ეროვნული ბანკი დოლარს გამალებით ყიდულობს, მაგრამ რევალვაციის დამუხრუჭება ვერ ხერხდება
მაკა ხარაზიშვილი
21.05.2016

 100 მილიონის ინტერვენცია ერთ კვირაში! ლარმა ისე "აიწყვიტა", რომ ეროვნული ბანკი მიმოქცევიდან დოლარის ამოღებას ვეღარ აუდის. გუშინ დაბნეულობა იყო ვალუტის გადამცვლელ პუნქტებშიც, სადაც ლარისა და დოლარის კურსი ლამის საათში ერთხელ იცვლებოდა.

ეროვნულ ვალუტასთან დაკავშირებით მიმდინარე კვირა "არანორმალური" აღმოჩნდა. ეროვნული ბანკი დოლარის შესყიდვას ვერ აუდიოდა, მაგრამ ლარის ნახტომისებრ გამყარებას წინ მაინც ვერ აღუდგა.

წინა პარასკევს "ბლუმბერგზე" დოლარზე ვაჭრობა 2,2-ის ნიშნულზე დასრულდა. შესაბამისად, შაბათისთვის, ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსი 2,2068 ლარის ნიშნულამდე შემცირდა. საბოლოოდ, წინა კვირას ლარი დოლარის მიმართ დაახლოებით 2 პუნქტით გამყარდა და ეროვნულმა ბანკმა მხოლოდ ერთი, 20-მილიონიანი ინტერვენცია განახორციელა.

სამშაბათიდან ეროვნული ვალუტის თავბრუდამხვევი გამყარება დაიწყო. "ბლუმბერგზე" ლარმა 2,18-ის ნიშნულამდე გაიუმჯობესა მდგომარეობა, ეროვნულიმა ბანკმა 20 მილიონი დოლარი იყიდა და ოფიციალური კურსი 2,2-ის დონეზე გააჩერა.

ოთხშაბათს ლარმა პოზიციების სწრაფად გამყარება განაგრძო, ამიტომ ეროვნული ბანკმა მორიგი 20-მილიონიანი ინტერვენცია განახორციელა. ელეტრონული ვაჭრობა 2,15-ის ნიშნულზე დასრულდა, ოფიციალური კურსით - 2,1878. ზუსტად იგივე პროცესები განვითარდა ხუთშაბათს, მაგრამ პარასკევს განვითარებული მოვლენები სავალუტო ბაზრისთვის ნამდვილი სიურპრიზი აღმოჩნდა. "ბლუმბერგზე" 1 დოლარის მინიმალური ღირებულება 2,11-ლარის ნიშნულზე ჩამოვიდა. ამიტომ ეროვნული ბანკი იძულებული გახდა, რომ საკმაოდ მსხვილი 40-მილიონიანი ინტერვენცია განეხორციელებინა. ოფიციალური კურსი კი 2,1460 ლარის დონეზე შენარჩუნდა. მთლიანობაში ორ თვეში ეროვნულმა ბანკმა ბაზარს 195 მილიონი დოლარი გამოაცალა.

გუშინ დაბნეულობა იყო სავალუტო ბაზარზეც. გადამცვლელი პუნქტები ტაბლოებზე კურსს საათში ერთხელ ცვლიდნენ. მათი წარმომადგენლები "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავდნენ, რომ ამ დღეს სავალუტო პუნქტებში განსაკუთრებით ბევრი დოლარი შევიდა.

"თქვენც ხედავთ, მოკლე დროში რამდენმა ადამიანმა გაყიდა დოლარი. ალბათ, ვისაც დანაზოგი ამ ვალუტაში აქვს ცდილობს სწრაფად მოიშოროს, რომ ლარში მეტი სარგებელი ნახოს. ზოგადად ბოლო პერიოდში ისედაც ბევრი დოლარი შემოდის, მაგრამ დღეს ეროვნული ვალუტა ყველაზე მეტად გამყარდა და მასზე მოთხოვნაც უფრო გაიზარდა", - ამბობს ქეთევან წამებულის გამზირზე მდებარე სავალუტო პუნქტის გამყიდველი დავით ჭელიძე.

ეკონომისტები და მთავრობის წევრები ერთხმად აღნიშნავენ, რომ ლარის რევალვაცია მომავალშიც გაგრძელდება, ვინაიდან საამისოდ ყველაზე ხელსაყრელი სეზონი ზაფხულია.

რაც შეეხება მაკროეკონიკულ ფაქტორებს. ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, 2016 წლის აპრილში საქართველოში 94.8 მილიონი დოლარი გადმოირიცხა, რაც 4%-ით (3.7 მილიონი დოლარით) მეტია 2015 წლის აპრილის ანალოგიურ მაჩვენებელზე. 4%-იანი ზრდა ვერ იქნება ლარის კურსის გამყარების სერიოზული საფუძველი.

