ლარის კურსი თანდათან უახლოვდება იმ ზღვარს, რომელმაც ელექტროენერგიის ტარიფის შემცირების საკითხი დღის წესრიგში უნდა დააყენოს. სხვათა შორის, შარშან ევროპაში ელექტროენერგიის ტარიფი, საშუალოდ, 3%-ით შემცირდა. საქართველოში კი, პირიქით, დენის საფასური გაიზარდა, მიუხედავად იმისა, რომ "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ძირითადი საარჩევნო დაპირება კომუნალურ გადასახადებს უკავშირდებოდა.
გერმანიაში, რომელიც ევროპის ყველაზე მსხვილი ბაზარია დენი 3.2%-ით გაიაფდა, დიდ ბრიტანეთში - 3,7%-ით. ანალიტიკოსები ამის მიზეზად თბოსადგურებისთვის ბუნებრივი აირისა და ქვანახშირის გაიაფებას ასახელებდნენ. საქართველოში კი საპირისპირო პროცესია - ელექტროენერგიის ტარიფი გაიზარდა და ამის მიზეზად ლარის გაუფასურება გახდა.
ახლა მდგომარეობა საპირისპირო მიმართულებით შეიცვალა. მარტის დასაწყისში ენერგეტიკის სამინისტრომ აზერბაიჯანთან გაზის დამატებითი მოცულობის მოწოდებაზე შეთანხმებას მიაღწია, ამასთანავე გაიაფდა სოციალური გაზის ტარიფი, რომელიც ელექტროენერგიის წარმოებისთვისაც არის განკუთვნილი. ლარის კურსი კი ყოველდღიურად მყარდება. ენერგეტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ ბაზარზე უკვე შეიქმნა შესაძლებლობა, ტარიფი ისევ შეიცვალოს და "ქართულმა ოცნებამ" 4 წლის წინანდელი დანაპირები მეორე არჩევნების წინ მაინც შეასრულოს.
ენერგეტიკოს თემურ ჭიჭინაძეს, პოლიტიკური ნების არარსებობის მოტივით, ტარიფის შემცირებაში ეჭვი ეპარება. "ელექტროენერგიის გაიაფება შესაძლებელია, მაგრამ ეს არ მოხდება. ამისთვის პოლიტიკური ნება არ არსებობს. პირველივე შესაძლებლობისთანავე მხოლოდ გაძვირების მიზეზს ეძებენ", - ამბობს თემურ ჭიჭინაძე და დასძენს, რომ 2013 წელსაც ელექტროენერგიის ტარიფის "მოჩვენებითი" შემცირება მოხდა. დიფერენცირებულ ფასში, დენი მოსახლეობის მხოლოდ ერთ ნაწილს გაუიაფდა.
"რეალურად მაშინდელი ცვლილებით ისარგებლად ჯგუფმა, რომელიც 100 კვტ/სთ ელექტროენერგიას ხარჯავდა. ტარიფი ისე უნდა შემცირებულიყო, როგორიც იყო დანაპირები. ამის საშუალება მაშინაც არსებობდა და ახლაც არის", - ამბობს ჭიჭინაძე და გამოსავალს "ენერგო პროსა" და "თელასთან" გაფორმებული ხელშეკრულებების გასაჯაროებაში ხედავს - "მერე ყველაფერი ავტომატურ რეჟიმში გაირკვევა".
ენერგეტიკოსს მაგალითად 1999 წლის ბაზრის მდგომარეობა მოჰყავს და აღნიშნავს, რომ იმ პერიოდში, როდესაც "ეი-ი-ეს თელასი" შემოვიდა საქართველოში ლარის კურსი დოლართან მიმართებით 2,3-ის ფარგლებში მერყეობდა. ბუნებრივი აირის ღირებულება კი თითქმის ანალოგიური იყო.
"შარშან "ენერგო პრომ" და "თელასმა" ტარიფის გაძვირების მოთხოვნა 2,2 ლარის კურსის ფარგლებში წამოაყენეს. ამ დროს, თუკი ხელშეკრულებები გასაჯაროვდება, დავინახავთ, რომ მათ ტარიფის რეალურ დონემდე დაყვანის უდიდესი რესურსი აქვთ. ამას არ ჰქვია გაიაფება, ეს იქნება რეალური ფასი.
ტარიფი შედგება რამდენიმე კომპონენტისგან - გენერაცია, გადაცემა, დისპეჩერიზაცია, ხარჯები. 4 კომპონენტიდან სამი ვიცით. ჩვენთვის უცნობმა ის ხარჯი, რომელსაც კომპანია ახორციელებს. ამიტომ მათ ყოველვის შეუძლია ითამაშონ", - ამბობს თემურ ჭიჭინაძე.
