"სახელმწიფო ხალხისათვის" - 6 თვიანი "მოთელვის" შემდეგ მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას იწყებს. "მთელ კვირასთან" ინტერვიუში იგი ამბობს, რომ გუნდში საინტერესო სახეები ეყოლება. მისივე თქმით, არჩევნებზე დამოუკიდებლად გადის, რადგან კოალიციის საჭიროებას ვერ ხედავს. რაც შეეხება მის წინასაარჩევნო დაპირებებს, მსოფლიო ბანი პირველ რიგში სამართლიანობის აღდგენის პირობას დებს.
პოლიტიკურ გეგმებზე, პარტიის სახეებზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე "მთელი კვირა" ახალი პოლიტიკური ძალის "სახელმწიფო ხალხისათვის" დამფუძნებელ პაატა ბურჭულაძეს ესაუბრა.
პაატა ბურჭულაძე: მაქვს ძალიან დიდი გეგმები - მოვიარე თითქმის ყველა სოფელი, რაიონი ფეხით და რა ვითარებაც იქ ვნახე, ასეთი მდგომარეობა საქართველოში დიდი ხანია არ მინახავს. როგორც წესი, ქალაქი უკმაყოფილო, სოფელი კი მეტ-ნაკლებად ლოიალურად იყო განწყობილი ამა თუ იმ ხელისუფლების მიმართ. დღეს აბსოლუტურად საპირისპირო ვითარებაა. ძალიან ცუდი სიტუაციაა.
ჩვენ ეს ყველაფერი უნდა გამოვასწოროთ. ვერ ვხედავ ძალას, რომელიც ამას შეცვლის და სწორედ ამიტომ გადავწყვიტე პოლიტიკაში მოსვლა.
"მთელი კვირა": და რატომ ახლა და არა, მაგალითად, 2012 წელს?
პ.ბ.: 2012 წელს ვხედავდი, რომ იყო ძალა, რომელსაც შეეძლო სააკაშვილის რეჟიმის შეცვლა. სააკაშვილმა ბევრი რამ გააკეთა, ამას ნუ დავუკარგავთ, მაგრამ მისი ბოლო წლები აუტანელი იყო ხალხისთვის და ივანიშვილმა შეცვალა კიდეც. მე მაშინ ბიძინა ივანიშვილს გვერდით ვედექი და მხარს ვუჭერდი. პოლიტიკაში ჩემი შემოსვლის საჭიროებას ვერ ვხედავდი.
"მ.კ.": ანუ ბიძინა ივანიშვილს ხვდებოდით ხოლმე და ესაუბრებოდით ამ საკითხებზე?
პ.ბ.: რა თქმა უნდა. ამასთან დაკავშირებით კადრებიც არსებობს.
"მ.კ.": ამ ბოლო დროს თუ ესაუბრეთ?
პ.ბ.: არ მისაუბრია, იმიტომ, რომ არ იყო შესაძლებელი. ჩვენ არ შეხვედრივართ დიდი ხანია.
"მ.კ.": ვინ იქნება თქვენი პარტიის გამოკვეთილი სახეები?
პ.ბ.: ძალიან საინტერესო სახეები მყავს, რომლებსაც ნამდვილად შესტკივათ გული ჩვენს ქვეყანაზე. ბევრი მათგანი უკვე წარვადგინე - ხათუნა ლაგაზიძე, გიორგი რუხაძე, ლადო კახაძე, ლაშა დვალიშვილი, გიორგი თაქთაქიშვილი, აგიტ მირზოევი და სხვები.
"მ.კ.": ანუ, ესენი იქნებიან საარჩევნო სიის ათეულში?
პ.ბ.: პარტია ჯერ ახლა ჩამოყალიბდა, სიაზე არ გვიფიქრია, მაგის დრო ჯერ კიდევ არის. სიაში ძალიან ბევრი ახალი სახე მოხვდება, ყოველდღიურად ძალიან ბევრი ახალი ადამიანი გვიერთდება.
"მ.კ.": ცნობილი პოლიტიკოსები თუ გეყოლებათ გუნდში?
პ.ბ.: ვერ გეტყვით, რომ ცნობილები მეყოლება ჩემი მთავარი მიზანია გავზარდოთ ახალი თაობა ისეთი, რომლებიც ქვეყანას განავითარებენ ერთმანეთის პატივისცემით და სიყვარულით.
მთავრობაში დღეს ვერცერთ პოლიტიკოსს ვერ ვხედავ. მათ ეს სახელწოდება თანამდებობიდან მიიღეს. არავითარი ნაბიჯი, როგორც პოლიტიკოსებს არც შიდა და საგარეო პოლიტიკაში გადადგმული არ აქვთ. მათ არაფერი გაუკეთებიათ იმისთვის, რომ ქვეყანა განავითარონ.
