ელზა პაპოშვილი
13.05.2016

მსოფლიო ბანმა პაატა ბურჭულაძემ გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე ოფიციალურად განაცხადა, რომ ის პოლიტიკაში წავიდა და შექმნა ახალი პოლიტიკური მოძრაობა "სახელმწიფო ხალხისთვის".

მისი თქმით, მთელი 25 წლის განმავლობაში ყველა ხელისუფლების გვერდით იდგა და ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში პირდაპირ თუ არა ირიბად ყოველთვის ჩართული იყო - ეს იქნებოდა გამსახურდია, შევარდნაძე, სააკაშვილი თუ ივანიშვილი.

"მე ვიყავი ყველას გვერდით, რადგან ახალი იქმნებოდა, თუმცა დღეს მე ვერ ვხედავ ისეთ ადამიანს, ვის გვერდითაც შეიძლება დადგომა. ეს ქვეყანა ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. არა იმიტომ, რომ მე ვარ ძალიან კარგი პოლიტიკოსი ან პიროვნება, არამედ იმიტომ, რომ ქვეყანა არის ძალიან ცუდ მდგომარეობაში, იძულებული ვიყავი, მიმეტოვებინა კარიერა, ტკბილი და კარგი ცხოვრება და ჩავდგომოდი პოლიტიკურ ძალას სათავეში," - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

შეძლებს თუ არა პაატა ბურჭულაძე, რომ მნიშვნელოვან პოლიტიკურ ფიგურად დამკვიდრდეს? ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებს მიმართა.

 დოდო ხურცილავა  თეატრმცოდნე): მე ვფიქრობ, რომ ის საზოგადოებაში ნამდვილად სერიოზულ პოლიტიკურ ფიგურად ჩამოყალიბდება. მას აქვს ისეთი განსაკუთრებული პიროვნული თვისებები, რომლითაც საზოგადოებას ნამდვილად მოხიბლავს.

ეს კვლევებითაც დადგინდა - მას მოსახლეობის დიდი ნაწილი პოზიტიურ პიროვნებად განიხილავს. აქვს ისეთი ქარიზმატულობა, რომელიც პოლიტიკოსს აუცილებლად უნდა ჰქონდეს. შესაძლებელია, მან პირველივე ეტაპზე წარმატებას მიაღწიოს.

 იური მეჩითოვი  (ფოტოხელოვანი): მე ვფიქრობ, რომ პაატა ბურჭულაძე სერიოზულ პოლიტიკურ ფიგურად ვერ ჩამოყალიბდება. ის არის ახალი პროექტი, რომელსაც მომავალ არჩევნებზე საზოგადოებას შესთავაზებენ. ის წინასწარ უკვე შეამზადეს.

ჩემი აზრით, შექმნეს სპეციალური ალტერნატიული პარტია, რომელმაც ამომრჩევლის გარკვეული ხმები უნდა გადაინაწილოს. ეს სპეციალურად ხდება იმისთვის, რომ ამომრჩეველი, რომელიც ვერ გარკვეულა, ხმა ვის მისცეს, იფიქრებს, რომ ახალი ძალა გამოჩნდა და ხმას ბურჭულაძეს მისცემს. ეს მხოლოდ კარგად დაგეგმილი თამაში მგონია.

 ვახტანგ ძაბირაძე  (კონსტიტუციონალისტი): პირველ რიგში მინდა პაატა ბურჭულაძეს პოლიტიკურ საქმიანობაში წარმატება ვუსურვო. მიუხედავად იმისა, რომ ამ კითხვაზე პირდაპირ პასუხის გაცემა საკამოდ რთულია, მაინც მგონია, რომ მას აქვს შანსი, შედგეს სერიოზულ და წარმატებულ პოლიტიკურ ფიგურად.

მოახერხებს თუ არა ამას, ეს უკვე მასზეა დამოკიდებული. ბურჭულაძეს საზოგადოებაში საკმაოდ პოზიტიური მხარდაჭერა გააჩნია და ამას თუ კარგად გამოიყენებს, გარკვეული წარმატების მიღწევას შეძლებს. მთავარია, საზოგადოება დაარწმუნოს, რომ ის იმ პრობლემების მოგვარებას შეძლებს, რომლებიც ამ ხელისუფლების პირობებში ვერ მოხერხდა.

 გია მურღულია (ფილოლოგი): საქართველოში თეორიულად ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ პრაქტიკულად ბურჭულაძე შეძლებს თუ არა, რომ სერიოზული და მთავარი პოლიტიკური ფიგურა გახდეს, ცოტა რთული ამბავი მგონია. არ მგონია, რომ ბურჭულაძემ ჩვენს საზოგადოებაში ასე სწრაფად ამხელა პოლიტიკური სიმპათიები დაიმსახუროს. არჩევნებამდე ნახევარი წელი ძალიან ცოტაა იმისთვის, რომ გამოუცდელი ადამიანი უცბად სერიოზულ პოლიტიკურ ფიგურად ჩამოყალიბდეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×