მიხეილ გიორგაძე "ევროვიზიაზე" უკრაინელ მონაწილეს საქართველოსგან მაქსიმალურ ქულას დაჰპირდა?
ნინო ქეთელაური
14.05.2016

 საქართველოს კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ცნობილი რუსი პრანკერების ბადეში გაება. ცნობისათვის, პრანკერი სატელეფონო ხულიგანია, რომელიც ამა თუ იმ ცნობილ ადამიანს ტელეფონით აშაყირებს და შემდეგ ამ ამბავს ასაჯაროებს.

ამჯერად რუსმა პრანკერმა მიხეილ გიორგაძესთან საუბრისას თავი უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მრჩევლად გაასაღა და მას წლევანდელ "ევროვიზიაზე" უკრაინის სახელით გამოსული მომღერლის - ჯამალას დახმარება სთხოვა. გიორგაძე მას დახმარებას დაჰპირდა და პირობა მისცა, რომ უკრაინელი კონკურსანტი "ევროვიზიაზე" საქართველოსგან ქულების მაქსიმალურ რაოდენობას მიიღებდა.

ცნობას ამ სატელეფონო ხუმრობის შესახებ რუსული მედია ავრცელებს. საქართველოს კულტურის სამინისტროში კი ასეთი საუბრის ფაქტს არც უარყოფენ და არც ადასტურებენ.

ცნობისათვის, "ევროვიზია 2016"-ის ფინალი, სადაც 10 ფინალისტს შორის საქართველოს მონაწილეები ნიკა კოჩაროვი და ჯგუფი "იანგ ჯორჯიან ლოლიტას" მოხვდნენ, დღეს გაიმართება.

რუსული მედიის ცნობით, ცნობილმა რუსმა პრანკერებმა ლექსუსმა და ვოვანმა მიხეილ გიორგაძესთან ერთად მოლდოვის კულტურის მინისტრიც გააშაყირეს და მისგანაც მიიღეს დაპირება, რომ უკრაინელი მონაწილე მოლდოვასაგან ქულათა მაქსიმუმს მიიღებს.

ამას გარდა, რუსმა პრანკერებმა "ევროვიზიის" თავად უკრაინელი მონაწილე ჯამალაც გააშაყირეს. მას ასევე პოროშენკოს სახელით დაურეკეს, უთხრეს, რომ მისი საკონკურსო სიმღერის ტექსტი მეტად ბუნდოვანი იყო და სთხოვეს სიმღერის შინაარსი დეტალურად აეხსნა. ჯამალამ ეს თხოვნა შეასრულა.

"რეზონანსი" საქართველოს კულტურის სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც მინისტრ გიორგაძისა და "უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველს" შორის სატელეფონო საუბრის ფაქტს ვერც ადასტურებენ და ვერც უარყოფენ. როგორც სამინისტროში ამბობენ, მინისტრი შეხვედრებზეა, რის გამოც ამ ფაქტის გადამოწმებას ვერ ახერხებენ.

"ევროვიზიის" ყოფილი მონაწლე, მომღერალი ანრი ჯოხაძე "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ კონკურსისა სპეციფიკა ყველამ იცის, თუმცა, მიუხედავად ამისა, მონაწილეობის სურვილი ყველა მომღერალს აქვს.

"კონკრეტულად როგორ წყდება ქულების საკითხი, ვერ გეტყვით, მაგრამ ქვეყნებს შორის კეთილგანწყობა რომ მნიშვნელოვანია, ეს ყველამ ვიცით. განსაკუთრებით მეზობელ ქვეყნებს შორის, რაც მაღალი ქულებით გამოიხატება. ეს ასე იყო ყოველთვის.

"ვერ ვიტყოდი, რომ წინასწარ კონკრეტული რაიმე შეთანხმება ხდება-მეთქი, მაგრამ სომხეთი ჩვენ რომ გვაძლევს უმაღლეს 12 ქულას და ჩვენც მაღალი შეფასებით ვპასუხობთ, ეს ხომ ყველამ იცის და ამას რა შეთანხმება სჭირდება?! სამეზობლო ინაწილებს მაღალ ქულებს და ამას არც პოლიტიკა სჭირდება, არც რეკვა. ეს ასე დამკვიდრდა და ამ ფესტივალის რაღაცნაირი ტრადიციაა.

"ეს კონკურსი მე მაინც ძალიან მომწონს იმიტომ, რომ ძალიან მასშტაბური კონკურსია და ყველას უნდა მონაწილეობის მიღება", - ამბობს მომღერალი.

საქართველოს კულტურის პალატის თავმჯდომარე დათო ოქიტაშვილი "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ "ევროვიზიის" მიმართ ძალიან კრიტიკული დამოკიდებულება აქვს და შესაბამისად, არც ის გაუკვირდება, თუ ქულების მინიჭების საკითხი სატელეფონო ზარებით გვარდება.

"ამ კონკურსის მიმართ მე ჩემი დამოკიდებულება მაქვს და არ ვაღიარებ, როგორც კონკურსს. იმიტომ, რომ პოლიტიკასთან არის დაკავშირებული. ამ კონკურსზე რამდენიც უნდა ვისაუბროთ, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და ამის მიხედვით იწერება ქულები.

"არც ის არის გამორიცხული, რომ სატელეფონო ზარებით ხდებოდეს ქვეყნებს შორის ქულების შეთანხმება. ნამდვილად ვიცი ის, რომ რამდენიმე ქვეყანამ მილიონები ჩადო, რათა შემდეგ "ევროვიზია" მათ ქვეყანაში ჩატარებულიყო. ამ ქვეყნებს ვერ დავასახელებ იქიდან გამომდინარე, რომ ეს ძალიან დიდ სკანდალს გამოიწვევს. შოუბიზნესში არის რაღაც, რაც ხმამაღლა არ უნდა ილაპარაკო", - ამბობს დათო ოქიტაშვილი, რომელიც კონკურსისთვის პოლიტიზირებულის სტატუსის მოსახსნელად, ერთადერთ გამოსავალს ხედავს.

"მე მიხარია, რომ საქართველოს წარმომადგენელი ნიკა კოჩაროვი და ჯგუფი "იანგ ჯორჯიან ლოლიტას" ფინალში არიან და იმედი მაქვს, რომ ის ქვეყნები რომელთანაც ჩვენ მეგობრული ურთოერთობა გვაქვს, მაღალ ქულებს დაგვიწერენ. შარშანდელ კონკურსზე ისეთმა ქვეყნებმა დაგვიწერეს დაბალი შეფასება, გაოცებული დავრჩი. აღარ მინდა მეტად დაწვრილმანება.

"გამოსვალი ერთია - კონკურსს უნდა დაუბრუნდეს ძველი ფორმატი. მე ყოველთვის წინააღმდეგი ვარ "ეს-ემ-ეს" კონკურსის გზით ჩატარებული ფესტივალების. ეს იწვევს ათას კითხვას და ეჭვს.

"რამდენიმე წლის წინ ამ კონკურსს ჰქონდა ძალიან კარგი შეფასების კრიტერიუმი. ჟიურის წევრები მსოფლიოს წინაშე პირდაპირ ისხდნენ და ისე იღებდნენ გადაწყვეტილებებს. მთელი მსოფლიოს დასანახად უნდა მიმდინარეობდეს ეს პროცესი და არა ერთმენეთის ოთახებში, ან ერთმანენათან ჩუმად განხორციელებული ზარებით და ქულების შეთანხმებით. ეს არის უსამართლობა. სახალხოდ უნდა აწიონ ქულები და ისე გამოვლინდეს გამარჯვებული", - აცხადებს დათო ოქიტაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×