კატასტროფული მდგომარეობა - ასე აფასებენ იურისტები და ადვოკატები სასამართლოებში არსებულ სიტუაციას, სადაც საქმეების განხილვას წლები სჭირდება. ზოგჯერ პროცესი იმდენ ხანს გრძელდება, მოდავე მხარეები ინტერესსაც კი კარგავენ, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ მრავალი სახის ზარალზე, რასაც ისინი გაჭიანურებული სასამართლო პროცესების გამო განიცდიან.
აღსანიშნავია, რომ ამგვარი სიტუაცია განსაკუთრებით სამოქალაქო და ადმინისტრაციული დავების მხრივაა. რაც შეეხება სისხლის სამართალს, აქ ვადები მკაცრად განსაზღვრულია და ამიტომ, ამ კატეგორიის საქმეები შედარებით ნაკლებად ჭიანურდება.
როგორც იურისტები, ისე სასამართლოს წარმომადგენლები ამ ყველაფრის მიზეზად მოსამართლეების სიმცირესა და ინფრასტრუქტურულ გაუმართაობას ასახელებენ.
როგორც "რეზონანსმა" გაარკვია, თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში დაახლოებით 30 მოსამართლეა, თითოეულ მათგანს 400-500 საქმის განხილვა აქვს დავალებული.
ჩვენი რესპონდენტების თქმით, ამდენი საქმის მასალის გაცნობა და სხდომების ჩანიშვნა ფიზიკურად შეუძლებელია და ამიტომაცაა, რომ 2013-2014 წელს შესული საჩივრები ჯერ კიდევ განხილვის დაწყების მოლოდინშია.ანალოგიური პრობლემა აქვს ჩვენს რესპონდენტ ქალბატონ მანანას, რომელმაც თავისი ისტორია მოგვიყვა, თუმცა გვარის დასახელებისაგან თავი შეიკავა.
"2014 წელს ბინა ვიგირავე 15 ათას დოლარად. ამ ბინაში მე და ჩემს ოჯახს უნდა გვეცხოვრა. მეტი თავშესაფარი ჩვენ არ გვქონდა. სამწუხაროდ, ის ქალი, ვისგანაც ბინა ვიგირავეთ, ჩვეულებრივი თაღლითი აღმოჩნდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, უამრავი ადამიანის ვალი ჰქონდა და ასევე სახელმწიფოსიც. ბინაში გადასვლიდან ორიოდ თვეში აღსრულების ეროვნულმა ბიურომ იგი ვალების სანაცვლოდ გაუყიდა და ჩვენც ქუჩაში აღმოვჩნდით. მერეღა გავარკვიეთ, რომ ამ ქალს ჩვენსავით არაერთი ადამიანი ჰყავდა გადაგდებული.
"ვუჩივლეთ, მაგრამ რად გინდა? ორი წელია, არაფერი გაირკვა. მე და ჩემი ოჯახი მას შემდეგ ნაქირავებში ვცხოვრობთ. თვეში 500 ლარს ვიხდით და წარმოიდგინეთ, ამ წლების განმავლობაში ჩვენი ზარალი რამდენით გაიზარდა, ნერვიულობაზე რომ აღარაფერი ვთქვათ.
"სასამართლოს იმედიც აღარ მაქვს უკვე. როგორ შეიძლება ორი-სამი წელი იხილავდეს საქმეს? ასე ხომ ხალხი ვზარალდებით. ჩემი ქმარი ისეთ დღეშია, ამბობს, სამართალის იმედი აღარ მაქვს, მე თვითონ უნდა გავუსწორდე იმ ქალსო. მეშინია ცხელ გულზე რამე სისულელე არ ჩაიდინოს."
იურისტი, ადვოკატი ამირან გიგუაშვილი აღნიშნულ პრობლემას უმთავრესს უწოდებს და ამბობს, რომ ადამიანს უფლება უნდა ჰქონდეს, მისი სარჩელი თუ პრეტენზია მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადაში, სწრაფად და ეფექტურად გადაწყდეს. დღეს არსებული სიტუაცია კი, მისი თქმით, ამას გამორიცხავს.
"თქვენ შეიძლება წახვიდეთ სასამართლოში და დაახლოებით ორი წელი მხოლოდ პირველ ინსტანციაში იყოთ. შემიძლია კონკრეტული მაგალითებიც კი გითხრათ - "თბილსერვისის" წინააღმდეგ შპს "ნენეს" საქმეზე სარჩელი 2014 წლის გაზაფხულზე იქნა წარდგენილი და დღემდე მხოლოდ ერთი სასამართლო პროცესი გაიმართა. საქმე ჯერ კიდევ მოსამზადებელ ეტაპზე იმყოფება.
"ასევე, არის ერთი კომპანია, რომელსაც საგადასახადო დავა 2012 წლიდან მოყოლებული აქვს. საქმის მსვლელობისას კომპანიის აქტივებს ყადაღა აქვს დადებული. შედეგად, იგი ფაქტიურად გაკოტრებულია და უფუნქციოდაა დარჩენილი. ასეთი უამრავი მაგალითი არსებობს," - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას გიგუაშვილი.