ერთადერთი, რაც მართლა გააკეთეს, ციხეში აღარ არის წამება და ამაზე ქედს ვიხრი მათ წინაშე. სწორედ, ამიტომ ზოგიერთ ადამიანს პატივს ვცემ, ვინც ამაში დიდი როლი ითამაშა. დანარჩენი ამ მთავრობას არაფერი არ გაუკეთებია.
"მ.კ.": გიორგი თარგამაძე იქნება თუ არა თქვენს გუნდში?
პ.ბ.: თარგამაძე ცხოვრებაში ორჯერ მყავს ნანახი. რა თქმა უნდა, არა.
"მ.კ.": ვინმესთან თუ მიმდინარეობს კონსულტაციები, ვინც მოგვიანებით შესაძლოა შემოგიერთდეთ?
პ.ბ.: თქვენ ისეთი რამე გინდა გითხრათ, რასაც მერე ვეღარ ვიტყვი, რადგან საინტერესო აღარ იქნება.
"მ.კ.": პოლიტიკოსები არიან?
პ.ბ.: გამოცდილი პოლიტიკოსი დღეს საქართველოში არ არსებობს. ზოგადად არიან ნორმალური პოლიტიკოსები, თუმცა, მთავრობაში საერთოდ არ არიან.
შევარდნაძის დროინდელი კადრი არ მეყოლება, თუმცა, ჩემს გუნდში 70 წელს გადაცილებული პირები მყავს და ყველაზე ახალგაზრდები 23 წლისანი არიან. სახელმწიფოს მშენებლობაში ყველა თაობა უნდა მონაწილეობდეს. ვისაც შეუძლია და ძალუძს ქვეყნისთვის რამე გააკეთოს, ჩვენ ამ ადამიანებს გვერდში აუცილებლად დავიყენებთ.
ყველა მთავრობის დიდი პრობლემა იყო ის, რომ ებრძოდა წინას. როგორც კი გაიმარჯვებდა, ამბობდა - აი, მე გამარჯვებული ვარო და ჩაგრავდა წინას. უნდა დავინახოთ, რაც კარგი გაკეთდა.
ყველას აქვს რაღაც კარგი გაკეთებული - გამსახურდიასაც, შევარდანაძესაც, სააკაშვილსაც და ივანიშვილსაც და ამის არდანახვა იქნება ძალიან დიდი შეცდომა. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაც ცუდი გააკეთეს, როცა ხელისუფლებაში მოვალ, შევახსენო. ქვეყანაში იმიტომაც არ კეთდება არაფერი, რომ ერთმანეთთან დაპირისპირებით არიან დაკავებული. ეს უნდა დავივიწყოთ, წინ ვიაროთ და ქვეყნის წინსვლაზე ვიფიქროთ.
"მ.კ.": რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან თუ მიმდინარეობს კონსულტაციები?
პ.ბ.: არჩევნებზე დამოუკიდებლად გავდივარ. ვერ ვხედავ კოალიციის საჭიროებას და ვერც შესაბამის ძალას.
"მ.კ.": რაც შეეხება პროგრამას, წინასაარჩევნო დაპირებების ძირითადი არსი რა იქნება?
პ.ბ.: პირველი, რაც აუცილებლად იქნება, ეს არის სამართლიანობის აღდგენა. სადაც მურუსიძეა, იქ სამართალზე ლაპარაკი წარმოუდგენელია. მურუსიძე არ არის ერთი პიროვნება, ეს არის ვირუსი, რომელიც მოედო სასამართლო სისტემას.
წარმოიდგინეთ, როგორ შეიძლება მურუსიძემ გვერდში პატიოსანი მოსამართლეები დაიყენოს?! დაიყენებს ისეთივეს, როგორიც არის თვითონ. მას ხელი აქვს მოწერილი ისეთ ცუდ საქმეზე, როგორიც არის გირგვლიანის საქმე. სტრასბურგის სასამართლომ ამ მოსამართლეზე ძალიან მკაცრი დადგენილება გამოიტანა, თუმცა, დღევანდელმა ხელისუფლებამ ეს ადამიანი მოსამართლედ აირჩია.
ჩვენ ვპირდებით, რომ ყველაფერს გავაკეთებთ კანონიერად. ამასთან დაკავშირებით "საქართველოს განვითარების ფონდმა" კანონპროექტი უკვე მოამზადა.
"მ.კ.": ამ ლოზუნგით მოვიდა თავის დროზე "ქართული ოცნებაც". რატომ ფიქრობთ, რომ დაგიჯერებთ საზოგადოება?
პ.ბ.: აუცილებლად აღვადგენთ. ამას უნდა მონდომება და სამართლიანი სასამართლო. ყველაფერი უნდა მოხდეს კანონიერად. ამასთან დაკავშირებით მომზადებულ კანონპროექტს, როგორც კი მოვალთ ხელისუფლებაში, პარლამენტში შევიტანთ. ამით დავიწყებთ.
