თითქმის ერთი წელია, რაც თბილისში ახალი არასამთავრობო, ნაციონალისტური ორგანიზაცია "ქართული ძალა" ჩამოყალიბდა. როგორც ორგანიზაციის დამფუძნებელი ნიკოლოზ ბურნაძე "მთელ კვირასთან" საუბრისას აღნიშნავს, მათი მიზანი ახალგაზრდებში ნაციონალისტური კულტურის ჩამოყალიბებაა. მისი თქმით, "ქართული ძალა" საქრათველოში დღეს ერთადერთი ორგანიზაცაა, რომელიც არც ევროპისკენ მიისწრაფვის და არც რუსეთისკენ, მათ სურთ ქართული ტრადიციები შეინარჩუნონ.
ორგანიზაციამ დაარსებიდან ერთი წლის განმავლობაში რამდენიმე აქცია გამართა, მათ შორის ერთ-ერთი სირიასა და ერაყიდან წამოსულ ლტოლვილთა მიღების თემას ეხებოდა. 2016 წლის თებერვალში კი მათ გაავრცელეს მიმართვა, სადაც "ქართული ძალის" წევრები მკაცრად აპროტესტებდნენ რუსული თუ დასავლური პოლიტიკის გატარებას.
ბურნაძე აღნიშნავს, რომ ორგანიზაცია საპროტესტო აქციის გამართვას 26 მაისსაც გეგმავს, სადაც ჩირაღდნების, ბანერებითა და შეძახილებით რუსთაველიდან თავისუფლების მოედნისკენ გაემართებიან.
"ორგანიზაცია ერთი წლის წინ დაარსდა. აქტივისტები გვყავს როგორც თბილისში, ისე აჭარაში. ჯერჯერობით სულ ასამდე აქტივისტი არის გაწევრიანებული "ქართულ ძალაში", თუმცა, მხარდამჭერები კიდევ უფრო ბევრია.
"გეტყვით, რომ არანაირი დაფინანსება არ გვაქვს და ყველაფერს, რაც გვჭირდება, იქნება ეს ტიკერები, პლაკატები თუ სხვა, საკუთარი სახსრებით ვაკეთებთ.
"დღეს საქართველოში ბევრი პარტია თუ ორგანიზაციაა ეროვნულ ფასადებს ამოფარებული, სინამდვილეში კი პრორუსული განწყობილებისანი არიან. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთვის ტრადიცია მნიშვნელოვანია, ჩვენ არ ვართ რუსეთის მომხრეები.
"ქვეყანაში ახალგაზრდები ლიბერალიზმისკენ არიან მიმართული, ან პრორუსული მხარისკენ. ამიტომ ვიტყვი, რომ ჩვენ ვართ ერთადერთი ძალა, რომელიც მიილტვის ტრადიციული ევროპისკენ.
"26 მაისს ვგეგმავთ პირველ ნაციონალისტურ მარშს, ველოდებით დაახლოებით 500-მდე ნაციონალისტს, მილიტარისტსა და ყველა პატრიოტ ადამიანს. დაახლოებით 6 საათისკენ შევიკრიბებით რუსთაველის მეტროსთან, სადაც იქნება სიტყვით გამოსვლა, გვექნება ჩირაღდნები, ბანერები და შეძახილებით ჩავივლით თავისუფლების მოედნისკენ," - გვითხრა ბურნაძემ.
მისივე თქმით, ჯგუფი არ არის აგერესიული. ისინი გამოხატავენ პროტესტს, რადგან თვლიან, რომ ქვეყანაში უფრო დიდი ყურადღება საქართველოს მოქალაქეებს უნდა მიექცეთ.
ნიკოლოზ ბურნაძე აღნიშნავს, რომ მიზეზი, რის გამოც აქციებისა და მსვლელობების დროს ორგანიზაციის წევრები სახეს არ აჩენენ, ის არის, რომ მათ გარკვეული დაბრკოლებები ექმნებათ სამსახურში. აგრეთვე აღნიშნავს, რომ სახელმწიფო უწყებები დაინტერესებულნი არიან მათი ორგანიზაციით და გარკვეული კონტროლის ქვეშ ჰყავთ ისინი, თუმცა, პირდაპირი მუქარის ან ზეწოლის ფაქტები ჯერჯერობით არ აქვთ.
"ჩვენ არ გვაქვს ვინმეს მიმართ აგრესია, ჩვენ გამოვხატავთ პროტესტს. მაგალითად, ვფიქრობთ, რომ როგროც ამერიკაში რესპულიკური პარტიიის წამყვანი ლიდერები თვლიან, რომ ემიგრაცია უნდა დარეგულირდეს, ჩვენც ამას ვემხრობით. ისეთი ქვეყნებიდან, საიდანაც არის ტერორიზმის საფრთხე, შემოსული ადამიანები, რომლებიც სამუშაოს საძებნელად ჩამოდიან აქ, მაშინ როცა საქართველოს მოქალაქეთა უმეტესობა უმუშევარია, ვფიქრობთ, ეს არასწორია და ეს პროცესები უნდა დარეგულირდეს.
"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მხარდამჭერი არაერთი ცნობილი ადამიანია, მათ შორის ზოგიერთი მწერალი, მათ სახელებს ვერ გეტყვით, რადგან ბევრ მათგანს სამსახურში გარკვეულ პრობლემებს უქმნის "ქართული ძალის" მხარდამჭერობა. მათ ეუბნებიან, რომ არ იყვნენ ჩვენ გვერდით. სწორედ ამიტომ ხდება, რომ ხშირად ჩვენი გამოსვლების დროს წევრებს სახე აქვთ დაფარული.
"სახელმწიფო სტრუქტურები, ჩვენი ინფორმაციით, გვიტეხენ სოციალური ქსელის გვერდებს, გვიშლიან ინფორმაციებს და გვაკონტროლებენ მაშინ, როცა საქართველოში ნაციონალისტები მხოლოდ იმას აკეთებენ, რაც კანონის ფარგლებში ჯდება.
"მიუხედავად კონტროლისა, არ გვეშინია, რადგან ვერავითარ ინფორმაციას ჩვენ საწინააღმდეგოდ ვერ იპოვიან. პირდაპირი ზეწოლა და მუქარა არ გვქონია, თუმცა, როცა გამოსვლებს ვატარებთ, ყოველთვის კონტროლზე ვართ და აშკარად ვხვდებით, რომ ჩვენ მიერ გავრცელებული ინფორმაციები ზედამხედველობის ქვეშაა.
"ჩვენ გვინდა დავიწყოთ საგანმანათლებლო პროექტები, ანუ ჩავატაროთ ლექციები ახალგაზრდებისთვის. მოვუწოდოთ მათ ფიზიკური და გონებრივი ვარჯიშისკენ და ა.შ. რადგან საქართველოში არ არის ნაციონალისტური ორგანიზაციების გამოცდილება, ჩვენ გვჭირდება ამ მხრივ ახალგაზრდების განათლება, რაც მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ქვეყნისთვისაც", - განაცხადა ნიკოლოზ ბურნაძემ.