"ეს გადაწყვეტილება მის ხელისუფლებას ბოლოს მოუღებს"
ეკატერინე ბასილაია
17.05.2016

 "თავისუფალი დემოკრატები" ივანიშვილის წინააღმდეგ მასშტაბურ საპროტესტო აქციებს იწყებენ და ხელისუფლების შეცვლით იმუქრებიან. პირველი აქციაც უკვე შაბათს მთავარ პროკურატურასთან დაანონსებულია, სადაც რაც უნდა საკვირველი იყოს, მისვლას ჯერ კიდევ უმრავლესობაში მყოფი "რესპუბლიკელების" ნაწილიც გეგმავს.

რამდენად შეძლებს ირაკლი ალასანია, აქციაზე ხალხის შთამბეჭდავი რაოდენობა შეკრიბოს, ეს შაბათს გამოჩნდება. პოლიტოლოგების პროგნოზით, მას ეს ძალიან გაუჭირდება, თუმცა ამბობენ იმასაც, რომ ალასანიას პროკურატურის გადაწყვეტილებამ სხვა გზა არც დაუტოვა და რომ პარტიისათვის საპროტესტოდ გამოსვლა ღირსების საკითხია.

გუშინ სასამართლომ ე.წ. კაბელების საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი გამოაცხადა და თავდაცვის სამინისტროს 5 თანამშრომელს 4 მილიონი ლარის გაფლანგვის ბრალდებით 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ისინი სხდომის დარბაზშივე დააპატიმრეს.განაჩენის გამოცხადებისთანავე დარბაზში ხმაური ატყდა. მოსამართლემ მხოლოდ ერთი ბრალდებულის მიმართ გამოტანილი განაჩენის გამოცხადება შეძლო, მის სიტყვას სხდომაზე შეხლა-შემოხლა და ლანძღვა მოჰყვა. შემდეგ სასამართლო დაიხურა.

ცნობისათვის, თავდაცვის სამინისტროს ხუთი თანამშრომელი 2014 წლის 28 ოქტომბერს დააკავეს. ბრალდებულებს თავდაპირველად წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ, მაგრამ დაკავებიდან 8 თვის შემდეგ ისინი თავდებობის საფუძველზე გათავისუფლდნენ. მათი ნაწილი თავდაცვის მოქმედმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა სამსახურში აღადგინა. სწორედ ეს საქმე გახდა 2014 წელს ირაკლი ალასანიას მიერ თავდაცვის მინისტრის პოსტის დატოვების მიზეზი და ის, თავის გუნდთან ერთად, ოპოზიციაში გადავიდა.

ალასანიამ განაჩენს ივანიშვილის მხრიდან "შურისძიება" უწოდა და "რეჟიმის" დასასრულებლად საზოგადოებას მის გვერდით დგომისკენ მოუწოდა. "მინდა დავპირდე ივანიშვილს, რომ ეს გადაწყვეტილება იქნება ის გადაწყვეტილება, რომელიც მის ხელისუფლებას ბოლოს მოუღებს, დავასრულოთ ეს რეჟიმი, რომელიც პროკურატურას პოლიტიკურ ბერკეტად იყენებს. ეს 5 ადამიანი ივანიშვილმა პოლიტიკური ზეწოლისთვის მძევლად აიყვანა", - განაცხადა ალასანიამ.

შემდეგ პარტიის ოფისში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა, სადაც გაცხადდა, რომ პარტია საგანგებო მოქმედების რეჟიმზე გადადის, თუმცა არჩევნების გზას არ გადაუხვევს და "არაფორმალური მმართველის მორჩილ ხელისუფლებას ოქტომბრის არჩევნებზე შეცვლის".

პირველი გამაფრთხილებელი აქცია შაბათს, 21 მაისს გაიმართება. რაც შეეხება შემდგომ აქციებს, ალასანიამ აღნიშნა, რომ ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას ეტაპობრივად მიაწვდიან. აქციების პარალელურად ადვოკატები საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სამართლებრივი გზითაც გააპროტესტებენ.

"ხუთი უდანაშაულო ადამიანის მიმართ ჩადენილი დანაშაული, რა თქმა უნდა, ცვლის ჩვენი პარტიის დღის წესრიგს. დღეს, ხვალ, ზეგ შეხვედრები გვექნება არასამთავრობო ორგანიზაციებთან, დიპლომატიურ კორპუსთან, ამ ბოროტმოქმედების შესახებ ინფორმაციას ყველა საერთაშორისო ორგანიზაციასა და მეგობარი ქვეყნის დედაქალაქებს მივაწვდით", - აღნიშნა ალასანიამ.

"თავისუფალ დემოკრატებს" სოლიდარობას "რესპუბლიკური პარტია" უცხადებს. როგორც დავით ბერძენიშვილმა განაცხადა, "რესპუბლიკელთა" გარკვეული რაოდენობა აქციაზე იქნება, რადგან სულ უფრო და უფრო იზრდება ახალი ხელისუფლების კვალი მათ ფსევდოსამართლებრივ, რეალურად კი პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში.

ჯერ გადაწყვეტილი არ აქვთ, მაგრამ შესაძლოა აქციას "ნაციონალებიც", როგორც რიგითი მოქალაქეები, ისე შეურთდნენ.

"თავისუფალი დემოკრატების" წევრი ირაკლი ჩიქოვანი ამბობს, რომ საგანგებო რეჟიმი გულისხმობს იმას, რომ პარტიის მხრიდან გამოყენებული იქნება ყველა სამართლებრივი და პოლიტიკური ბერკეტი, რომ ხელისუფლება სასამართლოზე წნეხს შეეშვას. შესაბამისად აქციებიც იქნება.

"ქართულმა ოცნებამ" საარჩევნო რეჟიმი ასე გახსნა და ჩვენ გვესმის რა სახის წინასაარჩევნო კამპანია იქნება, მაგრამ ამ გამოწვევას არ ვუშინდებით და ბოლომდე ვაპირებთ ბრძოლას იმისათვის, რომ ქვეყანაში ნორმალური სამართლებრივი სახელმწიფოს პირობები შეიქმნას. ქართული საზოგადოება უსამართლობას არასდროს ეგუებოდა და დარწმუნებული ვარ, ამ ძალადობის წინააღმდეგ ძალიან ბევრი ადამიანი დაგვიჭერს მხარს", - უთხრა "რეზონანსს" ჩიქოვანმა.

ჩიქოვანმა არც ის გამორიცხა, რომ საპროტესტოდ მათ სხვა პარტიის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ, რადგან "ეს არ არის პარტიულ-პოლიტიკური ღონისძიება, არამედ არის უსამართლობის წინააღმდეგ მიმართული აქცია.

პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია მიიჩნევს, რომ ახლა, როდესაც ყველა პარტია საარჩევნო ათეულის თუ ოცეულის წარმოჩენაზეა გადართული და ყველას თავისი გასჭირვებია, მათგან დიდი მხარდაჭერა ცოტა საეჭვოა, თავად მარტო "თავისუფალ დემოკრატებს" კი საპროტესტო მუხტის აწევა და ხალხის დიდი რაოდენობის გამოყვანა გაუძნელდებათ, რადგან ამ პარტიას აქციებზე წამსვლელი ელექტორატი ნაკლებად ჰყავს.

თუმცა აღნიშნავს იმასაც, რომ ალასანიას სხვა გამოსავალი არ რჩებოდა და ერთგვარი პრესტიჟის საკითხიცაა საპროტესტოდ გამოსვლა. კაკაჩია მიიჩნევს, რომ თუკი "ნაციონალი" ლიდერებიდან ვინმე მივა აქციაზე, ეს გარკვეული რისკის შემცველიც შეიძლება იყოს.

"როდესაც ხმამაღალ განცხადებებს აკეთებს პარტია და შემდეგ ვერ ახერხებს ბევრი ხალხის გამოყვანას, ეს გარკვეული რისკია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მათაც ექნებათ ამაზე ნაფიქრი. თუმცა ასევე აღსანიშნავია ის, რომ მათ სხვა გზა არც ჰქონდათ. ისინი დიდი ხანია ამ სასამართლო პროცესის დასრულებას ელოდნენ და რადგანაც თავად ალასანია ყოველთვის ამბობდა, რომ ეს 5 ადამიანი მის გამო იყო დაკავებული, მისთვის ეს პროტესტი ღირსების საკითხია", - აღნიშნავს კაკაჩია.

საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია მიიჩნევს, რომ ხალხს მობეზრებული აქვს პოლიტიკური აქციები, თუმცა თუკი გვერდით "ნაციონალურ მოძრაობას" დაიყენებენ და მათი რეზერვებით იმოქმედებენ, მხოლოდ ამ შემთხვევაში არის შესაძლებლობა ხალხი მასობრივად გამოიყვანონ.

"ხალხს უფრო მეტი სჭირდება, ვიდრე ერთი და იგივე ყალბი და დესტრუქციებზე აგებული პოლიტიკური პროცესები არჩევნების წინ, რომელიც ქვეყანას და საზოგადოებას მთლიანად ძველებური ყაიდისა და სტილის პროცესებში აბრუნებს.

"როგორც პოლიტიკური ლიდერი, ალასანია ყველაფერს უნდა აკეთებდეს, სამართლიანი ინსტრუმენტებით იმოქმედოს. საზოგადოების აყოლიებაზე ლაპარაკი ზედმეტია. თუმცა "ნაციონალური მოძრაობის" ადამიანური რესურსის გამოყენებით გარკვეული დესტრუქციული ქმედებები და ქვეყანაში გარკვეული პროცესების დაძაბვა შეუძლია მოახერხოს", - მიიჩნევს გამზარდია.

მისი თქმით, ქუჩის აქცია შეიძლება მომგებიანი იყოს ხალხოსნური იდეებით, იგივე მშრომელთა უფლებების გამო გაფიცვა, ან რიგითი ადამიანების უფლებების მკვეთრი შელახვის გამო პროტესტი.

ამ შემთხვევაში კი საუბარია თანამდებობის პირებზე, რაც რიგითი ადამიანებისთვის ხშირ შემთხვევაში გაურკვეველია, ამიტომაც შესაძლოა ეს ადამიანები უდანაშაულოებიც იყვნენ, მაგრამ რადგანაც ისინი ჩინოვნიკები იყვნენ, პროცესი მაინც უფრო ხელოვნურს და პოლიტიკურს ჰგავს.

ამბობს იმასაც, რომ შეიძლება ირაკლი ალასანიას ბრალეულობაც გამოიკვეთოს და აღქმა რჩება, ის თავისი თავის გადარჩენას ხომ არ ცდილობს, რის გამოც საზოგადოების დიდი ნაწილი აქციაზე არ გამოვა. გამზარდიას თქმით, შესაძლოა ალასანიამ ბევრი ადამიანის გამოყვანა ვერ შეძლოს, მაგრამ მას შეუძლია მცირე რაოდენობის ხალხით მოაწყოს რაღაც ჩოჩქოლი.

"ის, რომ დაძაბულობა, პრობლემები შექმნან ან დესტრუქცია გამოიწვიონ, ამისათვის მასობრივი აქციები საჭირო არ არის. ეს შეიძლება ადამიანების მცირე რაოდენობით.

"დაძაბულობის კერა ყველაზე მეტად არ სჭირდება სახელმწიფოს, ხელისუფლებას და საზოგადოებას. ჩვენი პოლიტიკოსები კი ბევრად უფრო ადაპტირებულები არიან დაძაბულობის კერების დროს, ვიდრე მშვიდობიანად პოლიტიკური კომუნიკაციების მართვის დროს", - ამბობს გამზარდია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×