საგანელიძეს წინასაარჩევნოდ პარტიის მმართველობაში აბრუნებენ
თიკო ოსმანოვა
14.05.2016

 დღეს სპორტის სასახლებში პარტია "ქართული ოცნების" რიგით მეოთხე ყრილობა გაიმართება, სადაც ძველ სახეებთან ერთად ახალი სახეებიც იქნებიან წარმოდგენილი. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი, ინტელექტუალური კლუბის "რა სად როდის" მოაზროვნე ლაშა კილაძე და ბიზნესმენი დათო კოღუაშვილი - რეზონანსის" ინფორმაციით, ეს ადამიანები "ქართული ოცნების" ახალი სახეები იქნებიან, რომლებიც საარჩევნო სიაში წამყვან ადგილებს დაიკავებენ.

პარტიის ლიდერთა თქმით, დღეს მხოლოდ "ოცნების" ახალი წევრების წარდგენა იქნება და არა საარჩევნო სიისა და მაჟორიტარების წარდგენა.

ამას გარდა, დღესვე პარტიის ახალ პოლიტსაბჭოსაც აირჩევენ.

საგანელიძის დაბრუნება?

დღეს დაგეგმილ "ქართული ოცნების" ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს ოფიციალურად აირჩევენ და ასევე გადახალისდება პოლიტსაბჭოს შემადგენლობა. პარტიის აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის თქმით, ყრილობაზე აირჩევენ პარტიის პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობას, რომელიც ძველი და ახალი სახეებით დაკომპლექტდება.

"რეზონანსის" მიერ მოპოვებული ინფორმაციით, საბჭოში მოხვდებიან დეპუტატები: გია ვოლსკი, მანანა კობახიძე, ეკა ბესელია და "საპარტნიორი ფონდის" ხელმძღვანელი დავით საგანელიძე, რომელიც, როგორც ჩანს, ძველ საქმიანობას დაუბრუნდება.პარტიაში დავით საგანელიძის დაბრუნებას კრიტიკულად უყურებს ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი ომარ ნიშნიაძე, თუმცა დასძენს, რომ თუ იგი პარტიის და ქვეყნის სასიკეთოდ რამეს გააკეთებს, მზადაა ძველი წყენა დაივიწყოს.

ცნობისთვის, დეპუტატების გარკვეულ ნაწილს საგანელიძესთან პრეტენზიები ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღების გამო ჰქონდა. ზოგიერთი დეპუტატი, მათ შორის ზაქარია ქუცნაშვილი, აცხადებდა, რომ ლიდერებთან კომუნიკაცია არ აქვთ და უკვე მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ პოსტ ფაქტუმ იგებენ.

"საგანელიძემ იქ ყველაფერი ააწყო და ახლა პარტია უნდა აგვიწყოს, თუ როგორ არის საქმე?! თავის დროზე მქონდა ამ ადამიანთან კრიტიკული დამოკიდებულება და ახლა ღმერთმა არ ჰქნას, რომ იგივე განმეორდეს.

"ჩემი სურვილია, რომ პარტია იყოს ძლიერი და ვინც უნდა იყოს, თუ საქმე ფუჭდება, შენიშვნას შვილსაც ვეტყვი. თუმცა, ვნახოთ, რას იზამს. საგანელიძე თუ პარტიისთვის და სახელმწიფოსთვის სასიკეთო საქმეს გააკეთებს, გვერდში პირველი მე დავუდგები. პატარა ბავშვები არ ვართ, რომ წყენა ჩავიდოთ გულში", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას ნიშნიანიძე.

რაც შეეხება ახალ სახეებს, ესენი არიან ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი, გადაცემა "რა სად როდის" მოაზროვნე ლაშა კილაძე და ბიზნესმენი დათო კოღუაშვილი.

ვინ მიდის ყრილობაზე

პარტია "ქართული ოცნების" ყრილობას, შესაძლოა, ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილიც დაესწრონ. მათ მოწვევა უკვე გადაეგზავნათ.

ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი საარჩევნო სიაში არ იქნება და არც პოლიტიკაში დაბრუნებას აპირებს. მაგრამ, როგორც დაანონსდა, წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად ჩაერთვება. თუმცა რა ფორმით, ამ დრომდე უცნობია და ალბათ დღეს 4 საათზე გაირკვევა.

"მოსაწვევები, რა თქმა უნდა, პარტიას გაგზავნილი აქვს როგორც ბატონ ბიძინა ივანიშვილისთვის - ჩვენი პარტიის დამფუძნებლისთვის, ასევე პარტიის ყოფილი თავმჯდომარისთვის, ყოფილ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილისთვის. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს და დარწმუნებული ვართ, რომ ორივე დაესწრება ყრილობას", - განაცხადა კობახიძემ.

მოწვევა არ გაუგზავნეს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს და როგორც კობახიძემ განმარტა, პრეზიდენტის თანამდებობა ზეპარტიულია, ამიტომ იგი არ მიიწვიეს.

ყრილობაზე დელეგატად წარმოდგენილი იქნებიან ფრაქცია "ქართული ოცნების" 47-ვე დეპუტატი, რასთან დაკავშირებითაც თავიდან ტექნიკური პრობლემები შეიქმნა, თუმცა მოგვიანებით აღმოიფხვრა და გაირკვა, რომ ყრილობაზე დელეგატად ყველა დეპუტატია დაპატიჟებული.

"მე ხმამაღლა ვაცხადებ, მე ვარ განაწყენებული, ჩემი მშობლიური პარტიის ხელმძღვანელების მიმართ, რომლებმაც მე არ ამირჩიეს დელეგატად. აქამდე ყველა ყრილობის დელეგატი ვიყავი. როცა პარტიის ყრილობა ტარდება და მიწვეულ არ ვარ როგორც დელეგატი მაშინ, როცა ვარ პარტიის ერთ-ერთ დამფუძნებელი. მე მიმაჩნია, რომ ჩემს პარტიას აღარ ვჭირდები. პარტიას რომლის შენებაშიც ლომის წილი მიმიძღვის, ამიტომ არ წავალ", - ეს განცხადება დეპუტატმა კარლო კოპალიანმა გუშინ დილით გააკეთა. უკვე შუადღეს კი მას მოწვევა გაუგზავნეს, რის შედეგადაც განაცხადა, რომ აუცილებლად მივიდოდა.

კოპალიანი ასევე უკმაყოფილოა იმით, რომ ყრილობაზე მოწვეულ სტუმრებს შორის 30% "ნაციონალი" იქნება. თუმცა კონკრეტულად ვის გულისხმობს, არ აკონკრეტებს.

"ვგულისხმობ, კოჰაბიტირებულ ადამიანებს, რომლებმაც გამოიცვალეს კანი, ლურჯი ფერის მაისურა გადაიცვეს და გახდნენ "ოცნების" მხარდამჭერები".

"ყრილობაზე იქნებიან ის ადამიანები, რომლებიც წარსულში "ნაციონალური მოძრაობის" წევრები იყვნენ და დღეს "ქართული ოცნების" წევრები არიან. მე არასდროს არ შემიცვლია ჩემი შეხედულება, რაც მწამდა ათი წლის წინ, ახლაც მწამს ის.", - გვითხრა კოპალიანმა.

"ქართული ოცნების" ყრილობას ასევე დაესწრება ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. ცნობილია მათი სავარაუდო სიაც: რეჟისორი ქეთი დოლიძე, მსახიობები გურანდა გაბუნია, ხათუნა ბოკუჩავა, ნანული სარაჯიშვილი, ქეთევან კიკნაძე, გივი ბერიკაშვილი, კახი კავსაძე, მარინა კახიანი, მარიამ ჯაში, მომღერალი ზურაბ მანჯავიძე, რეჟისორი ლანა ღოღობერიძე, დავით ოქიტაშვილი, ნელი კობიაშვილი მხატვარი ნიკუშა შენგელაია და პოეტი დავით მაღრაძე.

"ქართული ოცნების" საარჩევნო სია

ირაკლი კობახიძის მტკიცებით, დღეს დაგეგმილ ყრილობაზე 2016 წლის საპარლამენტო სიის პრეზენტაცია არ გაიმართება. შესაბამისად, არ აკონკრეტებს, ვინ მოხვდება და ვინ ვერა საარჩევნო სიაში. კობახიძის თქმით, სია არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე გასაჯაროვდება.

კულუარული ინფორმაციით კი სიის პირველი სამეული მინისტრებით გიორგი კვირიკაშვილი, დავით სერგეენკო და კახა კალაძით დაკომპლექტდება.

რაც შეეხება ახალ სახეებს, დიმიტრი ცქიტიშვილი, არჩილ თალაკვაძე, თამარ ჩუგოშვილი, ირაკლი კობახიძე და "20/30"-ის ეკონომიკის ექსპერტები - "რეზონანსის" ინფორმაციით, ეს ის ახალი სახეებია, რომლებიც "ქართული ოცნების" სიაში მოხვდებიან.

ამასთან, როგორც ცნობილია, პარლამენტში ფრაქცია "ქართული ოცნების" 47 დეპუტატიდან, დაახლოებით ნახევარი სიაში ადგილებს შეინარჩუნებს, მეორე ნახევარი - არა. თუმცა, კონკრეტულად ვინ დარჩება სიაში და ვინ - სიის მიღმა, ამას საზოგადობაც და პარტიის წევრებიც ყრილობის მერე შეიტყობენ.

ამ ეპატზე, როგორც კვირიკაშვილმა განმარტა, გუნდში არ იქნებიან ადამიანები, რომლებსაც ექნებათ ეჭვები საგარეო პოლიტიკურ ვექტორზე.

"ახალი სახეების წარდგენა გვექნება უალხოეს მომავალში. შემიძლია გითხრათ, რომ ახალი სახეების გუნდი პარტიის ლიდერების მხრიდან იქნა შერჩეული მთლიანად. ეს არის ძალიან გამჭვირვალე პროცესი, საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობაში. გასაუბრებათა მთელი სერია იყო და ძალიან დიდი რაოდენობა იქნა ახალგაზრდების შერჩეული.

"რა თქმა უნდა, თუ მე ვიქნები არჩეული "ქართული ოცნების" ახალ ლიდერად, გუნდში არ იქნებიან ადამიანები, რომლებსაც ექნებათ რაიმე ეჭვი საქართველოს საგარეო პოლიტიკურ ვექტორთან მიმართებაში",- აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

"ოცნების" რებრენდიგი

აღსანიშნავია, რომ პარტია "ქართული ოცნება" 2016 წლის საპრლამენტო არჩევნებზე ახალი ძალით და სახეებით გეგმავს არჩევნებზე წარდგენას, თუმცა, პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი "ოცნების" განახლებას აქედანვე სკეპტიკურად უყურებს.

მისი თქმით, სისტემური ცვლილებების განხორციელების ფუფუნება "ქართულ ოცნებას" არ აქვს.

"ის, რომ პარტიაში უნდა იყოს დისციპლინა ძირითადად საკითხებზე - სტარტეგიულ გეგმებზე - ამ მხრივ პრემიერის განცხადებას მივესალმები. რაც შეეხება განახლების პოტენციალს, ამას სკეპტიკურად ვუყურებ. მიუხედავად იმისა, რომ ალბათ ახალ სახეებს გვაჩვენებენ, ხარისხობრივად სია, არა მგონია, უკეთესი იყოს.

"ორ-სამ ადამიანს დაგვანახებენ და შექმნიან რაღაც ილუზიას. რეალურად "ოცნების" პრობლემა სიაზე არ არის. პარტია ხელისუფლებაშია და საზოგადოება სიას კი არა, რეალურ კეთილდღეობას და წინსვლას ითხოვს, საგარეო თუ საშინაო საკითხებში", - უთხრა "რეზონანსს" ხუხაშვილმა.

მისი თქმით, სია და სახეები მნიშვნელოვანია, თუმცა მეორეხარისხოვანია.

"ხელისუფლების მხრიდან საუბარი, რომ ახალი სახეები გამოჩნდება და ახალი იმედები შეიქმნება, არასერიოზულია. იმიტომ, რომ თუ ჰყავს კარგი კადრები, ისინი დიდი ხანია დასაქმებულები უნდა ჰყავდეს და არა ყრილობას ელოდებოდეს.

"დავით საგანილიძე ახალი კადრი არ არის, ძველია. შესაბამისად, ოპტიმიზმით დახვედრა მის გამოჩენაზე არასწორია. ლაშა კილაძე კი სიმპათიური ახალგაზრდაა.

"სისტემურად ცვლილებების განხორციელების ფუფუნება "ქართულ ოცნებას". არ აქვს. ის არის მძევალი იმ სიტუაციის, რაც ხდება ქვეყანაში.

"პრობლემა მეჭიაურში არ იყო, პრობლემა ისაა, რომ "ქართულმა ოცნებამ" სისტემური ცვლილებები ვერ განახორციელა და პოლიტსაბჭოში ვინც უნდა ჰყავდეს, მნიშვნელობა აღარ აქვს. ქვეყანას კოლექტიური მურუსიძეები მართავენ და მისნაირზე ააგეს მომავალი და ასეთ სიტუაციაში რანაირად შეიძლება განახლებაზე ვისაუბროდ?!", - გვითხრა ხუხაშვილმა.

"მხოლოდ მივესალმები იმ ფაქტს, რომ "ქართული ოცნება" "მეჭიაურებისგან" იცლება", - ამ განცხადებას კი საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია აკეთებს.

იგი იმედს გამოთქვამს, რომ მმართველი ძალის საპარლამენტო წარმომადგენლობის 90% შეიცვლება, ცვლილების შედეგად კი ისეთი პირები გამოჩნდებიან, რომლებიც ფასეულობათა თანხვედრაში უფრო მეტად იქნებიან, რომლებიც იმიჯს კი არ დაუნგრევენ, არამედ პოზიტიურ ელფერს შესძენენ "ქართულ ოცნებას" და სახელმწიფოს წარმატებას მოუტანენ.

"მთავარ რისკად განახლებული "ქართული ოცნებისათვის" მიმაჩნია არახილვადი სახეები (ანუ, ზედმეტად უცნობი სუბიექტები, რომლებმაც, შესაძლოა, დააბნიონ ამომრჩეველი) და არაკვალიფიციური სპიკერების სიმრავლე, რომლებსაც საზოგადოებასთან ურთიერთობა, მედიასთან და ოპონენტებთან კომუნიკაცია არ შეეძლება.

"ამ საკითხებზეა სწორედ დამოკიდებული ის, თუ რა პერსპექტივებს შეიქმნის "ქართული ოცნება" არჩევნებისათვის, მოკავშირეებისა და გულშემატკივრების ან ოპონენტების თუ მოწინააღმდეგეების გამრავლების კუთხით.

"ადამიანური რესურსის კონტექსტით მოლოდინის იმედგაცრუების შემთხვევაში, არაა გამორიცხული "ქართულმა ოცნებამ" მომხრე-მოკავშირეები კი არ გააჩინოს და გაამრავლოს, არამედ ოპონენტებისა და მოწინააღმდეგეების გამრავლებას შეუწყოს ხელი. შესაბამისად ეს ფაქტორები იქნება განმსაზღვრელი ამ პარტიის პერსპექტივებისა არჩევნებზე", - გვითხრა გამზარდიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×