"ბიზნეს-რეზონანსი" უკვე წერდა, რომ სემეკი დოლარის მიმართ ეროვნული ვალუტის ცვლილებას აკვირდება, თუკი კომისიაში კურსის სტაბილურობაში დარწმუნდნენ, შეიძლება ტარიფის გადახედვა დღის წესრიგში დადგეს. სემეკის წევრის გოჩა შონიას განცხადებით, მოქმედ წესებში არ არსებობს კონკრეტული ჩანაწერი - სავალუტო კურსის რამდენპროცენტიანი ცვლილების შემთხვევაში უნდა შეიცვალოს ტარიფი. როდესაც ელექტროენერგია გაძვირდა, ლარი დოლარის მიმართ დაახლოებით 30%-ით იყო გაუფასურებული. რამდენიმე თვის წინ თბოელექტროსადგურებს ახალი ტარიფი 2,30-ის ნიშნულზე დაუანგარიშდათ.
"თუ მოხდა არსებითი ცვლილება და ლარი კიდევ უფრო გამყარდა, გადაიხედება ტარიფიც", - ამბობს გოჩა შონია.
რაც შეეხება ლარის გამყარების ტენდენციას. ბოლო ორი თვეა ეროვნული ვალუტა დოლარის მიმართ პოზიციებს ისე იმყარებს, რომ ეროვნული ბანკი იძულებული გახდა მიმოქცევიდან 95 მილიონი დოლარი ამოეღო. ამ დროისთვის, ოფიციალური კურსი დოლარის მიმართ 2,2 ლარია. სავალუტო პუნქტებში კი 1 დოლარი 2,18-2,19 ლარის ფარგლებში მერყეობს. ფინანსური წრეებიდან უკვე გაკეთდა პროგნოზი, რომ ახლო მომავალში ლარის კურსი 2 ნიშნულამდე ჩამოვა. ეს ნიშნავს, რომ ტარიფის გაიაფების შესაძლებლობა უფრო და უფრო რეალური ხდება.
"თუ მოხდება მნიშვნელოვანი ცვლილება ლარსა და დოლარის შორის, ამ შემთხვევაში კომისიას ეძლევა შესაძლებლობა, რომ სატარიფო წლის განმავლობაში კიდევ ერთხელ გადახედოს ტარიფს", - განაცხადა გოჩა შონიამ.
ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტის რეზო არველაძის განცხადებით, ტარიფი დათვლილია დაახლოებით იმ კურსზე, რომელიც დღეს არის. ამიტომ ტარიფის გადახედვის ზედა ნიშნული უნდა იყოს 2,30 და არა 2,48 ლარი.
"როდესაც ტარიფი გაიზარდა მაშინ კურსი 2,30 ლარზე დააფიქსირეს. ახლა 2,30-ს უნდა მოაკლდეს დაახლოებით 25 თეთრი, რათა ტარიფის გადახედვის ობიექტური საბაბი შეიქმნას. თუ დოლარის მიმართ ლარი ამ დონეზე გამყარდება, მაშინ კომპანიებმა რომც არ შეიტანონ განაცხადი, მარეგულირებელ კომისიას უფლება აქვს, რომ თავად განახორციელოს ტარიფის კორექტირება", - ამბობს რევაზ არველაძე.
შეგახსენებთ, რომ შარშან ეროვნული ვალუტის გაუფასურების მოტივით მოსახლეობას ელექტროენერგია იმაზე მეტად გაუძვირა, ვიდრე 2013 წლის გაიაფებამდე იყო. 2015 წლის 1-ლი აგვისტოდან "ენერგო-პროს" მოთხოვნის საფუძველზე ელექტროენერგიის ტარიფი რეგიონებში 3,95 თეთრით გაიზარდა.
მოგვიანებით, სემეკს ტარიფის გადახედვა უკვე "თელასმაც" მოსთხოვა. დენის ტარიფმა დედაქალაქშიც რეგიონების ანალოგიურად მოიმატა. მაგალითად, ის მომხმარებელი, რომელიც 101 კვ/სთ ელექტროენერგიას ხარჯავს, 1 კილოვატში 9,94 თეთრის სანაცვლოდ, უკვე 12,89 თეთრს იხდის, წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში ამ კატეგორიის აბონენტებისთვის ელექტროენერგიის სააფასური 12,48 თეთრი იყო.
ასევე ყველაზე დიდი საფასურის გადახდა უწევთ სხვა კატეგორიის აბონენტებსაც. მათთვის, ვინც 101-დან 301 კილოვატამდე ელექტროენერგიას მოიხმარენ, 1 კვ/სთ საფასური 12,46 თეთრიდან 16,99 თეთრამდე გაიზრდა (ადრე 16 თეთრი). ყველაზე მძიმე დღეში მესამე კატეგორიის (301 კვ/სთ) აბონენტების აღმოჩნდნენ და მათთვის ელექტროენერგიის საფასური 21,65 თეთრი გახდა. მესამე კატეგორიას, ძირითადად, მცირე და საშუალო ბიზნესი მიეკუთვნება, რომლებიც ლარის გაუფასურების გამო, ისედაც საკმაოდ დაზარალდნენ.