შაბათს, 21 მაისს, ჩერქეზი ხალხის გენოციდის დღეა და ანაკლიაში გენოციდის მემორიალის შემკობა და შემდეგ თბილისში ჩერქეზული კულტურის ცენტრში სტუმრების მიღება იგეგმება, სადაც სტუმრებს ჩრდილო კავკასიიდანაც ელოდებიან.
ჩერქეზული კულტურის ცენტრის დირექტორი და თსუ-ს პროფესორი მერაბ ჩუხუა ამბობს, რომ თუ ჩვენ სახელმწიფო ვართ და ამბიცია გვაქვს რეგიონში ნებისმიერი გასაჭირის დროს სოლიდარული მოსახლეობა გვყავდეს, კავკასიელ ხალხებთან მჭიდრო ურთიერთობები და მეგობრობა აუცილებელია.
"ჩვენ ძალიან მძიმე გარემოცვაში ვცხოვრობთ და ჩრდილო კავკასიაში ბევრი მეგობარი გვჭირდება. დღეს საქართველოსთვის სანდო მეგობრები არიან ჩერქეზები და ვაინახები. ეს გაცხადებულია. განსაკუთრებულად კი ჩერქეზებს გამოვყოფდი იმ თვალსაზრისით, რომ ისინი ანტიქართველები იყვნენ და დღეს საქართველოს მეგობრები არიან. ეს პოლიტიკის ენაზე ძალიან დიდი დიპლომატიური გარღვევაა. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ვინ არის ჩვენი პოტენციური თანამდგომი იმიტომ, რომ 2008 წელს ომი გვქონდა და არც ერთმა ჩრდილოკავკასიელმა არაფერი არ თქვა. არავინ თქვა, რატომ ეომებით საქართველოსო. ღმერთმა გვაშოროს დაძაბული ვითარება, მაგრამ რამე რომ მოხდეს, ჩრდილო კავკასიიდან ძალიან დიდი მხარდაჭერა გვექნება და ბევრი ადამიანი სხვანაირ გადაწვეტილებას მიიღებს. სოლიდარობა დიდი იქნება," - ამბობს ჩუხუა.
ცნობისათვის, ჯერჯერობით, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც 2011 წელს ჩერქეზების გენოციდი აღიარა, რამაც ოკუპირებულ აფხაზეთსა და ჩერქეზებს შორის ურთიერთობაც კი დაძაბა. გენოციდის დღე კი საქართველოში 2009 წლიდან აღინიშნება.
(ამ სტატიაში ტერმინში "ჩერქეზები" იგულისხმება ახლო მონათესავე ხალხები, რომლებიც თავიანთ თავს "ადიღეს" უწოდებენ. მათ შორის, საკუთრივ ადიღელები და ჩერქეზები, ასევე ყაბარდოელები. ეს უკანასკნელი ამჟამად ჩერქეზების ყველაზე დიდი ეთნიკური ჯგუფია - დაახლ. ნახევარი მილიონი ადამიანი რუსეთის ტერიტორიაზე ცხოვრობს, ძირითადად ყაბარდო-ბალყარეთის ა/ო-ში).
მერაბ ჩუხუას თქმით, აღიარების შემდეგ ჩერქეზებთან ურთიერთობები ბევრად უფრო ინტენსიური გახდა, ვიდრე უკანასკნელი საუკუნის განმავლობაში ყოფილა.
"ამ აღიარებამ 180 გრადუსით ჩვენკენ დადებითად შემოაბრუნა ჩერქეზებს აბსოლუტური უმრავლესობა და ინტერნეტ-სივრცეს თუ გადახედავთ, ნახავთ, რამდენად პროქართული გახდა ჩერქეზთა დამოკიდებულება ნებისმიერ საკითხზე, თუნდაც აფხაზებთან და სამაჩაბლოსთან მიმართებაში. ჩერქეზები 40-ზე მეტ ქვეყანაში ცხოვრობენ და ყველგან უმეტესად პროქართული დამოკიდებულებაა," - ამბობს ჩუხუა.
ჩერქეზი ხალხის გენოციდის დღედ ითვლება 1864 წლის 21 მაისი, როდესაც კრასნაია პოლიანაზე ჩერქეზებსა და რუსებს შორის ბოლო ბრძოლა გაიმართა, რასაც ეთნიკური წმენდა და ჩერქეზი მოსახლების 90%-ის ოსმალეთს იმპერიაში გაძევება მოჰყვა. საუბარია 1-მილიონამდე ადამიანზე, რომელთა დიდი ნაწილი გზაში, გემზე შიმშილისა და წყურვილისაგან და შემდეგ ოსმალეთში მალარიისგან დაიღუპა.
