"ეროვნული ფორუმი" პრეზიდენტს ე. წ. კაბელების საქმეზე მსჯავრდებული პირების შეწყალების თხოვნით მიმართავს. როგორც "ფორუმის" ლიდერმა კახა შარტავამ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, პარტიის იურისტებისა და სამართლის დამოუკიდებელი ექსპერტების აზრით, ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით დამდგარი განაჩენი მსჯავრდებულთა უდანაშაულობას უფრო მიანიშნებს, ვიდრე მათ ბრალეულობას.
"საქმისადმი მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, უსამართლობის მორიგი მსხვერპლის და პოლიტიკური ვითარების არასასურველი გამძაფრების თავიდან აცილების მიზნით, რაც მნიშვნელოვანია კარს მომდგარი საარჩევნო კამპანიის მეტ-ნაკლებად ნორმალურ გარემოში წარმოებისთვის, ჩვენ, "ეროვნული ფორუმი" მივმართავთ თხოვნით საქართველოს პრეზიდენტს, გამოიყენოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილება და შეიწყალოს მსჯავრდებულები," - განაცხადა პარტიის ლიდერმა კახა შარტავამ.
როგორც პრეზიდენტმა ჟურნალისტებს შესაბამის საკითხზე კომენტირებისას განუცხადა, პოლიტიკოსები არ უნდა საუბრობდნენ მიმდინარე სასამართლო პროცესზე.
"პროცესი მიმდინარეობს და მე მასზე არ ვაკეთებ განცხადებას, გამომდინარე იქედან, რომ პოლიტიკოსები არ უნდა საუბრობდნენ მიმდინარე სასამართლო პროცესზე. არადა კონკრეტულად ამ საქმეზე არაერთი ზედმეტი კომენტარი მოვისმინე პოლიტიკოსებისგან... ზედმეტად ჩახედულები იყვნენ ისინი სასამართლოს საქმეში," - განაცხადა მარგველაშვილმა.
მისივე განმარტებით, ის ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებულ პროცესს ყურადღებით აკვირდება.
როგორ ფიქრობთ, უნდა შეიწყალოს თუ არა პრეზიდენტმა ე.წ კაბელების საქმეზე დაკავებული ადამიანები? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებს მიმართა.
მიხეილ ცაგარელი (ასტროლოგი): საკითხი გასარკვევია იმიტომ, რომ ჩვენ მხოლოდ ის ვიცით, რასაც გვაწვდიან. სინამდვილეში რაღაც დეტალები და ნიუანსები საზოგადოებამ ნაკლებად იცის. აქედან გამომდინარე, ძნელია თქმა, უნდა შეიწყალოს თუ არა.
ერთი რამ ფაქტია, კრიმინალს თუ ადგილი არ ჰქონდა, რასაკვირველია, მათი შეწყალება უნდა მოხდეს.
ირმა სოხაძე (მომღერალი): ვფიქრობ, ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებული დამნაშავეები არ არიან იმიტომ, რომ საქმეში ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია. ზოგადად საქმეში მთელი რიგი ისეთი ნიშნებია, რომ ამ ადამიანებს 7 წლის საპატიმრო არაფერი ჩაუდენიათ. ახალგაზრდა ადამიანის 7 წლით ციხეში გაშვება იმ დანაშაულისთვის, სადაც მხოლოდ მისი ბრალეულობა არ არის, ეს მგონია, დანაშაული.
ნიკა ჩიტაძე (პოლიტოლოგი): პრეზიდენტმა კონსტიტუციით მინიჭებული შეწყალების უფლება უნდა გამოიყენოს. მათი შეწყალება, რა თქმა უნდა, აუცილებელია, რადგან მათი დაკავება და დანაშაული სერიოზულ ეჭვს ბადებს. ქვეყანაში მასობრივი გამოსვლების აცილების მიზნით, აუცილებელია, რომ პრეზიდენტმა შეწყალების გადაწყვეტილება მიიღოს.
ედიშერ გვენეტაძე (ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი): რატომ უნდა შეიწყალოს? კანონი ყველასთვის ერთი უნდა იყოს და არა შერჩევითი. ჩემი აზრით, ეს ძალიან დიდი უსამართლობაა, რომელსაც, სამწუხაროდ, საქართველოს პოლიტიკური ელიტა ახორცილებს. ზოგიერთი პირი თუ პოლიტიკაშია ჩართული, მას ქვეყნის განიავება უნდა ეპატიოს?
თემურ ნანეიშვილი (ფიზიოლოგი): ვფიქრობ, ე.წ კაბელებების საქმეზე დაკავებული მაღალჩინოსნები პრეზიდენტმა უნდა შეიწყალოს, ამით კონფლიქტიც მოგვარდება. ვფიქრობ, შეწყალება ყველასათვის სასიამოვნო გადაწყვეტილება იქნება.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე