პაატა ბურჭულაძის პოლიტიკაში წასვლასთან დაკავშირებით პოლიტოლოგ სოსო ცინცაძეს უამრავი კითხვა აქვს. ამბობს, რომ ჯერ ყველაფერი ძალიან ბუნდოვანია, რადგან არც მისი საარჩევნო პროგრამაა ცნობილი, არც გუნდი, არც რესურსი და არც დაპირებები.
დასძენს, რომ 2012 წლის ანალოგიურ პერიოდში საზოგადოებამ ივანიშვილზე მეტი იცოდა - მისი იდეოლოგიაც ცნობილი იყო, კოალიციის შემადგენლობაც და დაპირებებიც, რამაც გადამწყვეტი როლი ითამაშა.
სოსო ცინცაძე: ნეოფიტი დიდ პოლიტიკაში ჩემში ყოველთვის ეჭვსა და უნდობლობას იწვევს. განსაკუთრებით - ივანიშვილის ექსპერიმენტის შემდეგ. ქართულ პოლიტიკაში ზედიზედ ორი ნეოფიტი პირველობის ამბიციით, ნამეტანია. ბურჭულაძეც ხომ პირველობის ამბიციით მოდის. მით უმეტეს, ზოგიერთი გამოკითხვა ამბობს, რომ ის ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსია.
საუკუნეების განმავლობაში დამტკიცებული ჭეშმარიტებაა, რომ როცა პოლიტიკაში სულ სხვა პროფესიის მქონე ადამიანი მოდის, მაგალითად სპორტსმენი ან ხელოვანი, მაშინ გადამწყვეტ როლს უახლოესი გარემოცვა ასრულებს.
ივანიშვილის გარემოცვის შესახებ ვიცოდით. მან ასე თუ ისე რაღაც კოალიცია შეკრა, რომელშიც არაერთი პარტია გააერთიანა. ბურჭულაძეს კი გვერდით უმეტესად საზოგადოებისათვის უცნობი ადამიანები ჰყავს. ჯერ არც მისი პროგრამაა ცნობილი. ივანიშვილის პროგრამა კი, ყოველ შემთხვევაში დაპირებები, თავიდანვე ცნობილი იყო, რამაც გადამწყვეტი როლი შეასრულა.
"რეზონანსი": თქვენი აზრით, ხალხი ბურჭულაძისგან რას ელის?
სოსო ცინცაძე: ეს ჯერ გაურკვეველია. არ მგონია, ხალხი ბურჭულაძისგან ტარიფების განახევრებას, ბენზინის გაიაფებას, იაფ კრედიტებსა და დაბალ პროცენტებს ელოდეს.
"რ": რა შეიძლება მან ხალხს მისცეს?
ს.ც: იგივე - "ძირს ივანიშვილის ხელისუფლება". რითი იქნება ეს გამაგრებული, როგორია იდეოლოგიური პლატფორმა, როგორია მისი შეხედულებები გადასახადებზე, რა გზით აპირებს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, როგორია მისი საგარეო პოლიტიკური ვექტორი - უცნობია. პაატა ბურჭულაძეზე, გარდა იმისა, რომ მსოფლიო დონის ხელოვანია, არაფერი ვიცით.
2012 წლის ივნისისათვის საზოგადოებამ ივანიშვილის შესახებ მეტი იცოდა. იცოდა, რომ პოლიტიკაში თავისი რესურსით პლანეტის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი მოდიოდა. ჩვენს, რბილად რომ ვთქვათ, დამყოლ აუდიტორიას კი მეტის ცოდნა არ სჭირდებოდა.
ბურჭულაძესთან კი ძალიან ბევრი კითხვაა. იმედი მაქვს, მას შეგნებული აქვს იმ ტვირთის სიმძიმე, რომელიც მხრებზე უკვე წამოიკიდა. სანამ მისი პროგრამა და გამარჯვების მიღწევის გზები არ გახდება ცნობილი, მეტის თქმა რთულია.
"რ": თქვენი აზრით, რა მოლოდინი აქვს?
ს.ც: ივანიშვილის შემთხვევაში თავიდანვე ცნობილი იყო ყველაფერი, რადგან ამბობდა, რომ მას არჩევნებში 60 პროცენტის მიღება უნდოდა, რათა მთავრობა შეედგინა, პრემიერი გამხდარიყო და წყობა შეეცვალა. თუ პაატა ბურჭულაძის პროგრამა მაქსიმუმი ისაა, რომ თავისი 5-6 მომხრე პარლამენტში გაიყვანოს, ეს არაფერს ნიშნავს.
არც მისი რესურსია ცნობილი. არ ვიცით, რა რესურსით მოდის გარდა იმისა, რომ თავად ძალზე დადებითი პიროვნებაა და პატივისცემითა და სიყვარულით სარგებლობს. ყოველ შემთხვევში, სანამ პოლიტიკაში მოვიდოდა.
პოლიტიკაში მოსვლამდე ივანიშვილიც უდიდესი პატვისცემით სარგებლობდა და მისი სახელი დიდების შარავანდელით იყო მოსილი, მაგრამ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამ შარავანდედის გასაფერმკრთალებლად 6 თვეც საკმარისი გახდა. ბურჭულაძის შემთხვევაში რა იქნება, ვერ გეტყვით, ძალიან ბევრი კითხვაა.
გარდა ამისა, ძალიან მაინტერესებს - პაატა ბურჭულაძე სცენას თავს ანებებს? მოვა და პარლამენტში იჯდება დღეში 9 საათი, რომ ამათი სისულელეები ისმინოს? ამისთვის სცალია?
"რ": ვის წაართმევს არჩევნებში ხმებს ბურჭულაძის პარტია? ვის ელექტორატზე იმუშავებს?
ს.ც: ძნელი სათქმელია, რადგან პროგრამა არ ვიცით. რომელი პარტიის პროგრამასთანაც იქნება ახლო მისი პროგრამა, ალბათ იმას. მერე უკვე იმაზე იქნება ყველაფერი დამოკიდებული, პაატა უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობს თუ იმ პარტიის ლიდერი.
როცა ორ პარტიას ერთნაირი პროგრამები აქვს, მაშინ გადამწყვეტი ლიდერების პირადი ქარიზმა და სიმპათია ხდება. პაატა ამით ბევრს მოუგებს, რადგან სულ ქველმოქმედებითა და სიკეთითაა დაკავებული.