ნინო ქეთელაური
16.05.2016

პარლამენტმა "საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში" ცვლილებები მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით, 81 ხმით მიიღო. ძირითადი სიახლე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილეების, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს მდივნის არჩევის პროცედურებს უკავშირდება.

საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა წევრის, ან საკონსტიტუციო სასამართლოს თამჯდომარის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტისას, პლენუმის სხდომა ჩატარდება, რომელიც 5 წლის ვადით აირჩევს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, რომლის წარდგენის უფლება თავად საკონსტიტუციო სასამართლოს ექნება. ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს ან მის მოადგილეს მეორე წლის ვადით ვეღარ აირჩევენ.

კიდევ ერთი საკითხი იმ მოსამართლეებს ეხებათ, რომელთაც კონსტიტუციური უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა ეწურებათ. ამ ვადის გაზრდა აღარ მოხდება.

მართალია, კანონპროექტის მეორე და მესამე მოსმენით განხილვა ფორსირებული იყო, თუმცა საკითხზე მუშაობა 2 თვის განმავლობაში, გახსნილ რეჟიმში მიმდინარეობდა - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ განაცხადა. მისი თქმით, კომიტეტმა ყველა შენიშვნა გაიზიარა და ახლა უკვე ვენეციის კომისიის დასკვნას დაელოდებიან, რომელსაც აღნიშნული ცვლილებათა პაკეტი განმარტებითი ბარათებით გაეგზავნება.

ამის პარალელურად, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" პრეზიდენტს მოუწოდებს, რომ კანონპროექტს ვეტო დაადოს, რადგან როგორც "ნაციონალური მოძაობის" ლიდერი დავით ბაქრაძე აცხადებს, ამ კანონით ირღვევა საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებები, ეწინააღმდეგება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს და ლახავს სასამართლოს იმიჯს.

უნდა დაადოს თუ არა პრეზიდენტმა ვეტო საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ახალ კანონს? - ამ კითხვით "მთელმა კვირამ" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 ვახტანგ ძაბირაძე  (კონსტიტუციონალისტი): "საკმაოდ რთული საკითხია. როგორც პრეზიდენტის წარმომადგენელმა ბრძანა, ჩვენ დაველაპარაკებით ყველა მხარეს და ამის მერე მივიღებთ გადაწყვეტილებასო. ალბათ, ეს ყველაზე სწორი მიდგომაა. არის აზრთა სხვადასხვაობა და არის ასევე პარლამენტის 81 ხმიანი გადაწყვეტილება, ამიტომ ამას სამართლებრივის გარდა, პოლიტიკური მიდგომაც სჭირდება.

"გარდა ამისა, არჩევნები არა მარტო მოდის, საინტერესოა, რა იქნება არჩევნების შემდეგაც. ვინ როგორ გამოიყნებს იმ საკონსტუტიციო ცვლილებებს, რომელიც განხორციელდა, ან იმ კანონს, რომელიც დღეს მოქმედებს. ამიტომ ასე მარტივი გადასაწყვეტი არ არის."

 ნანა კაკაბაძე  (უფლებადამცველი): "საჭიროც რომ იყოს ვეტოს დადება, რა აზრი აქვს, როცა 81 ხმით მოხდა კანონპროექტის მიღება და 76 ხმა არის საჭირო ვეტოს დასაძლევად?! ამას მხოლოდ ფორმალური სახე ექნება.

"რაც შეეხება კანონს, მე ამაში ვერაფერ საგანგაშოს ვერ ვხედავ საიმისოდ, რომ ვეტო დაედოს. პირიქით, დღევანდელი მდგომარეობით უფროა საკონსტიტუციო სასამართლო მართვადი და თუ ამ კუთხით გადაიდგმება ნაბიჯები, ეს მხოლოდ მისასალმებელია."

 

 თაკო ჩარკვიანი (პუბლიცისტი):  "აბსოლუტურად სწორად ითხოვენ ვეტოს დადებას. მგონი, ყველა ადამიანს უჩნდება კითხვები სასამართლოსთან დაკავშირებით. სასამართლო ისეთი მონაპოვარია, რომ მას სჭირდება მოფრთხილება. ჩვენი, რიგითი ადამიანების ვალდებულებაა, რომ სასამართლო იყოს მოწოდების სიმაღლეზე. რა თქმა უნდა, არასწორია, როდესაც პრეზიდენტს არ იწვევენ ყრილობაზე, როდესაც ასე დაჩქარებული წესით ხდება კანონის მიღება. მოქალაქეები ამას ვუყურებთ ძალიან კრიტიკულად."

 

 სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი):  "თუ ეს პრეზიდენტის და პარლამენტის შეთანხმებული მოქმედებაა, რასაკვირველია, ვეტო არ დასჭირდება. მაგრამ რადგან ჩვენ ფაქტობრივად 3 შტო გვაქვს - აღმასრულებელი, საკანონმდებლო და მესამე პრეზიდენტი, სამივე შტოს სრულიად განსხვავებულად ესმის სასამართლოც, პრესის თავისუფლებაც...

"ეს, რა თქმა უნდა, ქვეყნისთვს არ არის კარგი. პრეზიდენტი ალბათ გამოიყენებს ვეტოს, თუმცა ნორმალური ქვეყნის და სასამართლო სისტემის პირობებში, მოსამართლეს იმის არ უნდა ეშინოდეს, რომ მას მეორე ვადით არ აირჩევენ. თუ, რა თქმა უნდა, შერჩევით სამართალთან არ გვავქვს საქმე და მოსამართლეები კანონის უზენაესობის წინაშე არიან პასუხისმგებელი და არა რომელიმე პოლიტიკური ძალის."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×