ასევე, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულმა საგარეო ვაჭრობის დაზუსტებულმა მონაცემებმა აჩვენა, რომ იმპორტი კატასტროფულად ს ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტების ხარჯზე გაიზარდა. მიუხედავად ამისა, ერთი რამ ცხადია, რომ 4 თვეში ექსპორტი უფრო მეტად შემცირდა, ვიდრე იმპორტი. ლარის გამყარება სხვა წყაროებიდან შემოსულ უცხოურ ვალუტას უნდა გამოეწვია.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძის ინფორმაციით, მიმდინარე ბალანსი ს ჰეპატიტის წამლების გამოკლებით, დაახლოებით, 300 მილიონი დოლარით გაუმჯობესდა. მან "მაესტროს" ეთერში ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანაში ლარის გამყარების წინაპირობები შეიქმნა. გვენეტაძე ამბობს, რომ საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსი, რაც თავისთავად გულისხმობს, რომ ლარის მოძრაობა იქნება როგორც გამყარების, ასევე გაუფასურების მიმართულებით.

"ეს არის ის რეალობა, რომელსაც უკვე შეჩვეულები ვართ და რომელსაც უნდა შევეჩვიოთ. მოგეხსენებათ, საქართველო არის პატარა, ღია ეკონომიკა და ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნისთვის ეს არის ის ოპტიმალური მეთოდი, რომელიც ქვეყანას საშუალებას მისცემს სხვადასხვა, დადებითი და უარყოფითი შოკების აბსორბირება მოხდინოს. საბოლოოდ კი სიტუაციიდან ისე გამოვიდეთ, რომ მოსახლეობა არ დაზარალდეს და ეკონომიკა გაიზარდოს გრძელვადიან პერიოდში", - განაცხადა გვენეტაძემ.

"რეზონანსი" წერდა, რომ ლარის კურსთან დაკავშირებით საკმაოდ იმედიანად გამოიყურება მთავრობა. ჯერ ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა იწინასწარმეტყველა, რომ ეროვნული ვალუტა "მთელი ზაფხულის განმავლობაში და შემოდგომის განმავლობაში აუცილებლად კიდევ უფრო გამყარდება". ამჯერად, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ამბობს, რომ ლარის სტაბილურობასთან დაკავშირებით სასიკეთო მაკროეკონომიკური გარემო და საზოგადოებაში სწორი მოლოდინი შეიქმნა.

"ჩვენ გასული წლის ბოლოს და მიმდინარე წლის დასაწყისში ვსაუბრობდით, რომ მაკროეკონომიკური გარემო სასიკეთოდ შეიცვალა და ლარის კურსის გამყარება აუცილებლად დაიწყებოდა. ხედავთ, რომ ასეა. აშკარად შეცვლილია გარემო, მათ შორის, ფულადი შემოდინების თვალსაზრისით და რაც მნიშვნელოვანია", - განაცხადა ხადურმა და დასძინა, რომ ლარი ახალი წონასწორობის წერტილისკენ მიისწრაფვის და ეროვნული ბანკი შესაბამის პოლიტიკას ახორციელებს.

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ლარის გამყარება თანდათანობით უნდა მოხდეს. ნოდარ ხადური მიიჩნევს, რომ პროცესები უნდა იყოს თანდათანობითი.

"თქვენ იცით, რომ ეროვნული ბანკი ბოლო პერიოდში საკმაოდ აქტიურად მონაწილეობს სავალუტო აუქციონებში, ერევა სავალუტო ბაზრის ფორმირებაში, მაგრამ ხედავთ, რომ ლარი ბოლო 3 თვის განმავლობაში სტაბილურად მყარდება", - განაცხადა ხადურმა.

კიდევ უფრო ხელსაყრელ სავალუტო კურსს პროგნოზირებს საქართველოს ბიზნესასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე. მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ საგარეო შოკების მოხსნის შემდეგ განსხვავებული მაკროეკონომიკური სურათი შეიქმნა.

"საგარეო შოკი მოხსნილია. მაკროეკონომიკური სურათით, რომელიც ჩამოყალიბდა საქართველოში, შეიძლება ვიწინასწარმეტყველოთ, რომ ლარი კიდევ უფრო გამყარდება. ლარის კურსი არის ძალიან მნიშვნელოვანი ქართული ბიზნესისთვის და ეკონომიკისთვის. სეზონური ფაქტორები, ტურისტული ნაკადები, გადმორიცხვების ზრდა, ინვესტიციების უფრო მეტი შემოსვლა, გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ლარის კურსი კი არ გაუფასურდება, არამედ კიდევ უფრო გამყარდება", - განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

ასე რომ, მძიმე 2015 წლის შემდეგ საქართველოში, ჯერჯერობით, ერთი კარგი რამ მაინც ხდება ეროვნული ვალუტა დოლარის მიმართ პოზიციებს ყოველდღიურად იმყარებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×