"ზოგიერთებივით არ მოვიქცევი, რომლებმაც ივანიშვილის დაფინანსებით ყველაფერს მიაღწიეს, ახლა კი მას ლანძღავენ"
ელზა პაპოშვილი
20.05.2016

 უმრავლესობის წევრი თამაზ მეჭიაური ამბობს, რომ არც ერთ პარტიაში გაწევრიანებას არ აპირებს და ის "ოცნებიდან" წასვლის შემდეგ საკუთარ პარტიას შექმნის. მისი თქმით, არ არის გამორიცხული, რომ მას "ქართული ოცნების" სხვა წევრებიც შეუერთდნენ, რომლებსაც მსგავსი მსოფლმხედველობა აქვთ.

თუმცა, მეჭიაურის განცხადებით, ეს ხალხი, ყველაფრის მიუხედავად, ბიძინა ივანიშვილის საწინააღმდეგო განცხადებებს არ გააკეთებს და პარტიიდან წამოსვლის შემდეგ მის ლანძღვას არ დაიწყებს, ვინაიდან ივანიშვილი ის ადამიანია, რომელსაც "საქართველო უყვარს და ქვეყნის კეთილდღეობისთვის ბევრი გააკეთა."

"რეზონანსი": რას იტყვით "ქართული ოცნების" მიერ ჩატარებულ ყრილობაზე და პარტიის მიერ წარმოდგენილ ახალ სახეებზე?

თამაზ მეჭიაური: სიმართლე გითხრათ, ყრილობა მეგონა, რომ უფრო დიდხანს გაგრძელდებოდა და ბევრიც ითქმებოდა. ახალი სახეებიდან, ჩემთვის ცნობილი და სასურველია, დავით ბაქრაძე, რომელიც მართალია პარტიის წევრი არ ყოფილა, მაგრამ მის გამოჩენას მაინც დადებითად შევხვდი.

რაც შეეხება დანარჩენებს, იმდენად ახლები იყვნენ, რომ ჩემთვის სრულიად უცნობები არიან. რა თქმა უნდა, ახალ სახეებს, რომლებსაც პარტიისთვის არაფერი არ გაუკეთებიათ და პოლიტსაბჭოს წევრები გახდნენ... ეს "ოცნების" შიგნით გარკვეულ უკმაყოფილებას გამოიწვევს.

"რ": თქვენ განაცხადეთ, "ქართული ოცნება" სხვა პარტიებს რეიკარნაციას უკეთებს, რომლებიც შემდეგ ჭკუას აქეთ გვასწავლიანო. რას გულისხმობთ?

თ.მ: ჩემთვის "ოცნების" ახალი პოლიტსაბჭოს შემადგენლობა მიუღებელია.

აღმოჩნდა, თაროდან ახლა ახალი პარტია ამოიღეს - "ახალი მემარჯვენეები" და მათ რეიკარნაციას ახდენენ. ადრე ერთი უკვე გააცოცხლეს - "რესპუბლიკელები", რომლებიც შემდეგ თავზე აქეთ დაგვასხდნენ. ასევე "თავისუფალ დემოკრატებიც".

ახლა ეს ხალხი დგას და ჩვენ გვმოძღვრავს, გვასწავლიან შიგნით პარტიაში როგორ უნდა მოვიქცეთ. ბოლოს გამოდის, რომ "ქართულ ოცნებას" შიგნით საქმეებს ეს ხალხი ულაგებს და კარნახობს, ვინ რა უნდა გააკეთოს.

"რ": რას ფიქრობთ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მმართველეობაზე, მოახერხა თუ არა მან ძალაუფლების ხელში აღება?

თ.მ: ვფიქრობ, რომ გიორგი კვირიკაშვილი საკუთარ ძალაუფლებას ბოლომდე ვერ იყენებს, რადგანაც მასზე დასავლეთის სერიოზული გავლენაა. გადაწყვეტილებები, რასაც პრემიერი იღებს, სწორედაც რომ მათი ზეგავლენის შედეგია. ვფიქრობ, ის დამოუკიდებლად ბევრს ვერაფერს წყვეტს.

"რ": თქვენ განაცხადეთ, რომ ე.წ. გერმანულ საარჩევნო მოდელზე, შესაძლოა, პარლამენტში გარიგებები წავიდეს. რას გულისხმობთ?

თ.მ: გერმანული მოდელით მმართველი პარტია პარტიული სიით გაცილებით ნაკლებ მანდატს მიიღებს. იმ მანდატებს, რომლებსაც მმართველი პარტია ვერ მიიღებს, სხვა პარტიები გადაინაწილებენ. ფაქტობრივად გამოდის, რომ იმ პარტიებს, რომელთაც ბარიერი გადალახული აქვთ და მაჟორიტარები არ ჰყავთ, პარტიული სიით მანდატების რაოდენობა უორმაგდებათ.

