დღეს სპორტის სასახლეში "ქართული ოცნების" პარტიის მეოთხე ყრილობა გაიმართება, სადაც პარტიის განახლებული პოლიტიკური საბჭო აირჩევა. "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის თქმით, ყრილობაზე სხვა სტუმრებთან ერთად, მიწვეულნი არიან ყოფილი პრემიერ-მინისტრები - ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილიც.
"პირველ რიგში, ავირჩევთ პარტიის თავმჯდომარეს და გიორგი კვირიკაშვილი ოფიციალურად შეუდგება პარტიის ლიდერის ფუნქციის შესრულებას", - ამის შესახებ ჟურნალისტებს ირაკლი კობახიძემ განუცხადა, რომელიც გუშინ სპორტის სასახლეში საორგანიზაციო სამუშაოების დასათვალიერებლად მივიდა.
მისივე თქმით, გადაწყვეტილებას პარტიის წევრები მიიღებენ.
"გარდა ამისა, ხვალ აირჩევა პარტიის პოლიტიკური საბჭო, რომელიც განახლებული სახით ჩამოყალიბდება. გვექნება სიახლეეები. დარჩებიან ძველი წევრები და გვეყოლება ახალი სახეები," - განაცხადა კობახიძემ.
მან ჟურნალისტებთან არ დაასახელა პარტიული სიის წევრების ვინაობა და განაცხადა, რომ ეს სიურპრიზი იქნება. პარტია კი სრული შემადგენლობით იქნება წარდგენილი.
რა სიახლეებს ელოდებით "ოცნების" ყრილობიდან? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.
ჯემალ ჭკუასელი (ანსამბლ "ერისიონის" სამხატვრო ხელმძღვანელი):"ამ ყრილობაზე თვითონაც ვარ მიწვეული და იმედი მაქვს, რომ ბევრ სიახლეს გავიგებ. დიდად პოლიტიკაში არ ვარ ჩართული, თუმცა, რა თქმა უნდა, არიან ადამიანები, ვისაც დიდ პატივს ვცემ და ვისურვებდი, რომ მომავალ არჩევნებში ვიხილო. ერთი, რაზეც გული მწყდება და მინდა ყურადღება გავამახვილო, ეს "ქართული ოცნების" მიერ გაკეთებული ბევრი კარგი საქმეა, რის შესახებაც, ჩემი აზრით, საზოგადოებას ინფორმაციას ბოლომდე ვერ აწვდიან. "მსურს მომავალში "ქართული ოცნების" შემადგენლობაში ახალი სახეები ვიხილო და იმედია, ამის შესახებ ყრილობაზე გავიგებ, რადგან მგონია, რომ უამისოდ არ შეიძლება. ჩემთვის ახალი სახეა ახალი პრემიერი კვირიკაშვილი. მას ძალიან დიდ პატივს ვცემ, რადგან თავისი ცოდნითა და სიდინჯით გამაკვირვა. თუმცა, საარჩევნო სიაში ყოფილ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილსაც სიამოვნებით ვიხილავდი რომელსაც ასევე ძალიან დიდ პატივს ვცემ."
დიმა ჯაიანი (მსახიობი, რეჟისორი):"ახალ სახეებზე არაფერი ვიცი, თუმცა ვიცი, რომ "ქართული ოცნება" მომავალ არჩევნებში ძალიან დიდი შემადგენლობით წარდგება. ამ ყრილობაზე თავადაც ვიქნები და იმედია, ყველაფერს ახალს გავიგებ.
"ძალიან ძნელია კონკრეტული პირები დავასახელო, ვისაც მომავალში საარჩევნო სიაში ვისურვებდი, რადგან "ოცნებაში" ბევრი ღირსეული ადამიანია, თუმცა გამოკვეთილი ალბათ მაინც პრემიერი კვირიკაშვილია. სხვათა შორის, ძალიან ვისურვებდი და მინდოდა, რომ ამ სიაში ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ყოფილიყო."
ედიშერ გვენეტაძე (ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი):"ჩემი აზრით, "ქართულ ოცნებას" განვლილი 4 წელი გაანალიზებული უნდა ჰქონდეს და განსაკუთრებული ყურადღება მოსახლეობაში შექმნილ სოციალურ მდგომარეობას უნდა მიაქციოს. სიახლეებზე საუბრისას ალბათ ამ ყველაფრის გაანალიზებას და შესაბამის განცხადებას ვისურვებდი, თორემ დემოკრატიისა და თავისუფლების ხარისხის თვალსაზრისით რომ "ნაციონალებს" აჯობეს, მაგაზე საუბარი არ ღირს. "მგონია, რომ ხელოვნების დარგის წარმომადგენლებმა მხოლოდ მათ სფეროში უნდა მოღვაწეობდნენ, ეს ეხება სპორტსაც და სხვა დარგებსაც. ვისურვებდი, რომ ყრილობაზე ახალი სახეების წარგენისას შესაბამისი კომპეტენციის ადამიანები დასახელდნენ, რომლებმაც საკანონმდებლო ორგანოში მუშაობა უნდა შეძლონ."
გია ანჩაბაძე (ისტორიკოსი):"ვფიქრობ, "ქართულმა ოცნებამ" ამომრჩეველს იმედი გაუცრუა და ამას ყველა აღნიშნავს. ყრილობაზე რა იქნება, არ ვიცი. როგორც ჩანს, ახალი სახეებისთვის პარტიას რეზერვი არ ჰყავდა, ამიტომ ვის შემოგვთავაზებენ, არ ვიცი. სიმართლე გითხრათ, პარტიაში გამოკვეთილ ლიდერსაც ვერ ვხედავ. ამიტომ თავს შევიკავებ ვინმეს დასახელებისგან."
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე