"ამ ორმა ქალაქმა კი, თავიანთი კონცეპტუალური მიდგომებით, საცდელი ქალაქების სტატუსი მიიღო"
სალომე სარიშვილი
18.05.2016

 საქართველოს ორი ქალაქი - დუშეთი და ჭიათურა ევროკავშირის პროექტ კომუსის ფარგლებში შერჩეული საპილოტე ქალაქების სიაში მოხვდა. პროექტის მთავარი ფოკუსი ქვეყანაში ურბანული მართვის საუკეთესო პრაქტიკის დამკვიდრებაა და რაც მთავარია, მასში ადგილობრივი თემისა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების აქტიურ თანამონაწილეობას გულისხმობს.

პროექტის განხორციელებას კოორდინაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო უწევს.

სააგენტოში ყურადღებას პროექტის მნიშვნელობასა და მის შინაარსობრივ ნაწილზე ამახვილებენ და ამბობენ, რომ მისი განხორციელება სამომავლოდ სხვადასხვა მიმართულებით საინტერესო და მნიშვნელოვანი შედეგის მომცემი იქნება.

ამბობენ, რომ გარდა ამ პროცესში ადგილობრივი თემის ჩართულობისა (რაც ძალზე მნიშვნელოვანია), პროექტი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საჭიროებას დააბალანსებს, აგრეთვე ეკონომიკურ განვითარებასა და ადგილობრივი თემების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე მნიშვნელოვნად აისახება.

აღსანიშნავია, რომ 2015 წლის სექტემბერში ძეგლთა დაცვის სააგენტომ აქტიური მონაწილეობა მიიღო პროექტის გახსნის ღონისძიებების ორგანიზებასა და თანადაფინანსებაში. პროექტის მთავარი საერთაშორისო პარტნიორია მსოფლიო მემკვიდრეობის ქალაქების ასოციაციაა.

პროექტი კომუსი - "თემის მიერ მართული ურბანული სტრატეგიები ისტორიულ ქალაქებში" ევროპის საბჭოსა და ევროპის კავშირის პოლიტიკის პრიორიტეტებს - აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამის (2015-2020) კონტექსტში ეფუძნება, რომელიც სომხეთში, აზერბაიჯანში, საქართველოში, მოლდოვაში, უკრაინასა და ბელორუსიაში მოქმედებს.

პროექტ კომუსის ეროვნული კოორდინატორისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოს საინფორმაციო სისტემების ხელმძღვანელ ლეილა თუმანიშვილის თქმით, თავად პროექტს საკმაოდ დიდი პრეისტორია აქვს და მიუხედავად იმისა, რომ მისი განხორციელება სათავეს 2015 წლიდან იღებს, მოსამზადებელი სამუშაოები კარგა ხნით ადრე დაიწყო.

"პროექტს ძალიან ღრმა პრეისტორია აქვს - ესაა ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტი, რომლის განსახორციელბლად მუშაობა დიდი ხნით ადრე დაიწყო. მნიშვნელოვანია ისიც, რომ საქართველოს ევროსაბჭოსთან ხანგრძლივი ურთიერთობა აკავშირებს, დაახლოებით 1997 წლიდან.

"საგულისხმოა ისიც, რომ პროექტ კომუსს წინ უძღოდა კიევის ინიციატივის პროექტი, რომლის ფარგლებშიც ისტორიული ქალაქების პროექტი ვითარდებოდა.

"სწორედ ამ პროექტმა ჩაუყარა საფუძველი კომუსის განხორციელების გეგმას. პროექტი 2015 წლიდან ამოქმედდა, მაგრამ წინამოსამზადებელი პერიოდი გაცილებით ადრე დაიწყო", - ამბობს ძეგლთა დაცვის სააგენტოს წარმომადგენელი და ყურადღებას პროექტის მნიშვნელობაზე ამახვილებს.

მისი თქმით, პროექტის დედაარსი თემის მიერ მართული ურბანული სტრატეგიებია და ადგილობრივი მოსახელობის აქტიურ მონაწილეობას გულისხმობს. ასევე ურბანული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენელთა აქტიურ ჩართულობას.

პროექტის კოორდინატორი იმასაც აღნიშნავს, რომ კომუსის მთავარი მიზანი კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობის წამოწევაა, როგორც ეკონომიკური საქმიანობის ძირითადი რესურსისა. ასევე ინტეგრირებული მიდგომების ხელშეწყობა ხელისუფლების სხვადასხვა დონეს შორის თანამშრომობით; არსებული ურბანული პრობლემების მართვა პრიორიტეტების იდენტიფიცირების გზით და ა.შ.

"კომუსის მთავარი ფოკუსი ურბანული მართვის საუკეთესო პრაქტიკის დამკვიდრებაა, რომელიც ადგილობრივ საჭიროებაზე იქნება დაფუძნებული და კულტურული მემკვიდრეობის დაცვას დააბალანსებს, ასევე ცხოვრების ხარისხს გააუმჯობესებს. რაც მთავარია, ამ პროცესში ჩართული თავად ადგილობრივები იქნებიან. მოკლედ, ეს პროექტის ძალიან დიდი მიზანია.

"პროექტი კომუსი სააგენტოს კოორდინირებით ხორციელდება, თუმცა ქალაქებში ადგილობრივი ჯგუფებია შექმნილი, რომლებსაც დუშეთისა და ჭიათურის შემთხვევაში მუნიპალიტეტის წარმომადგენლები ხელმძღვანელობენ", - ამბობს თუმანიშვილი და დასძენს, რომ ჯგუფი საკმაოდ კომპლექსურია და მასში საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ერთიანდებიან.

"ამ ჯგუფში არქიტექტორები, ხელოვნებათმცოდნეები და მუნიციპალიტეტის სხვა წარმომადგენლები შედიან. მნიშვნელოვანია, რომ ჯგუფები თვითონვე ამუშავებენ ამოცანებს, რომლებიც პროექტის მიხედვითაა დასახული.

"რაც შეეხება დაფინანსების საკითხს, პროექტს ევროკავშირი აფინანებს, თუმცა ეს გახლავთ საკმაოდ მოკრძალებული თანხა, რომელიც ქალაქებს ტექნიკური ნაწილის უზრუნველყოფაში ეხმარება, ხოლო ინტელექტუალური მხარე მუნიციპალიტეტებში მომუშავე ადამიანებს საკუთარ თავზე აქვთ აღებული. სააგენტო თანადაფინანსებას კი საორგანიზაციო საკითხებში ახორციელებს", - ამბობს კოორდინატორი და ქალაქების შერჩევის კრიტერიუმებზე გვიყვება.

მისი თქმით, ისტორიულ ქალაქებს, რომლებიც პროექტის მიხედვით თავიდანვე განხილული იყო, ინფორმაცია სააგენტომ მიაწოდა. ამ სიაში დაახლოებით 15 ქალაქი შედიოდა, მათგან ყველაზე დიდი დაინტერესებისა და გამოხმაურების მიხედვით კი სააგენტომ ორი ქალაქი სხვადასხვა კრიტერიუმით შეარჩია. კერძოდ კი, ურბანული თვავლსაზრისით - თუ რამდენად საინტერესო იყო ესა თუ ის ქალაქი. ამ ორმა ქალაქმა კი თავიანთი კონცეპტუალური მიდგომებით საცდელი ქალაქების სტატუსი მიიღო.

"პირველად ევროპის მასშტაბით ევროპის საიტზე ქალაქებისა და მათი ურბანული მდგომარეობის შეფასების შესახებ ინფორმაცია დაიდო. ამ ქალაქების კულტურული მემკვიდრეობის შესახებ მსოფლიომ სწორედ ამ პროექტის მეშვეობით შეიცნო.

"მაგალითად, დუშეთის შემთხვევაში ამ პროექტის ფარგლებში ძეგლთა ნუსხა გაკეთდა და ევროსაბჭოს საიტზე მცირე და საშუალო ზომის ქალაქების სიაში საქართველოს ქალაქების შესახებ ინფორმაცია გაჩნდა.

"მნიშვნელოვანია, რომ მუნიციპალიტეტებს თავიანთი ინტელექტუალური და ადამიანური რესურსით შეუძლიათ შექმნან ინვესტიციების ჩასადები შესაბამისი გარემო და რაც მთავარია ურბანულ გარემოში ჩარევა სწორად დაგეგმონ, ეს სწორედ ამ პროექტის განხორციელების შედეგადაა შესაძლებელი, რაც ვფიქრობ, ძალზე საინტერესო შედეგის მომცემი შეიძლება გახდეს", - განუცხადა "რეზონანსს" თუმანიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×