ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულ ხუთივე პირს 7-7-წლიანი პატიმრობა შეეფარდა - ამის შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა დახურულ კარს მიღმა გამოაცხადა.
ე.წ. კაბელების საქმეზე 5 პირი იყო ბრალდებული: ნუგზარ კაიშაური, დავით წიფურია, არჩილ ალავიძე, გიორგი ლობჟანიძე და გიზო ღლონტი.
პროკურატურის მტკიცებით, აღნიშნულმა პირებმა კანონის დარღვევით ჩატარებული სახელმწიფო შესყიდვის შედეგად სს "სილქნეტი" ჩააყენეს უპირატეს მდგომარეობაში, მასთან გააფორმეს ხელშეკრულება და სს "სილქნეტს" 2 618 005 ლარის ღირებულების ქონებაში 6 720 877 ლარი გადაუხადეს. უწყების განმარტებით, ბრალდებულების მიერ ჩადენილი დანაშაულის შედეგად სახელმწიფოს 4 102 872 ლარის ზიანი მიადგა.
სასამართლოს გადაწყვეტილების საპასუხოდ "თავისუფალი დემოკრატები" საპროტესტო აქციებს იწყებენ. როგორც პარტიის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, ხუთი ადამიანის წინააღმდეგ გამოტანილი პატიმრობის განაჩენი "თავისუფალი დემოკრატების" დღის წესრიგს ცვლის.
"მოსამართლე ბუგიანიშვილმა დამნაშავედ ცნო ადამიანები, რომლებსაც არ ჰქონდათ ჩადენილი დანაშაული, არ გააჩნდათ მოტივი, ადამიანები, რომლებმაც სახელმწიფოსთვის ყველაზე მომგებიანი და ხარისხობრივად უნაკლო კონტრაქტი გააფორმეს და ადამიანები, რომლებიც არ განკარგავდნენ იმ თანხას, რომელთა გაფლანგვაშიც მათ ბრალს სდებენ.
"ვპირდები საზოგადოებას, რომ ყველა ღონეს ვიხმართ ამ ადამიანების ციხიდან დასახსნელად. ჩვენ კონსტიტუციური ნორმების სრული დაცვით და კანონიერი გზით, მათ შორის აქციებით ვიბრძოლებთ სამართლიანობის აღდგენისთვის.
"ხუთი ადამიანის მიმართ ჩადენილი დანაშაული, რა თქმა უნდა, ცვლის ჩვენი პარტიის დღის წესრიგს. დღეს, ხვალ, ზეგ ჩვენ გვექნება შეხვედრები არასამთავრობო ორგანიზაციებთან, დიპლომატიურ კორპუსთან, მივაწვდით ამ ბოროტმოქმედების შესახებ ინფორმაციას ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას და ყველა მეგობარი ქვეყნის დედაქალაქებს", - აღნიშნა "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა.
ე.წ კაბელების საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება როგორ აისახება ხელისუფლების რეიტინგზე? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.
დოდო ხურცილავა (ხელოვნებათმცოდნე): "ე.წ კაბელების საქმეზე, მე ვფიქრობ, არ არის მოსალოდნელი, რომ დიდი ამბავი ატყდება. იმიტომ კი არა, რომ არ მაქვს ამ ადამიანების მიმართ თანაგრძნობა, მეტიც, გული შემიწუხდა, როდესაც ერთ-ერთის მეუღლე ტიროდა. მაგრამ, დამიჯერეთ, ხალხს ე.წ კაბელების საქმის, თუ "თავისუფალი დემოკრატების" მიმართ დიდი თანაგრძნობა და დიდი სიყვარული ამ წუთში არ აქვს. შეიძლება გარკვეული თვალსაზრისით იყოს დამოკიდებულების შეცვლა, მაგრამ ეს იქნება უმნიშვნელო.
გარდა ამისა, კიდევ არის ერთი მომენტი, სანამ ოპოზიციაში წავიდოდნენ, სულ ამბობდნენ - მოდით ნუ შევურაცხყოფთ სასამართლოს... როდესაც საქმე მათ შეეხო, სასამართლო ახლა გახდა ცუდი?! ეს არ არის სწორი დამოკიდებულება.
მართლა თანავუგრძნობ ამ ადამიანებს, მაგრამ არ შეიძლება სასამართლოზე მუდმივი ზეწოლა, მთავრობის მხრიდან იქნება ეს, თუ ოპოზიციის მხრიდან, ამას მნიშვნელობა არ აქვს."
გიგა ნასარიძე (ა/ო "საქართველო არ იყიდება): "ხელისუფლების იმიჯზე ყველა საქმე, რომელსაც პოლიტიკური ელფერი აქვს და ბოლო ხანებში ასეთი ძალიან ბევრი საქმე დაგროვდა, აუცილებლად ძალიან ცუდად აისახება. არამარტო შიდა რეიტინგზე, საქართველოს მოსახლეობის თვალში ეს პოლიტიკური ძალა უკვე თითქმის გაბანკროტებულია, არამედ უცხოელი მეგობრების თვალშიც. ისინიც თვლიან, რომ დღევანდელი ხელისუფლება პოლიტიკურ დევნას ახორციელებს. ამის დასტური იყო დღევანდელი გადაწყვეტილებაც და ალბათ, ასეც გაგრძელდება, თუ არ მოხდა ამ პოლიტიკური ძალის, ნორმალური, დემოკრატიული პოლიტიკური ძალით ჩანაცვლება."
თედო დონდუა (ისტორიკოსი): "არა მგონია, რეიტინგზე რამეინაირად აისახოს. იმიტომ, რომ ჩვენ საქმის კურსში არ ვართ და არც დეტალები ვიცით, ეს სასამართლოს კომპეტენციაა. თუკი ვინმეს რამე ეჭვი ეპარება, მგონი, ეს ბოლო ინსტანცია არ არის და შეუძლიათ გაასაჩივრონ.
მე არ შემიძლია ვთქვა, დამანაშავეები არიან თუ არა. ჩვენ არ ვიცით, იქ რამე მაქინაცია იყო თუ არა. აქციას ვერც მხარს დავუჭერ და ვერც წინააღმდეგ წავალ. იმიტომ, რომ არ ვიცი, სინამდვილეში რა მოხდა. ისეთ დეტალებზეა საუბარი, არც შეიძლება, რომ ვიცოდე.
აქედან გამომდინარე, გამოსვლები არ არის ის მეთოდი, რითიც უნდა მოვახდინოთ მანიპულაცია. ჯობია, ისევ სასამართლოს ზედა ინსტანციის გზით გაარკვიონ, რა მოხდა."
ნუცა ჯანელიძე (მუსიკათმცოდნე): "ხელისუფლებას რამდენად უნდა აწყობდეს, რომ ვიღაცებმა ასე ტელევიზიიდან აგინონ?! შეიძლება, ოქტომბრის მერე ამ გინებას და ლანძღვას მათთვის მნიშვნელობა არ ჰქონოდა, მაგრამ ახლა რატომ უნდა აწყობდეთ, ვინმემ მათზე ცუდი ილაპარაკოს?! შეიძლება იყო რაღაც გადაცდომა, არ ვიცი, მაგრამ ის ვიცი, რომ ხელისუფლებას არ უნდა აწყობდეს არანაირი არეულობა."
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე