ეკატერინე ბასილაია
16.05.2016

 დიდი ხმაურიანი დაანონსების მიუხედავად, "ქართული ოცნების" მე-4 ყრილობაზე არც პარტიის თვისობრივი განახლება, თავისი "უამრავი ახალი სახით" და არც ბევრი სიურპრიზი არ შედგა. ყრილობაზე არც სამომავლო გეგმებსა და საარჩევნო პროგრამაზე ყოფილა საუბარი. შეკრება ერთადერთი მხოლოდ იმით იყო დასამახსოვრებელი, რომ მთელმა ყრილობამ პარტიის ახალი თავმჯდომარისა და პოლიტსაბჭოს განახლებული შემადგენლობის წარდგენა-დამტკიცებით განსაცვიფრებლად უსწრაფესად, 30 წუთში ჩაიარა.

პარტია "ქართული ოცნების" ყრილობა გახსნა ვიცე-პრემიერმა კახი კალაძემ, რომელმაც განაცხადა, რომ პარტიაში "უამრავი ახალი სახე" იქნება და "პარტია სრულიად განახლებული, მაღალპროფესიონალი და მოტივირებული ადამიანებით შეუდგება ჩვენი ოცნების რეალიზებაზე მუშაობას".

ეს "უამრავი ახალი სახე" კი 7 ადამიანი აღმოჩნდა, თითქმის ყველა საზოგადოებისათვის უცნობი. ყრილობაზე პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა განახლდა და 21-კაციან საბჭოში 9 პირი ახალ სახედ წარადგინეს. ახალ სახედ წარდგენილი 9 ადამიანიდან 2 - მინისტრი დავით ბაქრაძე და პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე - საზოგადოებისთვის "ქართული ოცნების" ახალ სახედ არც აღიქმება და აღმოჩნდა, რომ რეალურად "სრულად განახლებულ" პოლიტსაბჭოში მესამედი ისევ ძველი სახეები დარჩნენ, მათ შორის ისეთებიც კი, რომელთა სახელებთან პრეტენზიები და სკანდალები არც თუ იშვიათად იყო დაკავშირებული.

მაგალითად, დარჩენილებიდან გია ვოსლკის და ზვიად კვაჭანტირაძეს ყოფილი პოლიტიკური მდივანი არმაზ ახვლედიანი "ბებერ პოლიტიკურ ნიანგებს" და "საბჭოთა გადმონაშთებს" უწოდებდა, რომლებსაც პარტიის განახლება არ სურდათ. ასევე "ოცნებაში" დიდი დაპირისპირება იყო დავით საგანელიძის წინააღმდეგ, რომელსაც ერთპიროვნულ მართვასა და სხვისი აზრის გაუთვალისწინებლობაში ადანაშაულებდნენ. ასევე ეკა ბესელიასა და მანანა კობახიძის სახელებთან არის დაკავშირებული ე.წ. შეწყალების სკანდალი, როცა საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი მათ პატიმრებისაგან გათავისუფლების სანაცვლოდ ქრთამის აღებაში სდებდა ბრალს.

"ქართული ოცნება" გვპირდებოდა სერიოზულ განახლებას და სიურპრიზებს და რეალურად ტყუილი მოლოდინი გამოდგა. ძალიან უღიმღამო დღე გამოუვიდათ. მიუხედავად იმისა, რომ ახალ საახეებსა და განახლებაზე სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი, რაც ყრილობაზე ვნახე, ამაზე მეტის მოლოდინი მაინც მქონდა. არადა, რომ გადავხედოთ პოლისტაბჭოში როგორი ბალანსიცაა, ჩანს, რომ არც არაფერი შეცვლილა, ისევ იგივე ადამიანები განსაზღვრავენ პოლიტიკას, მანამდე ვინც იყვნენ და საბჭოს ფასადურად მხოლოდ რამდენიმე ადამიანი დაემატა, რომლებიც გინდ ყოფილან და გინდ არა, ვერაფერს ვერ შეცვლიან," - აცხადებს ექსპრემიერ ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი.

მისივე თქმით, დისკრედიტირებული პირების პოლიტსაბჭოში ისევ დატოვება, როდესაც მათ მიმართ სკანდალები და პრეტენზიები არსებობდა, პოლიტტექნოლოგიურად ძალიან წამგებიანია, მიუხედავად იმისა, რომ მას, მაგალითად, არც ბესელიასთან და არც კობახიძესთან კონკრეტული პრეტენზიები არ აქვს.

ვინ არ მივიდა და ვინ არ დაპატიჟეს ყრილობაზე

სპორტის სასახლეში, სადაც "ქართული ოცნების" ყრილობა ჩატარდა, ერთგვარ მთავარ ინტრიგად არმიწვეული და არმისული პოლიტიკოსები გახდნენ. მიწვეული არ ყოფილა პრეზიდენტი. მიწვეული იყო, მაგრამ სპორტის სასახლეში არ მისულა პარლამენტის თავმჯდომარე და როგორც პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა მოგვიანებით განაცხადა, დავით უსუფაშვილს ბათუმში საქმეები გამოუჩნდა.

შეკრებაზე არც სხვა პარლამენტარი "რესპუბლიკელები" ყოფილან, თუმცა ეს დემარში იყო თუ არა, ამაზე არ საუბრობენ.

"ძალიან დავაფასეთ. საკმარისად ჩავთვალეთ 2 მინისტრის ყოფნა პარტნიორ-კონკურენტი პარტიის ყრილობაზე. მეტი რა გვექნა?! საერთოდ, როდესაც ჩვენ დეკემბერში ყრილობა ჩავატარეთ, არცერთი პარტიის ლიდერი არ დაგვიპატიჟებია. ასე რომ, ეს არ არის თემა, მაგრამ რაკი მათ უნდოდათ "რესპუბლიკური პარტიის" წარმომადგენლების ყოფნა, აგულაშვილი და ზაქარეიშვილი ესწრებოდნენ.

"მოწვევა ჰქონდათ მინისტრებს, მაგრამ ხიდაშელი იყო ბაქოში და ვერ დაესწრო. რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარეს, მისი ყრილობაზე ყოფნა აუცილებელი არ იყო, სხვა საქმე ჰქონდა. სულ რომ არ დაეპატიჟებინათ ჩვენი მინისტრები, გული ამაზეც არ დაგვწყდებოდა," - აცხადებს ფრაქცია "რესპუბლიკელების" თავმჯდომარე დავით ბერძენიშვილი, რომელიც ყრილობაზე მიწვეული არ ყოფილა.

მიწვეული არ ყოფილა "ეროვნული ფორუმი" იმ მიზეზით, რომ უმრავლესობის რიგებიდან გასულები არიან. ასევე მიწვეული არ აღმოჩნდა და ამიტომ შეკრებაზე არც ყოფილა ფრაქცია "მრეწველების" თავმჯდომარე გოგი თოფაძე. ამის შესახებ მან "მთელ კვირას" ძალიან მოკლედ უპასუხა: "არა, არ ვყოფილვარ მიწვეული და თემა ამოიწურა".

ზურაბ ტყემალაძე ამბობს, რომ უმრავლესობის ყველა ფრაქცია იყო მიწვეული, "ნაციონალური მოძრაობიდან" პორტირებულებიც, კონსერვატორებიც და ასევე მისი თანაგუნდელი თოფაძეც, უბრალოდ თოფაძემ ვერ მოიცალა.

"დაპატიჟებული ვიყავი და ყრილობაზე გახლდით. ყველა იყო მიწვეული, მაგრამ ზოგმა მოახერხა მისვლა, ზოგმა - ვერ. მე ზვიად ძიძიგურის გვერდით ვიჯექი," - გვითხრა ტყემალაძემ.

პარტიის ყრილობაზე არ მისულა თამაზ მეჭიაური, რომელმაც შემდეგ განაცხადა, რომ ეს არ იყო დემარში, უბრალოდ მას არ სურდა მხოლოდ მოვალეობის მოხდის მიზნით მისულიყო იმ გუნდთან, რომელიც საგარეო კურსზე მისგან რადიკალურად განსხვავებულ პოზიციას აფიქსირებს. დღის ბოლოს თქვა, რომ "ოცნების" სიაში არ იქნება და "მისი ჭკუის ხალხს მოძებნის".

"ოცნების" ძველი და ახალი სახეები

ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ ერთხმად აირჩიეს პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი. ასევე სწრაფად და ერთხმად დაამტკიცეს პარტიის პოლიტიკური საბჭოს განახლებული შემადგენლობა.

პოლიტიკური საბჭოს წევრები ძველი სახეებიდან არიან: პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე, დეპუტატები - გია ვოლსკი, მანანა კობახიძე, ეკა ბესელია, ირაკლი სესიაშვილი, ირაკლი ტრიპოლსკი, თემურ ჭკუასელი, ზვიად კვაჭანტირაძე, გედევან ფოფხაძე, თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელი დავით საგანელიძე, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე და თავად გიორგი კვირიკაშვილი.

ახალ სახეებად მიემატნენ: დავით ბაქრაძე - ევროინტეგრაციის მინისტრი; დავით კოღუაშვილი - ყოფილი პარლამენტარი, "ახალი მემარჯვენეების" დამფუძნებელი და ევროკავშირის მხრიდან მთავრობის საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობათა მრჩეველი; მამუკა მდინარაძე - "ადვოკატთა ალიანსის" თავმჯდომარე; ირინე ფრუიძე - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრი, "ახალი მემარჯვენეების" ყოფილი წევრი, "ინტელექტუალური თამაში "რა, სად, როდის" კლუბის წევრი; რომან კაკულია - ევროკავშირის პროგრამების დეპარტამენტის უფროსი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი; სოფიო კილაძე - შსს-ს აკადემიის პრორექტორი, საერთაშორისო საჯარო სამართლის სპეციალისტი; აკაკი ზოიძე - კოლუმბიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მკვლევარი და ზვიად გონაძე - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე.

მემარცხენე ორიენტაციის "ოცნების" 21-წევრიან პოლისტაბჭოში უკვე 3 პოლიტიკოსი "ახალი მემარჯვენეებიდანაა". დაანონსებულია, რომ ახალი სახეები სიაში კიდევ ბევრნი იქნებიან. მათ შორის გამორიცხული არ არის, ერთ დროს "მემარჯვენე" პრემიერმა ყოფილი თანაპარტიელები კიდევ მიიღოს.

სია ბოლომდე ჩამოყალიბებული არ არის, თუმცა არის რამდენიმე პირი, რომელთა კანდიდატურები განიხილება და დიდი ალბათობითაც, ისინი სიაში მოხვდებიან. ესენია: შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე. საუბარია იმაზეც, რომ თალაკვაძე პარტიაში საკუთარ გუნდთან ერთად მიდის და სოფიო კილაძის გარდა საარჩევნო სიას კიდევ 3 კაცი დაემატება შს სამინისტროდან. სიაში იქნება განათლების მინისტრის მრჩეველი ოთარ აბესაძეც; ასევე დიდი ალბათობით, იქნება "ქართული ოცნების" საერთაშორისო ურთიერთობათა სამსახურის ხელმძღვანელი დიმიტრი ცქიტიშვილი; "2030"-ის ექსპერტებიდან მიხეილ დუნდუა და ლევან კალანდაძე; კლუბის "რა? სად? როდის?" წევრი ლაშა კილაძე; საუბარია იმაზე, რომ "ოცნებასთან" შეერთებაზე თავს იკავებს თამარ ჩუგოშვილი და შესაძლოა ის სიაში არ მოხვდეს; სიაში ადგილი თითქმის გარანტირებული აქვს "ქართული ხმების" წევრ გივი ჭიჭინაძესაც, როგორც ექსპრემიერ ივანიშვილის მეგობარს.

გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ არაფრისმთქმელი ყრილობა იყო, რეალურად ისევ ის სახეები დარჩნენ, რომელთა მიმართაც მაინცდამაინც დიდი კმაყოფილება არ ყოფილა და ეს "ქართულ ოცნებას" არანაირ რეიტინგს არ მოუტანს.

"მინდა ვკითხო - სულ უცნობ სახეებზე რატომ გააკეთეს არჩევანი და ერთი-ორი მაინც რატომ არ წარადგინეს ცნობილი სახე? ან ეს ყველასთვის უცნობი სახეები საერთოდ პოლიტიკაში კარიერაც რომ არ დაუწყიათ, პირდაპირ პოლისტაბჭოში რატომ ჩაახტუნეს? ნორმალურ ცხოვრებაში ასე არ ხდება. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს პარტიის ლიდერების პოლიტიკისადმი არასერიოზულ დამოკიდებულებაზე.

"უბრალოდ, ფასადზე რამდენიმე ადამიანი გამოაჩინეს, თან ისეთები, ვერავიზე ვერაფერს ვერ იტყვი და გინდ ყოფილან და გინდ - არა. ყველაფერი დარჩა ძველებურად," - აღნიშნავს ხუხაშვილი.

ხუხაშვილი ამბობს იმასაც, რომ "ოცნებას" საარჩევნო სიაზე გათვლა არ აქვს, ეს ყრილობაზე წარდგენილმა პოლიტსაბჭომაც დაადასტურა და "ოცნება" იმ იმედადაა დარჩენილი, რომ ხალხი ისევ ბიძინა ივანიშვილს მისცემს ხმას.

"დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის" პრეზიდენტ სოსო ცისკარიშვილის თქმით, ყრილობაზე ვნახეთ ის, რომ "მეჭიაუროკრატიის საფრთხე აღარ არსებობს", თავად კენჭისყრის ფორმატმა კი საბჭოთა კავშირის დროინდელი ყრილობები მოაგონა, როდესაც ხალხს ჯერ ხელი არ ჰქონდა აწეული და უკვე გამოცხადებული იყო კენჭისყრის წარმატებით დასრულება.

ამბობს, რომ ივანიშვილმა დააანონსა კვირის ბოლოს ერთგვარი ანგარიშის გამოქვეყნება და კარგია, რომ მან რამდენიმეთვიანი "იატაკქვეშეთში" გატარებული დროის შემდეგ ეს გამოაცხადა.

ცისკარიშვილს მოსწონს ის, რომ ახალ სახეებში ე.წ. ცნობადი სახეები, მომღერლები და სპორტსმენები არ იყვნენ.

"ახალი სახეების ნაწილი მომწონს, ზოგიერთი მაკვირვებს, მაგრამ რომ ვთქვა, რომ ვინმე ქვეყნის დამაქცევარია მათ შორის, ასეთი არ მეგულება," - ამბობს ცისკარიშვილი და დასძენს, რომ ახალი სახეების შერჩევისას უმთავრესი იქნებოდა ის, რომ ყველაფერთან ერთად უნდა ჰქონდეს ერთი უტყუარი მახასიათებელი - მეორედ თქმა არ უნდა სჭირდებოდეთ დავალების შესასრულებლად. მორჩილება არის აუცილებელი ატრიბუტი.

"ვისაც არ მოვწონვართ, ყველა კარგად იყოს"

პოლიტსაბჭოს წევრი, დეპუტატი თემურ ჭკუასელი ამბობს, რომ პოლიტსაბჭოს წევრებად ვინც დასახელდნენ, ბუნებრივია, ისინი საარჩევნო სიაში იქნებიან, მაგრამ თავად სიაზე მუშაობა ჯერ არ დასრულებულა.

პოლიტსაბჭოს ახალ და ძველ სახეებზე საუბრისას ამბობს, რომ ყველა გვარი ერთნაირად მოსაწონი არ იქნება და არ ჰგონია, რომ პარტიაში რაღაც ძველი უთანხმოების გამო საგანელიძე არ მოიწონოს გუნდში ვინმემ, ან ბესელიამ და კობახიძემ მათ მიმართ არსებული "ცრუ სკანდალის" გამო დააკარგვინონ რეიტინგი პარტიას.

იმავეს ამბობს თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელი დავით საგანელიძე, რომლის თქმითაც, პარტიის წევრების მიმართ აგორებულ სკანდალებში პარტიისათვის პრობლემას ვერ ხედავს.

"როდესაც არჩევნები ახლოვდება, თითქმის ყველა პოლიტიკოსის გარშემო უამრავი სკანდალი მზადდება, ყველაფერს იტყვიან და მოიგონებენ და ვაიჟურნალისტები რაღაც ფაქტებს დაასახელებენ.

"სკანდალი ერთია და დანაშაული თუ შეცდომა - მეორე. მაგალითად, ელისაშვილის მიერ აგორებულ სკანდალში დანაშაული ვერ ვნახე და გამოდის, რომ თუ რომელიმე პოლიტიკოსის მოცილება გვინდა, უნდა ავაგოროთ ტყუილი სკანდალი და მერე ეს ბლეფიც რომ აღმოჩნდეს, მაინც სწორი იქნება, ეს ადამიანი პოლიტიკას მოვაცილოთ?! თუ სკანდალში ობიექტური სიმართლე არ არის, ამან ადამიანების პოლიტიკურ კარიერაზე არ უნდა იმოქმედოს," - მიიჩნევს საგანელიძე.

ის ამბობს, რომ თავად პოლიტსაბჭოს წევრობიდან არსად წასულა და ამჯერადაც დარჩა საბჭოში, ხოლო თუკი ვინმეს ეს არ მოსწონს, "კარგად იყოს".

ამბობს, რომ შორსაა იმ მოსაზრებიდან, რომ ამ 21-დან ყველა პარტიის სიაში უნდა იყოს და მაგალითად, თავად სიაში არ იქნება.

"სია არჩევნებამდე 2 თვით ადრე გამოცხადდება. ჯერ იქნება მაჟორიტარები, რომ ისინი წინასაარჩევნოდ აქტიურად ამუშავდნენ. სიაში ახალი სახეები უფრო მრავლად იქნებიან, ვიდრე ყრილობაზე ვნახეთ. ჩემი აზრით, ცნობადი სახეები, მსახიობები, მომღერლები, სპორტსმენები, პატივცემული ადამიანები არა სიაში, არამედ მხარდამჭერებში უნდა იყვნენ. პარტიას არა მარტო ცნობადი სახეებით, არამედ თავის განვლილი გზით და პროგრამით, ხედვით ექნება ხმების მოზიდვის შესაძლებლობა," - აღნიშნავს საგანელიძე.

მისი თქმით, ადრე საპარლამენტო უმრავლესობაში ვისთანაც დაპირისპირებული იყო, ეს იყო ის ადამიანები, რომლებზეც ფიქრობდა, რომ მათ კოალიციასთან არაფერი ესაქმებოდათ და ის ყოველთვის მართალი იყო. "ასეთი იყო კობა დავითაშვილი და ის სადაცაა ხედავთ; ასევე იყო მურმან დუმბაძე, მან ჩემ წინააღმდეგ გააკეთა რამდენიმეკაციანი ჯგუფიც და სად არის დუმბაძე, ამასაც ხედავთ. გარკვეული დაპირისპირება მქონდა "თავისუფალ დემოკრატებთან" და მათაც დატოვეს უმრავლესობა. ასევე არმაზ ახვლედიანთანაც და მანაც დატოვა პარტია.

"თუნდაც ფრაქციაში თუ გარკვეული პოზიციები არსებობდა, მე ჩემი აზრი მქონდა. თუმცაღა, ჩემი უმრავლესობის ლიდერობის დროს არც უმრავლესობა დაშლილა და არც ფრაქცია. ახლა კარგად ჩანს, პარტიაში ვინ რისთვის იყო. "გეტყვით იმასაც, რომ ჩემი მოსაზრებები ძალიან ბევრ საკითხზე რადიკალურად განსხვავდება იგივე ომარ ნიშნიანიძის, დავით ლორთქიფანიძის ან რამდენიმე სხვისგან და ამაში რა არის ცუდი?! პარტიამ გადაწყვიტა, რომ ბევრჯერ ჩემი პოზიცია იყო სწორი და არ ვაპირებდი, თავზე ხელის გადასმით მესაუბრა.

თუ რაიმე არ მოსწონდათ ლორთქიფანიძეს, ნიშნიანიძეს ან ქუცნაშვილს, მათ პოლიტიკაში თავიანთი ადგილი აქვთ და მე - ჩემი. "ჩემი პოლიტსაბჭოში ყოფნით როგორ შეიძლება ყველას კმაყოფილება გამოვიწვიო მე ან პოლიტსაბჭოს ყველა წევრმა?! პარტიას, რომელსაც 100 ათასობით ამომრჩეველი ჰყავს, როგორ შეიძლება პოლიტსაბჭოს 21-ვე წევრი მოსწონდეს?! ვისაც არ მოვწონვარ, ყველა კარგად იყოს," - დასძენს საგანელიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×