულისხმობთ კონკრეტულად?

არმაზ ახვლედიანი: მოჩვენებითობა, ფასადურობა საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება. სამწუხაროდ, "ოცნება" ამ გზით მიდის. მას არ შესწევს უნარი რეალური, არსებითი ცვლილებებისთვის. ვწუხვარ, მაგრამ მორიგი ყრილობა ამის დემონსტრირება იქნება.

"რ": განაცხადეთ, რომ "რეტროგრადების გავლენით, ვერც თავად ვითარდება და ვერც ქვეყნის დემოკრატიულ წინსვლას უწყობს ხელს", ვის გულისხმობთ კონკრეტულად, ახლა მაინც თუ დაასახელებთ?

ა.ა: საკუთარი თავი კარგად ამოიცნო ზოგიერთმა ბატონმა. მე დავასახელე კიდეც და ყოველ ჯერზე მათი სახელებისა და გვარების გამეორების არავითარი სურვილი არ მაქვს. ვფიქრობ, ყველამ ამოიცნო თავი. სწორედ მათზეა პასუხისმგებლობა "ოცნების" ჩიხში შეყვანის გამო.

"რ": თუმცა ზოგიერთ თქვენს აწ უკვე ყოფილ თანაგუნდელს რჩება შთაბეჭდილება, რომ ამ ბრალდებებთან დაკავშირებით რეალური ფაქტები არ გაქვთ და მხოლოდ განაწყენებული კაცის პოზიციიდან საუბრობთ. რას უპასუხებთ მათ?

ა.ა: როცა სხვა არგუმენტი არ გააჩნიათ, მაშინ ასეთი უსუსური განცახდებებით შემოიფარგლებიან. სასაცილოა, სხვა რა გითხრათ?!

"რ": "ოცნების" დატოვებამდე თუ ესაუბრეთ ბიძინა ივანიშვილს ან გიორგი კვირიკაშვილს?

ა.ა: პარტიის ლიდერი არც ბატონი ივანიშვილია და არც კვირიკაშვილი. პარტიას სხვა ლიდერები ჰყავს. მათ ჩემი პოზიციის შესახებ იცოდნენ. არაერთხელ შევთავაზე საუბარი, დისკუსია პოლიტსაბჭოს ფორმატში, მაგრამ არ ისურვეს. გასაგებია, მათ არ სურთ სიმართლის მოსმენა.

"რ": კონკრეტულად ვის ესაუბრეთ, აღმასრულებელ მდივან ირაკლი კობახიძეს?

ა.ა: კობახიძესთან არაფერი მქონდა სასაუბრო. ის არ არის პოლიტსაბჭოს წევრი, თუმცა მისი ჩართულობა ძალიან დამაზიანებელია პარტიისთვის.

"რ": პარტია უკვე დატოვეთ. ახლა რას აპირებთ?

ა.ა: სამომავლო გეგმებზე მოგვიანებით ვისაუბრებ.

"რ": აპირებთ თუ არა რომელიმე პარტიასთან თანამშრომლობას?

ა.ა: როგორც გითხარით, მოგვიანებით გაგაცნობთ კონკრეტულ მოსაზრებებს სამომავლო საქმიანობასთან დაკავშირებით.

"რ": აპირებთ თუ არა გააქტიურებას წინასაარჩევნოდ?

ა.ა: დიახ. თანამშომლობა დემოკრატიის სასარგებლოდ ალბათ ყველასთან შეიძლება, თუმცა ჩემი სამომავლო გზა არც ერთ პარტიასთან არ იკვეთება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×