ეს ყველაფერი, იურისტის თქმით, რამდენიმე მიზეზთანაა დაკავშირებული. პირველ რიგში კი, მოსამართლეების სიმცირესთან და გადატვირთულობასთან. როცა თითოეულ მათგანს ასობით საქმე ავალია, გიგუაშვილის თქმით, საქმის დროულად წამროება შეუძლებელია.
გარდა ამისა, ასეთ დროს, იურისტის აზრით, ვერც მათ მიერ განხილული საქმე შეიძლება ჩაითვალოს სრულფასოვნად. ეს კი გადაწყვეტილების დასაბუთებულობაზეც ისახება და საქმის განხილვის ხარისხზეც.
გარდა ამისა, როგორც გიგუაშვილი ამბობს, მნიშვნელოვანი მიზეზია ისიც, რომ ზოგჯერ მხარეები თავადვე არიან საქმის გაჭიანურებით დაინტერესებულები და სხვადსხვა ხელოვნურ ბარიერს ქმნიან.
"მოკლედ, ეს სისტემური პრობლემაა. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ და პარლამენტმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისათვის, რომ ერთი მხრივ, მოსამართლეთა რაოდენობა გაიზარდოს და მეორე მხრივ, კანონში დამატებითი ცვლილებები შევიდეს, რომელიც პროცესის ხელოვნურად გაჭიანურების შესაძლებლობებს მოსპობს. ეს საკითხები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ქვეყანაში სამართლიანობის განცდა იყო.
"ასე რომ, ესაა პრობლემა, რომელიც მოქალაქეების გარდა თავად მოსამართლეებსა და სასამართლოსაც აწუხებს. ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს საქართველოში, განსაკუთრებით სამოქალაქო და ადმინისტრაციულ დავებზე, სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების პრინციპი არ მუშაობს," - ამბობს იურისტი.
გიგუაშვილი მიზეზების ჩამონათვალში სახელმწიფოს მიერ საარბიტრაჟო სასამართლო შეზღუდვასაც ასახელებს, რასაც ჩვენი მომდევნო რესპონდენტი, იურისტი, კონსალტინგური კომპანია ცთს-ის აღმსარულებელი დირექტორი ვილი სერგიაც ეთანხმება. მათი თქმით, პრობლემას ესეც ამწვავებს, რადგან ახლა ბიზნესმენები არბიტრაჟს აღარ ირჩევენ და იძულებულები არიან სასამართლოში წავიდნენ.
საკითხის სასიცოცხლო მნიშვნელობაზე ვილი სერგიაც საუბრობს. ამბობს, რომ სამოქალაქო საქმეების განხილვის ვადა 2 თვეა. განსაკუთრებით რთული კატეგორიის საქმეებისათვის კი არაუმეტეს 5 თვისა. ასევე, არის გარკვეული კატეგორიები, სადაც მიიჩნევა, რომ გაჭიანურება მხარეების ინტერესებისათვის განსაკუთრებული ზიანის მიმტანია და აქ ვადა 1 თვემდეა შემცირებული. მიუხედავად ამისა, სერგიას თქმით, პირველ ინსტანციაში საქმეები წლობით იწელება.
ამის ძირითადი მიზეზებად ისიც მოსამართლეთა სიმცირეს ასახელებს.
"ინფრასტრუქტურული პრობლემებიც დგას - დარბაზების ნაკლებობა. გარდა ამისა, ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად მოსახლეობაში სამართლოანობის აღდგენის იმედი გაჩნდა და სასამართლეობში მიმართვიანობამ ბოლო 2-3 წლის განმავლობაში განსაკუთრებით მოიმატა. თბილისის საქალაქო სასამართლოში კი - განსაკუთრებით.
"შედეგად, ძალიან რთულ პრობლემებს ვაწყდებით. ადამიანი დავას რომ წამოიწყებს და შედეგი 2-3 წელი არ დადგება, შეიძლება ამ დავამ ინტერესიც კი დაკარგოს. იურიდიული და კერძო პირები კი ამ სამართლებრივი კოლაფსის გამო უდიდეს ზარალს იღებენ. ადამიანის ძირითადი, ფუნდამენტური უფლება, რომელიც სასამართლოს გზით სამართლის მიღებას გულისხმობს, დარღვეულია.
"წინა ხელისფლების დროს სტატია დავწერე სათაურით "ყველა გზა სტრასბურგისაკენ მიდის", რადგან მაშინ ადამიანები ამ ქვეყანაში სამართალს ვერ პოულობდნენ და სტრასბურგში ეძებდნენ. ახლა კი მეორე პრობლემა გაჩნდა - განხილვის ვადებთან დაკავშირებული," - აღნიშნავს იგი.
ამ ყველაფრის ფონზე, იურისტის თქმით, ზიანი ადვოკატთა ინსტიტუტსაც ადგება. როცა კლიენტი შედეგს წლობით ვერ აღწევს, ადვოკატებისადმი ნიჰილისტური დამოკიდებულება ჩნდება. ამბობს, რომ სამართლებრივი თვითშეგნების დონეც არაა იმდენად მაღალი, რომ კლიენტი კაზუისტიკაში ერკვეოდეს და შესაბამისად, პროცესის გაჭიანურებაში დამნაშავე ხშირად ადვოკატი ჰგონიათ.
გარდა ამისა, როგორც სერგია გვეუბნება, სასამართლოების გადატვირთულობის გამო, ბოლო დროს საქმის მიღებაც გართულებულია. მისი თქმით, დაუსაბუთებელი გარემოებების მითითებით, საქმეების მიღებას ბლოკავენ იმის გამო, რომ მოსამართლეებს კიდევ დამატებით არ გაუჩნდეთ საქმეები და კოლაფსი არ შეიქმნას. იურისტის ინფორმაციით, ბოლო ერთ წელიწადში უამრავი საქმე იყო ისეთი, რომელიც სასამართლოში ვერ მოხვდა.
აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით "რეზონანსი" თბილისის საქალაქო სასამართლოსაც დაუკავშირდა. სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე სერგო მეთოფიშვილმა პირველ რიგში სტატისტიკა გაგვაცნო და გვითხრა, რომ ბოლო წლებში სასამართლოში შემოსული სამოქალაქო სამქეების რაოდენობა საგრძნმობლად გაიზარდა.
მაგალითად, 2014 წელს 2013 წელთან შედარებით საქმეები 19%-ით გაიზარდა, 2015 წელს კი 2014 წელთან შედარებით 22%-ით იმატა. ჯამში 2014 წელს თბილისის საქალაქო სასამართლოში 23 249 საქმე შევიდა, 2015 წელს კი 28 282 საქმე. თანაც, აქ საუბარი მხოლოდ სამოქალაქო დავებზეა.
მოსამართლეების რაოდენობა კი,მეთოფიშვილის თქმით, ამ პერიოდში, დაახლოებით 30 იყო.
მისგანვე შევიტყვეთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოზე ქვეყნის მასშტაბით შესული სამოქლაქო საქმეების 55% მოდის. ანუ, ყველაზე მეტი და ყველა დანარჩენი ქალაქის სასამართლოს ერთად აღებულსაც კი არ აქვს ამდენი საქმე.
დღეის მდგომარეობით თბილისის საქალაქო სასამართლოში 12 500 საქმემდეა. აქედან დაახლოებით 7 500 საქმე განხილვის პროცესშია, 4 600 კი მომზადების სტადიაში. ეს რაოდენობა 30 მოსამართლეზე რომ გავყოთ, გამოდის, რომ თითოეულ მათგანს 400-500 საქმე აქვს ჩაბარებული.
"ამ პრობლემის ძირითადი მიზეზი, რა თქმა უნდა, საქმეების სიმრავლე და მოსამართლეების სიმცირეა. ამ სტატისტიკაზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ ბოლო წლებში ხალხში სასამართლოსადმი ნდობა გაიზარდა. მეტი ადამიანი მოდის სასამართლოში, მაგრამ მეორეს მხრივ, ასეთი პრობლემები იქმნება," - აღნიშნავს მეთოფიშვილი.
მისივე თქმით, მოსამართლეების გაზრდის თაობაზე იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან მუდმივად თანამშრომლობენ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეც საქმის კურსშია. ამბობს, რომ რიგი ღონისძიებები აქვთ დაგეგმილი, რამაც თავისი შედეგი უნდა გამოიღოს. ამ შედეგს კი, მეთოფიშვილის აზრით, ალბათ შემოდგომაზე ვნახავთ, რადგან წლის ბოლომდე საქალაქო სასამართლოს 15 დარბაზი დაემატება.
"გარდა ამისა, უფლებამოსილების ვადის ამოწურვის გამო მოსამართლეთა 5 ვაკანტურ ადგილზე კონკურსია გამოცხადებული. საბუთების მიღება უკვე მიმდინარეობს. 5 მოსამართლე სამოქალაქო საქმეთა კოლეგიისათვის ამ ეტაპზე სერიოზული ციფრია. შესაბამისად, სიტუაცია რამდენიმე თვეში უნდა გამოსწორდეს.
"ამ პრობლემის შესამსუბუქებლად დაგეგმილია ისიც, რომ 5 მოსამართლე თავისი აპარატითურთ ბულაჩაურის ქუჩაზე მდებარე შენობაში გადავა. იქ 3 დარბაზი უკვე რემონტდება. ამით სიტუაცია შემსუბუქდება. საქალაქო სასამართლოშში 15 დარბაზის გარემონტების დასრულების შემდეგ კი ისევ უკან დაბრუნდებიან," - ამბობს მეთოფიშვილი.