მე ვთქვი, რომ ამ სიტუაციაში, სადაც ძალიან ბევრი განაწყენებული ადამიანი არსებობს (და ჩემს თანაპარტიელებს მივანიშნე, რომ თქვენივე თანაფრაქციელებს ცოტა მეტი პატივისცემით მოეპყარით-მეთქი), შეიძლება მათ სხვებმა თავის გამსვლელ პარტიულ სიაში ადგილი იმის სანაცვლოდ შესთავაზონ, რომ ამ გერმანულ მოდელს მხარი დაუჭირონ.

მე არ მითქვამს, რომ იმავეს გავაკეთებ, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც, თუ იძულებულს გახდიან, ამაზე ნამდვილად წავლენ. მე დამოუკიდებლად კენჭისყრა შემიძლია და პარლამენტში მოსვლას თავისუფლად შევძლებ.

"რ": თქვენ სექსუალურ უმცირესობებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების გამო ბოლო დღეებში ბევრი გაგაკრიტიკეს. როგორ ფიქრობთ, ამ ხალხის უფლებები ქვეყანაში დაცულია?

თ.მ: არ ვიცი, ვინ მაკრიტიკებს და რას ამბობენ, მაგრამ ყველაზე მეტად სახალხო დამცველის განცხადებებმა გამაბრაზა. მართლმადიდებლები ერთხელ მაინც დაიცვეს? როცა საპატრიარქოს კედლებს ღებავდნენ, მართლმადიდებლების ინტერესები ვინ დაიცვა?

ჩვენი სახალხო დამცველი არ არის? ნებისმიერი რელიგიის მიმართ რომ იგივე გააკეთონ, მსოფლიოს შეყრიდნენ. გამოვიდა და კიდევ ისევ იმათ ინტერესებს იცავს, რომ რაღაც ჯარიმა გადაახდევინონ. ჯარიმა კი არა, იქ უნდა დაეტოვებინათ... კიდევ მაგათ იცავენ? ჩემს უფლებებს ვინ იცავს?

"რ": თქვენ განაცხადეთ, რომ რამდენიმე დღის წინ ყოფილ პრემიერ-მინისტრ, ბიძინა ივანიშვილს შეხვდით. რა პოზიცია აქვს მას თქვენი პარტიიდან წასვლის თაობაზე?

თ.მ: რა თქმა უნდა, მე კონკრეტულად ვერ ვილაპარაკებ იმაზე, მე და ივანიშვილს შორის რა პირადი საუბარი შედგა. თუმცა იმას გეტყვით, რომ საკმაოდ დიდხანს ვილაპარაკეთ, მაგრამ ის ისევ თავის პოზიციაზე დარჩა, მე კიდევ ჩემსაზე.

მას ნატოს იმედი კვლავ აქვს და ფიქრობს, რომ ევროატლანტიკურ ალიანსში ქვეყნის გაწევრიანება შესაძლებელია. მე კი ვფიქრობ, რომ ის წვრთნები, რაც საქართველოში მიმდინარეობს, საფრთხის შემცვლელია. ამით ხელს რუსეთის გაღიზიანებას ვუწყობთ და ოკუპირებულ ტერიტორიაზე ისინი თავის შეიარაღებას უფრო და უფრო აძლიერებენ.

"რ": გავრცელდა ინფორმაცია, რომ თქვენ შესაძლოა, ირმა ინაშვილის, ნინო ბურჯანაძის ან გოგი თოფაძის პარტიაში გადახვიდეთ. რამდენად შეესაბამება ეს ინფორმაცია სიმართლეს?

თ.მ: არც ერთ პარტიაში გაწევრიანებას არ ვაპირებ. მე ცალკე პარტიის გაკეთებას ვგეგმავ, თუმცა ამ ხალხთან შეიძლება ვითანამშრომლო, მაგრამ გაწევრიანებას არ ვაპირებ. მე საზოგადოებაში იმდენი რეიტინგი მაქვს, რომ თავის გატანა დამოუკიდებლადაც კარგად შემიძლია.

"რ": თუ დამოუკიდებელი პარტია შექმენით, უნდა ველოდოთ თუ არა, რომ თქვენთან ერთად "ქართულ ოცნებას" სხვა წევრებიც დატოვებენ და გამოგყვებიან?

თ.მ: რა თქმა უნდა, შესაძლებელია, მაგრამ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩემს პარტიაში მხოლოდ ის ხალხი მოვა, რომლებიც, ყველაფრის მიუხედავად, მაინც ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერები იქნებიან. ის შეიძლება რაღაც ნაწილში გარკვეულ შეცდომებს უშვებდეს და ამერიკაზე დიდ იმედებს ამყარებდეს, მაგრამ მას ქვეყანა ძალიან უყვარს.

მე ზოგიერთებივით არ მოვიქცევი, რომლებმაც მისი დაფინანსებით და დახმარებით ყველაფერს მიაღწიეს, ახლა კი მას ლანძღავენ. რა რადიკალური გადაწყვეტილებაც არ უნდა მივიღო, ყოველთვის აღვნიშნავ - ხმამაღლა ლაპარაკის საშუალება არ მექნებოდა, რომ არა ბიძინა ივანიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×