4 დღის წინ "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ 21 მაისს პროკურატურის შენობასთან გამაფრთხილებელი საპროტესტო აქციის გამართვა დააანონსა.
მისი თქმით, ის ყველა ღონეს იხმარს, რათა "კაბელების საქმეზე" დაპატიმრებული თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები ციხიდან დაიხსნას.
ალასანიას განცხადებით, მისი პარტია კონსტიტუციური ნორმების სრული დაცვით და ყველა კანონიერი გზით, მათ შორის აქციებით, სამართლიანობის აღდგენისთვის იბრძოლებს.
"შაბათამდე ჩვენ შეხვედრები არასამთავრობო ორგანიზაციებთან და დიპლომატიურ კორპუსთან გვექნება. ამ ბოროტმოქმედების შესახებ ინფორმაციას მივაწვდით. შაბათს, 21 მაისს, 14:00 საათზე, საპროტესტო აქციას გავმართავთ პროკურტურასთან. ეს იქნება პირველი აქცია და ამას ექნება გამაფრთხილებელი ხასიათი. სწორედ ოქტომბრის არჩევნებზე საქართველოს საზოგადოებასთან, ჩვენს ხალხთან ერთად შევცვლით არაფორმალური მმართველის მორჩილ ხელისუფლებას," - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.
შეძლებს თუ არა ალასანია აქციაზე მასების მობილიზებას? "რეზონანსმა" ამ კითხვით საზოგადოების ცნობილ ადამიანებს მიმართა.
ირაკლი კაკაბაძე (მწერალი და პუბლიცისტი): ძალიან რთულია წინასწარ ამაზე საუბარი, ბევრი ხალხი გამოვა თუ ცოტა. ეს საკითხი ძალიან ინდივიდუალურია, რომელიც ასევე დროსა და სიტუაციაზეა დამოკიდებული. ზოგადად, საქართველოში ხალხი თავად გამოდის ხოლმე, გააჩნია ალბათ საკითხს, რის გამოც ისინი უნდა გამოვიდნენ.
ვინმე ახალი მემარცხენე ლიდერი რომ იყოს, ხალხი ალბათ უფრო ბევრი გაჰყვებოდა. საჭიროა დოგმატური ლიბერალიზმის გადალახვა, ამას თუ ვინმე შეძლებს, ადამიანები უფრო ადვილად გაჰყვებიან. ალასანიას ალბათ, რაღაც გარკვეული წონა აქვს, მაგრამ ვნახოთ, მთლად ბევრი ხალხის მობილიზებას ცოტა სკეპტიკურად ვუყურებ.
გიგი თევზაძე (სოციოლოგი და ფილოსოფოსი): ვფიქრობ, წესით, უნდა შეძლოს. მას ჰყავს საკუთარი ამომრჩეველი და მხარდამჭერი, რომელიც მას გაჰყვება. ზუსტად რამდენ ხალხს გამოიყვანს, ამის პროგნოზირება რთული იქნება, მაგრამ, სავრაუდოდ, 2000-მდე ადამიანის გამოყვანას მოახერხებს. მგონია, თვალში საცემ რაოდენობას მოაგროვებს. როგორც ვიცი, მას "რესპუბლიკელებიც" უერთდებიან. მართალია, მათ ბევრი ამომრჩეველი არ ჰყავთ, მაგრამ რაც ჰყავთ, ის მივა.
ვასილ მაღლაფერიძე (ფილოლოგი): ჩემი აზრით, ორი და სამი ადამიანიც ხალხია და მათ ანგარიში უნდა გავუწიოთ. თუმცა იმაზე საუბარი, ალასანია მოახერხებს თუ არა ბევრი ადამიანის გამოყვანას, ძალიან რთულია. საზოგადოების რაღაც რაოდენობა ალბათ გამოვა. თუ მოახერხებს მერე და რა? რის შეცვლას შეძლებს? წინასაწარ რა კამათელი გაგორდება, ამაზე ექსპერტი რომ საუბარს დაიწყებს, ის მკითხავი გამოდის. საკითხი სასამართლოს ეხება, მაშინ ჩვენ უკან, წარსულში უნდა დავბრუნდეთ და სასამართლოს ფუნქცია შევითავსოთ. ვთქვათ, მთელი საქართველო გამოვიდა, იმ ხალხს გარეთ ვინმე გამოუშვებს?
თაკო ჩარკვიანი (პუბლიცისტი): ძალიან რთულია კონკრეტულ რაოდენობაზე საუბარი. თუმცა ფაქტი ერთია, რომ მე თავად და ჩემი მეგობრები ამ აქციაზე წავალთ. ვფიქრობ, ალასანიას აქვს იმის შესაძლებლობა, რომ მას ხალხი გვერდით დაუდგეს. აქ მთავარი ასევე ის არის, რომ ადამიანები ციხეში სრულიად უსამართლოდ ჩასვეს. რისთვისაც წინა ხელისუფლებას ვებრძოდით, აღმოჩნდა, რომ ამ ხელისუფლებამაც იგივე გააკეთა. მგონია, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი ამ აქციაზე მოვა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე