საკრებულოში დედაქალაქის მერის დავით ნარმანიას მისვლა დიდი ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. ნარმანიას საკრებულოსთან არასამთავრობოებმა აქცია მოუწყვეს, სადაც ბოტანიკური ბაღის კუთვნილი ტერიტორიის გასხვისებას აპროტესტებენ.
სხდომაზე არ შეუშვეს არასამთავრობო ორგანიზაციები, რამაც მათი პროტესტი გამოიწვია და ისინი ძალით შეეცადნენ საკრებულოში შეჭრას, რის გამოც მერმა დროებით გამოსვლაც შეწყვიტა.
ნარმანიამ საკრებულოს დეპუტატებსა და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ მზად არის, საზოგადოებისთვის აქტუალურ ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი კიდევ ერთხელ გასცეს.
"მოვედი, რათა წერტილი დავუსვა თბილისის მერიის მიმართ სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით ხელოვნურად შექმნილ აჟიოტაჟს, სიცრუეს და დავასრულო ის შოუ, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობა" დგამს", - განაცხადა დავით ნარმანიამ.
რესპუბლიკური პარტიის წევრი და სკრებულოს დეპუტატი დავით ზურაბიშვილი ამბობს, რომ დედაქალაქის მერიამ და საკრებულოს უმრავლესობამ კონფრონტაციული ტონი აირჩია, რაც, მისივე მოსაზრებით, "ქართული ოცნებისთვის" დამაზიანებელია. ზურაბიშვილი საკრებულოში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა. დეპუტატი მიიჩნევს, რომ ნარმანია კითხვებზე პასუხის გასაცემად მზად არ არის.
"რამდენად ამომწურავი იყო ნარმანიას პასუხები საკრებულოში დასმულ კითხვებზე?" - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების ცნობილ წევრებს მიმართა.
ლაშა ჩხარტიშვილი ("დემოკრატიის ინსტიტუტის" ხელმძღვანელი): "ნარმანიას არც გაუცია პასუხები და ეს არც იყო მოსალოდნელი, რადგან ნარმანია არ არის მერი, ის ამ როლის შემსრულებელია, რაც ყველამ კარგად ვიცით. მისი მბრძანებელი არის ბიძინა ივანიშვილი, აქედან გამომდინარე, მისგან რამე განსაკუთრებულ პასუხს არავინ ელოდა. სამარცხვინო სპექტაკლი გაიმართა საკრებულოში, სადაც არასამთავრობოებს შესვლის საშუალება არ მისცეს.
ჩვენ გავმართეთ აქცია, თუმცა პოლიციამ ხელი შეგვიშვალა. მათ 17 მაისის თემატიკა გამოიყენეს. ხელისუფლებას მასობრივი "დალტონიზმი" აწუხებს, რადგან მათ ვითომ დაშორება სცადეს ეკოლოგიურ აქციასა და სხვა ტიპის აქციას შორის, რომელთანაც არავითარი კავშირი არ გვქონდა. რა თქმა უნდა, ჩვენ შორის იყვნენ ამ აქციის მოწინააღმდეგეებიც და მომხრეებიც, თუმცა ამ ეტაპზე არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა ამას."
იგორ კვესელავა (პოლიტოლოგი): "სიმართლე გითხრათ, საკრებულოში დღეს მერის მისვლა არც იყო გამართლებული. მერს, ისევე როგორც პრეზიდენტს, უფლება აქვს, საკრებულოში წელიწადში მხოლოდ ერთხელ მივიდეს. გარდა იმ შემთხვევისა, თუ არ ხდება რამე განსაკუთრებული.
მუშაობის პროცესში არ არის აუცილებელი 20 იქნება თუ 50 კაცი, მათი მოთხოვნის საფუძველზე მერი მიდიოდეს საკრებულოში, ეს არ არის სწორი და გამართლებული. მას შეეძლო გაეგზავნა თავისი მოადგილე, რომელიც მათ ინფორმაციას მისცემდა არსებულ საკითხებთან დაკავშირებით.
რაც შეეხება უშუალოდ მერის პასუხებს, ამასთან დაკავშირებით ვერაფერს ვერ გეტყვით, რადგან მე არ ვარ ამ საკითხის სპეციალისტი.
მე გაუმართლებლად მიმაჩნია ის აჟიოტაჟი და მიდგომა, რომელიც დღეს იყო მერის გამოსვლის დროს. საკრებულოში შეჭრა და მუქარა დაუშვებელია. ეს ტოვებს არშემდგარი სახელმწიფოს შთაბეჭდილებას. როგორ შეიძლება ხალხის მიერ არჩეული მერი გარკვეული ჯგუფის მიერ იდევნებოდეს."
გია ბუღაძე (მწერალი): "სიმართლე გითხრათ, არ მომისმენია ნარმანიას პასუხი, მაგრამ ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ შეუძლებელია, მას რამეზე ამომწურავი პასუხი გაეცა. დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის ერთადერთი რამ - "ძალა მაქვს და გამდის". მას არავითარი ძალა არ აქვს, ეს აქვს ივანიშვილს და აკეთებს იმას, რასაც ის ეტყვის. ასე რომ, მისთვის არც შეკითხვის დასმას აქვს აზრი და არც მის პასუხს. ეს კაცი აჩრდილია.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე