სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური გუშინ საქართველოს პარლამენტში იმყოფებოდა. სუს-ის უფროსს დეპუტატებისთვის უწყების საქმიანობის ანგარიში უნდა წარედგინა. იქიდან გამომდინარე, რომ დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა - საკონსტიტუციო სასამართლოს - საკითხის განხილვა სესიის დასრულებამდე გაგრძელდა, სუს-ის ანგარიშის მოსმენა, რომელიც მეორე საკითხად იყო ჩანიშნული, ვერ გაიმართა.
ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებთან რამდენიმე საკითხზე კომენტარი გააკეთა:
"დღეს ერთ-ერთ მთავარ კანონს განიხილავდნენ და არ ეგონათ, რომ ამ დრომდე გაიწელებოდა. ხვალ კიდევ გრძელდება ამ კანონის განხილვა, სამწუხაროდ. პატივს ვცემ პარლამენტს, კანონებს, მაგრამ ერთხელ ვიყავი ჩამოსული, ახლა მეორედ მომიწია ჩამოსვლა, რათა იყო ათასი მითქმა-მოთქმა, არ მოვიდა, არ დაესწროო. ძალიან დატვირთული გრაფიკი მაქვს, გუშინწინ ჩამოვედი ამერიკიდან, ძალიან წარმატებული ვიზიტი მქონდა, იყო ძალიან კარგი შეფასებები ჩვენი კოლეგა-სტრუქტურების პირველი პირებისგან. მინდოდა ესეც გამეჟღერებინა ამ ტრიბუნიდან, რომ ყველას გაეგო, თუ რას ვაკეთებთ, რა მიმართულებით ვმუშაობთ. სამწუხაროდ, ვერ შედგა დღეს ჩემი პარლამენტში გამოსვლა და ანგარიშის მოხსენება. ხვალ ნამდვილად ვერ მოვახერხებ, შეხვედრები დაგეგმილია, სტუმრები გვყავს, უცხოელები ჩამოდიან, შევეცდები, რომ ჩამოვიდე უახლოეს დროში. მოდით, პოლიტიკურ შეფასებას არ გავაკეთებ, ხალხმა თვითონ გადაწყვიტოს, სპეციალურად ჩაშალეს თუ არა," - განაცხადა გომელაურმა.
პირადი ცხოვრების შემცველი კადრების გავრცელებასთან დაკავშირებულ გამოძიებაზე კი თქვა, რომ კომენტარს არ გააკეთებს, რადგან ამ საქმეს პროკურატურა იძიებს.
"თუ იქნება საჭირო, პროკურატურა გააკეთებს ამაზე განცხადებას. პროკურატურა იძიებს, ჩვენ ტექნიკურად ვეხმარებით - ოპერატიულ გადაფარვას ვაკეთებთ."
კითხვაზე, მიმდინარეობს თუ არა ფარული მიყურადება, ამბობს, რომ ამ ხელისუფლების დროს ასეთი რამ არ ხდება.
"მე ხშირად მესმის, თითქოს არის ფარული მიყურადება, თვალთვალი, თუმცა თუ არის ასეთი ერთი ფაქტი მაინც, ჯერ პროკურატურაში მიიტანონ და ჩვენ მზად ვართ, პასუხი ვაგოთ ამ ყველაფერზე და თუ დასასჯელი იქნება ვინმე, ის დაისჯება. ეს არაერთხელ მომხდარა, ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს."
რაც შეეხება ოდეერების საკითხს, ამბობს, რომ კანონის საფუძველზე შერჩეულია 25 უწყება, სადაც ეს სტრუქტურა უნდა იყოს. მათგან 13 ოდეერი დანიშნულია, 12-ში ჯერ არა. მისივე თქმით, ამ უწყებებს შორის უნივერსიტეტი არ არის.
"უნივერსიტეტებში არანაირი ოდეერები არ არსებობს. ოდეერები იყვნენ, სანამ სუს-ი შსს-სგან გამოიყოფოდა. რა თქმა უნდა, ეს იყო ოფიციალური და კანონის ფარგლებში, თუმცა ამ კანონის მიღებიდან ოდეერების სამსახური ავტომატურად გაუქმდა. მოხდა 25 სუბიექტის შერჩევა, ჩვენი რეკომენდაციით, ეს პარლამენტმა დაამტკიცა. ამ თემაზეც მინდოდა საუბარი პარლამენტის ტრიბუნიდან, 25 სუბიექტიდან ჯერ 13 სუბიექტშია დანიშნული ჩვენი ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების ოფიცერი, 12-ში ჯერ კიდევ არა. ამიტომ, ეს არ წყდება ერთპიროვნულად, ადრე წყდებოდა მინისტრის ბრძანებით, ახლა ჩემი ბრძანებით არ წყდება, თუ ორმხრივი მოლაპარაკება არ არის და ორმხრივი თანხმობა არ იქნება ჩვენი სამსახურის და იმ სუბიექტის - ეს იქნება სამინისტრო ან რომელიმე სტრუქტურა. აქედან გამომდინარე, ჯერ ასეა, 25 სუბიექტზეა პარლამენტისგან დამტკიცებული. არის ბევრი საუბარი, მინდა აღვნიშნო, თუ პარლამენტი მიიღებს კანონს და გააუქმებს (ამ სტრუქტურას), ჩვენ შევასრულებთ - ცუდი იქნება თუ კარგი. შეიძლება ჩვენ ყველაფერი არ მოგვწონდეს, თუმცა კანონი კანონია."