ჩერქეზების გენოციდის აღიარებისას საქართველოს პარლამენტის დადგენილებაში აღნიშნულია, რომ რუსეთ-კავკასიის 1763-1864 წლების ომის დროს რუსეთის იმპერიის მიერ წინასწარ დაიგეგმა და შემდგომ განხორციელდა ჩერქეზული ტერიტორიების ეთნიკური ნიშნით წმენდა. ხელოვნურად ეწყობოდა შიმშილობები და ეპიდემიები და ფიზიკურად განადგურდა ან სამშობლოდან განიდევნა ჩერქეზული მოსახლეობის 90%-ზე მეტი.
დღეს საქართველოში ჩერქეზული დიასპორა ძალიან მცირეა, დაახლოებთ 100-მე. ისინი ძირითადად თბილისსა და დასავლეთ საქართველოში ცხოვრობენ და ქართულიც კარგად იციან. ისტორიულად ქართველი ჩერქეზებს იცნობდა როგორც ჯიქებს. ისინი აფხაზების მონათესავე ხალხია. ქართველებსა და ჩერქეზებს შორის ურთიერთობა 1992-1993 წლების ქართულ-აფხაზური ომის დროს გაფუჭდა, რადგანაც ჩერქეზები აფხაზების მხარეს აქტიურად იყვნენ ომში ჩართულები და მათ შორის ბევრი აფხაზეთის ომის გმირადაც აღიარეს. 2008 წლის შემდეგ, რაც რუსეთმა აფხაზეთი აღიარა, საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ მოსკოვის ამ ნაბიჯის წინააღმდეგ ჩრდილოეთ კავკასიის პოლიტიკის გააქტიურება დაიწყო. 2010 წელს ჩრდილო კავკასიელებისთვის შეღავათიანი სავიზო რეჟიმი დააწესა. მომდევნო წელს კი ჩერქეზების გენოციდი აღიარა, რამაც ჩერქეზების დაახლოებასა და პროქართულად განწყობას დიდად შეუწყო ხელი.
2011 წელს შეიქმნა ჩერქეზული კულტურის ცენტრიც და ის კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაშია.
კავკასიოლოგი ალეკო კვახაძე ამბობს, რომ აღიარება ძალიან დადებითი ნაბიჯი იყო და საქართველოსთვის ჩერქეზებთან კარგი ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია თუნდაც იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ აფხაზებისათვის ყველაზე ახლოს მდგომ ხალხად ჩერქეზები მიიჩნევიან და ჩვენ თურქეთში მცხოვრები აფხაზების დასაახლოვებლად ჩერქეზები უნდა გამოვიყენოთ.
ის იმ დაპირისპირებაზეც საუბრობს, რაც სეპარატისტს აფხაზებსა და ჩერქეზებს შორის დაიწყო მას შემდეგ, რაც თბილისმა გენოციდი აღიარა.
ალეკო კვახაძე: "აფხაზეთის ომში, სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ჩერქეზი საქართველოს წინააღმდეგ იბრძოდა. ისინი სეპარატისტებს ძალიან დიდ ლობირებას უწევდნენ თურქეთში, სირიაში, იორდანიასა და ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში, მაგრამ მას შემდეგ, რაც საქართველომ მათ ხელი გაუწოდა და გენოციდი აღიარეს (მაშინ როდესაც აფხაზმა სეპარატისტებმა არა თუ აღიარეს მათი გენოციდი, არამედ თბილისის ეს გადაწყვეტილებას ქართული სპეცსამსახურების პროექტად შერაცხეს), ამან ჩერქეზებსა და აფხაზებს შორის ურთიერთობა ძალიან დაძაბა. ჩერქეზების დიდი ნაწილი დღეს აფხაზების მხარეს ომში მონაწილეობას ნანობს კიდეც. ერთ-ერთმა ჩერქეზმა საველე მეთაურმა ერთ ინტერვიუში ღიად განაცხადა, ჩვენ გვეგონა ევროპაში ფანჯრისთვის ვიბრძოდით, სინამდვილეში კი რუსეთის გავლენის გაძლიერება მივიღეთო. ერთმა თურქეთში მცხოვრებმა ჩერქეზმა, აჩმიდ ჰილიმმა კი, რომელსაც ომში მონაწილეობისათვის ლეონის ორდენი ჰქონდა მიღებული, ყველა ჯილდო დემონსტრაციულად გაანადგურა და ანაკლიაში ჩერქეზი ერის გენოციდის მემორიალის გახსნაზეც ჩამოვიდა. ასევე იბრაჰიმ იაგანოვიც, რომელიც აფხაზეთის გმირადაა აღიარებული, უკვე ქართულ სახელმწიფოს დადებითად აფასებს და აფხაზი სეპარატისტების წარუმატებლობაზე საუბრობს. მისი პროქართული განცხადებების გამო აფხაზეთში მისი პერსონა ნონ-გრატად გამოცხადებაც კი უნდოდათ. ეს არ მოხდა, თუმცა ის სეპარატისტულ საზოგადოებაში მისაღები ფიგურა აღარ არის."