"მ.კ.": რაც შეეხება ქვეყანაში არსებულ სოციალურ ფონს...
პ.ბ.: ეკონომიკის მხრივ ძალიან ცუდი მდგომარეობაა. ეკონომიკური ზრდა შარშან 2% იყო, წელს 2,8%-მდე იქნება, რაც კატასტროფაა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვვითარდებით.
ეკონომიკა განვითარდება მაშინ, როცა ქვეყანაში სამართლიანობა აღდგება - ინვესტორებს შემოსვლა არ შეეშინდებათ. მათ დაცულობა სჭირდებათ.
"მ.კ.": ქვეყნის საგარეო კურსს რაც შეეხება, ამ მიმართულებით რა გეგმები გაქვთ?
პ.ბ.: საგარეო კურსი გვაქვს დასავლეთისკენ. ჩვენ უნდა შევიდეთ ნატოში, ეს აუცილებელია. ამ ხელისუფლების ორიენტაცია კი გაუგებარია - ნაწილი მარჯვნივ იხრება და ნაწილი მარცხნივ. ვერ ჩამოყალიბდნენ.
ახლა ამ განცხადებებმა, რაც მთავრობაში გაკეთდა, შეგვაფერხეს ძალიან. იგივე, რაც ხდება "რუსთავი 2"-ის გარშემო მიმდინარე პროცესები, ეჭვი მიჩნდება, რომ ეს ყველაფერი ხელოვნურად კეთდება, რომ არ მოხდეს ვიზალიბერალაზაცია.
"მ.კ.": და ვის აძლევს ხელს ასეთი რამ?
პ.ბ.: რუსეთს. რუსი ხალხის მიმართ ჩემი დიდი სიყვარულის მიუხედავად, ვამბობ, რომ რუსეთი ოკუპანტია და არ შეიძლება ამას არ მივაქციო ყურადღება.
"მ.კ.": და როგორი პოლიტიკის გატარებას გეგმავთ რუსეთის მიმართ?
პ.ბ.: რუსეთი ოკუპანტია და იგი უნდა დავარწმუნოთ, რომ ჩვენ არ ვართ მათი მტრები. კარასინის და აბაშიძის ფორმატი ნორმალურია, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. არ ვამბობ, რომ საელჩო გავხსნათ, მაგრამ უნდა მოინახოს სხვა გზა, რომ ერთმანეთთან მოვილაპარაკოთ, მარტო ვაჭრობა და ტურიზმი საკმარისი არ არის.
"მ.კ.": ასეთ დაპირებებს წინასაარჩევნოდ მრავალი პარტია იძლევა და თქვენ რატომ ფიქრობთ, რომ საზოგადოება ხმას მაინცდამაინც თქვენ მოგცემთ?
პ.ბ.: ძალიან დიდი შანსი მაქვს, იმიტომ, რომ ბევრი გაჭირვებული ადამიანი მე შემომყურებს. მოვიარე რაიონები, სოფლები და ვიცი ხალხის განწყობა. არ შეიძლება, საქართველოში მარტო ელიტა ცხოვრობდეს კარგად. ხალხს დარწმუნება არ უნდა, ხალხი უკვე დარწმუნებულია.
"მ.კ.": ანუ ფიქრობთ, რომ თქვენი ავტორიტეტი იქონიებს გავლენას?
პ.ბ.: საზოგადოებას ჩემი იმედი აქვს და არასდროს გავუცრუებ იმედს. აუცილებლად შევასრულებ, რასაც დავპირდები, არცერთი დაპირება არ იქნება შეუსრულებელი. ეს არ არის ფუჭი სიტყვები. ხალხს უნდა დაანახო, რომ შენ ცდილობ. რაიონებში კი, რომ ვიყავი, ხალხი თავის მაჟორიტარ დეპუტატს არ იცნობს.
"მ.კ.": ყველა რეგიონში გეყოლებათ მაჟორიტარი კანდიდატები?
პ.ბ.: კი, აუცილებლად.
"მ.კ.": "საქართველოს განვითარების ფონდს" რა ბედი ეწევა?
პ.ბ.: ფონდი დარჩება აუცილებლად, ეს გვჭირდება. როგორც კი მთავრობაში მოვალთ და რამე შეცდომას დავუშვებთ, ფონდი გამოგვაფხიზლებს. თავისი იდეებით მეცნიერულად დასაბუთებულს გვაჩვენებს, თუ რომელია სწორი გზა.
"მ.კ.": ფონდს ვინ უხელმძღვანელებს?
პ.ბ.: ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის. მერაბ ტყეშელაშვილი ასრულებს მოვალეობას და ალბათ დარჩება კიდეც.