თავდაცვის ექსმინისტრი დავით კეზერაშვილი იარაღით ვაჭრობის გამო ისრაელის კორუფციულ სკანდალში ეხვევა. საუბარია ათეული მილიონი დოლარის ღირებულების კონტრაქტის დადებისას კორუფციულ გარიგებაზე, ე.წ. ატკატებზე და გამორიცხული არ არის, ექსმინისტრის წინააღმდეგ საქართველოს პროკურატურის ორ ბრალდებას კიდევ ერთი დაემატოს და ისრაელის ფაქტორის გამო, ამ შემთხვევაში მაინც, გახდეს შესაძლებელი მისი ექსტრადირება.
აღსანიშნავია ის, რომ ბოლო ერთ თვეში კეზერაშვილის სახელი საერთაშორისო სკანდალში უკვე მეორედ გაჟღერდა. ე.წ. პანამის დოკუმენტების მიხედვით გაირკვა, რომ მინისტრობიდან წასვლის შემდეგ მან ოფშორში 3 კომპანია დაარეგისტრირა და როგორც 11 აპრილს შვეიცარულმა გამოცემამ ეკშიგტუ ვუ პუტუმუ-მ დაწერა, 2006 წელს, როდესაც მან თავდაცვის მინისტრის თანამდებობა დაიკავა, მხოლოდ ერთ ბინას ფლობდა, ხოლო 2008 წლის დეკემბერს, "რუსეთთან კატასტროფული ომის მერე" გადადგა და "მალევე ოლიგარქი გახდა".
ექსპერტების თქმით, თუნდაც ეს საიდუმლო გამდიდრება აჩენს ეჭვს ფულს წარმომავლობაზე. გარდა ამისა, კეზერაშვილის დროს თავდაცვის სამინისტროში იარაღის შეძენის კუთხით საეჭვო გარიგებები ხდებოდა.
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი კი იმასაც აცხადებს, რომ "კეზერაშვილის მინისტრობისას თავდაცვის უწყებაში ვერ იძებნება 1,5 მილიარდამდე ლარი, რომელიც თავდაცვის სამინისტრომ სხვადასხვა მიმართულებით სამხედრო ტექნიკის შესაძენად გადაიხადა."
ამჯერად კი საქმე ეხება იმას, რომ ისრაელში ასამხედრო კონტრაქტებთან დაკავშირებით გახმაურებულ კორუფციულ საქმეს იძიებენ, რომელშიც საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ფიგურირებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ისრაელის წამყვანმა გამოცემა "ჰაარეცმა" გაავრცელა.ისრაელში ყოფილი გენერალი გალ ჰირში დაკითხეს, რომელსაც, სხვა ბრალდებებთან ერთად, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილისთვის ქრთამის მიცემა ედება ბრალად.
ჰირში ისრაელის არმიის ბრიგადის გენერალი იყო, სანამ თავის კერძო უსაფრთხოების საკონსულტაციო კომპანიას გახსნიდა სახელად ვუაუტთშმუ თრშუდვ ("დამცავი ფარი"). ის და კომპანიის კიდევ ოთხი უფროსი წარმომადგენელი საქართველოში განხორციელებული გარიგებების გამო რამდენიმე საათის განმავლობაში იკითხებოდნენ. გამოძიება მიმდინარეობს მექრთამეობის, დამამძიმებელ გარემოებებში თაღლითობის, ფულის გათეთრებისა და გადასახადებიდან თავის აცილების კუთხით.
2015 წლის სექტემბერში ჰირშმა ისრაელის პოლიციის უფროსის პოსტიდან თავისი კანდიდატურა მოხსნა იმ სკანდალის გამო, რომელშიც, სხვა თემებთან ერთად, დავით კეზერაშვილი და საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ფიგურირებდა.
ისრაელის პოლიციას აქვს ეჭვი, რომ ვუაუტთშმუ თრშუდვ-მა თაღლითობისა და ქრთამის საშუალებით მოიპოვა ათობით მილიონი დოლარის ღირებულების კონტრაქტები საქართველოსთან. ხოლო პირი, რომელსაც სავარაუდოდ ქრთამი მისცეს, არის დავით კეზერაშვილი. პოლიციის ვერსიით, ქრთამის გადაცემა კეზერაშვილის მეგობრის საშუალებით ხორციელდებოდა, რომელიც ჰირშს იცნობს. ასევე, პოლიციას აქვს ეჭვი, რომ ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში კომპანიის ხელმძღვანელებმა მიიღეს იმაზე მეტი თანხა, ვიდრე მათ ეკუთვნოდათ.
ცნობისათვის, კეზერაშვილის ექსტრადირებაზე საქართველოს 2-ჯერ უთხრეს უარი, 2014 წელს საფრანგეთმა და წელს, აპრილში ბრიტანეთმა. ორივე შემთხვევაში მიზეზად პოლიტიკური დევნის ნიშნები დასახელდა. დღეს კეზერაშვილი ინტერპოლით ძებნილთა სიაშიც არ არის.
უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტ ვახტანგ მაისაიას განცხადებით, ეს საქმე საქართველომ უნდა გამოიძიოს და ამ საქმის დაწყება პროკურატურას ხელს შეუწყობს იმაშიც, რომ პოლიტიკური მოტივები გამოირიცხება და უცხოეთში მისი დაკავების შესაძლებლობა და საქართველოში ექსტრადირება უფრო გაიოლდება.
მისი თქმით, თუ გამოძიებას თბილისი არ დაიწყებს, ეს ჩვენი პროკურატურის მიმართ სერიოზულ უნდობლობას გააჩენს.
მაისაიას თქმით, იმაზე, რომ საქართველო იარაღის უკანონო ვაჭრობის ბუდედ იყო გადაქცეული, საერთშორისო ორგანიზაციებიდან არაერთხელ გასმულა ხაზი. ბოლო ასეთი დასკვნა 2012 წელს, "ამნესტი ინტერნეიშენლმა" დადო.
თავდაცვის მინისტრის მრჩეველ გიორგი თავდგირიძის თქმით, საუბარია ე.წ. "ატკატის" მექანიზმზე, როდესაც სახელმწიფო უწყება ძალიან კონკურენტულ ბაზარზე ერთ ფირმას დაუსაბუთებლად ანიჭებდა უპირატესობას და ამ გარიგებაში საქართველოს მაშინდელი თავდაცვის მინისტრი იყო ჩართული.
"ჩანს, რომ საქმე ეხებოდა ან კორუფციულ გარიგებას, ან სახელმწიფო ქონების გაფლანგვას. ხოლო მინისტრის ბრალეულობა რამდენად იყო, სწორედ ამის გამო გამოძიება საქართველოში აუცილებლად უნდა დაიწყოს," - აღნიშნავს თავდგირიძე.
რამდენად ხშირად ფორმდებოდა აღნიშნულ ფირმასთან კონტრაქტები, რა სახის და მოცულობის, ამაზე თავდგირიძე არ საუბრობს. ამბობს, რომ საიდუმლო ინფორმაციაა.
ზოგადად კი, ღია წყაროებზე დაყრდნობით ამბობს, რომ 2007-2008 წლებში საქართველოს ძირითადი სამხედრო პარტნიორი ისრაელი და უკრაინა იყო და ისრაელთან და კეზერაშვილთან დაკავშირებით რამდენიმე სკანდალსაც ჰქონდა ადგილი. ერთი ის, რომ 2011 წელს ისრაელის კომპანია "ელბიტ სისტემზი" ლონდონის უმაღლეს სასამართლოში საქართველოს 40 უპილოტო თვითმფრინავის მიყიდვისას თანხის ნაწილის გადაუხდელობას, 100 მილიონ დოლარს ედავებოდა. ცნობისათვის, იმ დროს მოხდა 2 ებრაელი ბიზნესმენის, ზეევ ფრენკელისა და რონი ფუქსის დაპატიმრებაც ქართველი მაღალჩინოსნისთვის ქრთამის შეთავაზების ბრალდებით და ეს დაკავებაც ბევრმა სწორედ 100-მილიონიან დავას დაუკავშირა. ამ დაკავებამ მაშინ საქართველო-ისრაელს შორის ურთიერთობები ცოტათი დაძაბა კიდეც.
"ხარვეზი არის ან იარაღის, ან მომსახურების ხარისხში. ამ ბოლო შემთხვევაში სავარაუდოდ საუბარია მომსახურებაზე, რომელიც სრულყოფილად არ ხორციელდებოდა. როგორც წესი, ამგვარი "ატკატებისას" სახელმწიფო უწყების ჩინოვნიკი ვალდებულებას იღებს, თვალი დახუჭოს ხარვეზზე, ხარისხზე, მოცულობაზე, სამაგიეროდ ის შავი ფულის სახით იღებს გარკვეულ დივიდენდს," - აცხადებს თავდგირიძე.
ისრაელთან დაკავშირებულ სამხედრო თანამშრომლობისას იყო კიდევ მეორე სკანდალი. 2012 წელს "ვიკილიქსმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ 2008 წელს ისრაელმა რუსეთს საქართველოსთვის მიყიდული უპილოტო თვითმფრინავების კოდი საიდუმლოდ მიაწოდა, რის გამოც რუსეთმა ომში რამდენიმე უპილოტოს ჩამოგდება მოახერხა. მაშინ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმაც გააკეთა ამაზე განცხადება. ითქვა ის, რომ კომპანიასთან ხელშეკრულება გაუქმდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველო 2008 წლის ომამდე ისრაელთან თავდაცვის სფეროში აქტიურად თანამშრომლობდა.
"ისრაელი ჩვენ ძალიან დაგვეხმარა. ისრაელიდან ვიყიდეთ უპილოტო თვითმფრინავები, მოდერნიზებული ტანკები, მათ შორის - ღამის საშუალებები," - აცხადებს მაისაია.