კვახაძის თქმით, იმდენად გაუფუჭდათ სეპარატისტ აფხაზებსა და ჩერქეზებს ურთიერთობები, რომ დე ფაქტო ხელისუფლებამ თურქეთში მცხოვრებ ჩერქეზებისთვის აფხაზეთის მოქალაქეობის გაცემაც შეწყვიტა.
კავკასიოლოგი თვლის, რომ ამჟამად საქართველოს ხელისუფლებისთვის ჩრდილო კავკასიის მიმართულება პრიორიტეტული აღარ არის, რადგან კურსი რუსეთს არგაღიზიანების პოლიტიკაზე აიღო და ძალიან ბევრი ჩრდილოკავკასიური პროექტი შეაჩერა. რაც არსებობს, ისინიც ინერციითაა, თუმცა ამის მიუხედავად ჩერქეზებთან კავშირი არ შენელებულა. საკუთარი სახსრებითაც ძალან ბევრი ჩერქეზი თუ სხვა ჩრდილოკავკასიელი ჩამოდის და ინტენსიური კავშირები გაჩნდა სამეცნიერო სფეროში.
მაგალითად ამბობს იმას, რომ წლების წინ იყო პროექტი, როდესაც იბრაჰინ იაგანოვის ჩართულობით მოხერხდა აფხაზურ-ჩერქეზულ-ქართულ საზაფხულო სკოლაში აფხაზეთიდან მოსწავლეები ბათუმში ჩამოეყვანა და, სამწუხაროდ, ეს პროექტიც შეჩერდა.
არადა, თვლის, რომ ჩვენთვის ჩერქეზებთან ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც ამ ხალხს აფხაზებზე გავლენა აქვს.
"თურქეთში მილიონამდე ჩერქეზი და 200 ათასამდე აფხაზი ცხოვრობს, მათ ერთმანეთთან ძალიან მჭიდრო ურთიერთობა აქვთ და საქართველოს აქ აქვს შანსი, ჩერქეზების დახმარებით დაამყაროს თურქეთის აფხაზებთან კონტაქტი, რაც შემდგომში ქართულ-აფხაზურ ურთიერთობაში სერიოზული წინსვლის საწინდარი შეიძლება გახდეს. მართალია, თურქეთის აფხაზებიც თვლიან, რომ აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა, მაგრამ მათგან განსხვავებით ისინი რუსული პროპაგანდით მოწამლულები არ არიან და ქართველებთან ყოფით დონეზე აგრესია არ აქვთ. ეს კი კონტაქტის დამყარებისთვის ცუდი არ არის. მე თურქეთში კავკასიელებით დასახლებულ პროვინციებში ძალიან ხშირად დავდივარ, ვხვდები მათ და ვიცი. აფხაზებსა და ჩერქეზებს შორის ბევრი გავლენიანი პირია და მათი გამოუყენებლობა არ შეიძლება. ბევრი უნდა ვიმუშაოთ, რომ ისინი ჩვენკენ შემოვაბრუნოთ. აქტიურობა კი ხელისუფლებისგან არ ჩანს. მაგალითად, ერთ ცნობილ ექიმს ნუსრეთ რაში რომელიც უმსხვილეს თვალის კლინიკას ფლობს, სურვილი ჰქონდა ანაკლიაში მსხვილი ფილიალი გაეხსნა და ეს პროექტიც გაჩერდა," - აღნიშნავს კვახაძე.