მოსაზრება
21.05.2016

გურამ ყორანაშვილი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ისტორიის ფაკულტეტზე, 1957-1962 წლებში ვსწავლობდი. რასაკვირველია, იმხანად ჩაგვჩიჩინებდნენ სკკპ ისტორიას, სოციალიზმის პოლიტეკონომიას, საბჭოთა კავშირის (ფაქტობრივად რუსეთის) ისტორიას საქართველოს ისტორიის მოცულობით. გვასწავლიდნენ აგრეთვე დასავლეთი და სამხრეთი სლავების ისტორიას და ა.შ. ცდილობდნენ სტუდენტები განვმსჭვალულიყავით ბოლშევიკურ-კომუნისტური იდეოლოგიით. თუმცა გავდიოდით ფილოსოფიურ დისციპლინებსაც, მაგრამ უაღრესად ზერელედ, დაზუთხვა-დაზეპირების დონეზე.

დიდად სამწუხაროდ, უნივერსიტეტში აღარ გვასწავლიდა მაღალნიჭიერი ისტორიკოსი ნიკო ბერძენიშვილი. მაგრამ ფაკულტეტზე იყვნენ სერიოზული მეცნიერები - გიორგი ჩიტაია (ეთნოგრაფია/ეთნოლოგია), ოთარ ჯაფარიძე (არქეოლოგია), შოთა მესხია, დავით გვრიტიშვილი, აბელ კიკვიძე (საქართველოს ისტორია), ნოდარ ლომოური (ძველი აღმოსავლეთი), ალექსანდრე წერეთელი და გიორგი გოზალიშვილი (ანტიკური ისტორია), იასე ცინცაძე (რუსეთის ისტორია), გივი ჟორდანია და გივი კუღურაძე (ახალი ისტორია), შალვა ამირანაშვილი (ქართული ხელოვნების ისტორია), ნოდარ კაკაბაძე (დასავლეთევროპული ლიტერატურის ისტორია) (ძალზე მეამაყება, რომ ჩემი სამეციერო ინტერესებიდან გამომდინარე, ურთიერთობა მქონდა გამოჩენილ ფილოლოგოს სიმონ ყაუხჩიშვილთან). დიდად ვეჭვობთ, რომ დღევანდელ უნივერსიტეტში შესაბამის დარგზე მათი ბადალი მოძღვრები იყვნენ. ჩანს, მათი დამსახურებაც იყო, რომ ფაკულტეტზე ზოგჯერ იმართებოდა ახალი წიგნების განხილვა მწვავე პოლემიკით.

ცხადია, კერძოდ ისტორიის სწავლებაც დიდად მუხრუჭდებოდა საბჭოური იდეოლოგიით. ამიტომაც იყო, რომ მომავალი ისტორიკოსები მთელი ხუთი წლის განმავლობაში ისტორიოგრაფიის (საისტორიო მეცნიერების) ანბანს ვერ ვცილდებოდით. იგულისხმებოდა, რომ ამ დონეზეც შეიძლებოდა კანდიდატობისა და დოქტორობის ხარისხების მოპოვება.

ფაქტია, რომ იმჟამინდელ საისტორიო ფაკულტეტზე სამიოდე "მოდისიდენტო" სტუდენტი თუ იყო, ვისაც სურდა ამაღლებულიყო საბჭოური სტანდარტის ზემოთ. საჯარო ბიბლიოთეკაში აღმოვაჩინეთ შარლ ლანგლუას და შარლ სენიობოსის ფრანგულიდან რუსულად ნათარგმნი "შესავალი ისტორიის შესწავლაში" და ე. ბერნჰაიმის გერმანულიდან რუსულად ნათარგმნი "შესავალი საისტორიო მეცნიერებაში", შარლ ლუი მონტესკიუს "ფიქრები რომაელთა აღზევებისა და დაცემის შესახებ", ჰეგელის "ისტორიის ფილოსოფია" და სხვ.

კრიტიკული სულისკვეთებისა და აზროვნების მქონენი იმასაც ვხვდებოდით, რომ ვლადიმერ ლენინისა და იოსებ სტალინის მიერ უაღრესად გავულგარებული გადმოიცემოდა თვით მარქსისტული ფილოსოფიაც, კერძოდ, ისტორიული მატერიალიზმი. ეს ცხადი ხდებოდა გეორგი პლეხანოვისა და კარლ კაუტსკის ნაშრომების გაცნობით.

საბედნიეროდ, გადაიარეს ისტორიულმა ქარიშხლებმა, გადაეგო-გადაშენდა საბჭოური ფორმაცია (წესწყობილება). საუკუნის მეოთხედია, რაც საქართველო ასე თუ ისე თავისუფალ, დამოუკიდებელ ქვეყანას წარმოადგენს. საკითხავია რა პასუხები გაეცა საისტორიო განათლება-შემეცნებაში დროის ახალ გამოწვევებს?

ჩემი ღრმა რწმენით და უნივერსიტეტის შესაბამის დარგზე ხანგრძლივი დაკვირვებით, სასიკეთო ცვლილებებით თავს ნამდვილად ვერ მოვიწონებთ. სათანადო ფაკულტეტზე მძლავრობს რუტინა, არ წარმოებს დისკუსიები, ადგილი არა აქვს ახალი წიგნების განხილვას. სახელდობრ, არ განხილულა წიგნები, რომელთა ავტორებსაც პრეტენზია აქვთ ისტორიული პროცესის ახლებურად გაგება-გააზრებისა.

მავანი მოძღვარნი თუმცა კი მოიხმობენ არნოლდ ტოინბისა და რობინ კოლინგვუდის სახელებსა და შესაბამის ნაშრომებს, მაგრამ აშკარად ჩანს მათი ზერელე, რეფერატული ცოდნა ენციკლოპედიებსა და ინტერნეტს რომ ვერ სცილდება. რაც შეეხება ფილოსოფიის სწავლებას, არა გვგონია, ამ მხრივ უწინდელთან შედარებით საგრძნობლად წინ წავსულიყავით.

საბჭოური იდეოლოგიური წნეხის მოშლამ, რასაკვირველია, სერიოზული პერსპექტივები დასახა ახლებური აზროვნებისათვის. მაგრამ პროგრესს ოდენ რაოდენობრივი თვალსაზრისით თუ აქვს ადგილი, ხარისხობრივ მაჩვენებლამდე კი ჯერჯერობით შორსაა (პროფ. მერაბ კალანდაძე). ძალზე სამწუხაროდ, ჭეშმარიტად ახლებური აზროვნების ისტორიკოსები არ ჩანან.

ფრიად მისაალმებელია ჩვენი სტუდენტობის აქტიური საზოგადოებრივი შემართება. მაგრამ პირადად ჩემი კრედო გახლავთ შემდეგი. ახლა რომ უნივერსიტეტის სტუდენტი ვიყო, უპირველესად ვიბრძოლებდი ისტორიის სწავლების ხარისხის ასამაღლებლად, რაც მხარს აუბამდა დღევანდელ მოწინავე მსოფლიო, ასევე ქართული ისტორიოგრაფიის ტრადიციებს. მოვითხოვდი, რათა პროფესურა იყოს ბევრად უფრო ერუდირებული და ახალი იდეების მქონენი, გვქონდეს ახალი, დროის შესაფერისი სახელმძღვანელოები, მოისმინებოდეს საინტერესო ისტორიკოსთა მოხსენებები. ამგვარი რამეების გაგებას კი უნვიერსიტეტის ხელმძღვანელობას, განათლებისა და მეცნიერების რუტინულ ბიუროკრატიას ვერ მოვთხოვთ.

მაშ რა ვიღონოთ? ნუთუ კვლავაც მივყვეთ ჩვეულ მდინარებას და თვითონ მომავალ ისტორიკოსებს მივანდოთ გამოიჩინონ სავსებით დამოუკიდებელი ძალისხმევა სამეცნიერო კვალიფიკაციის ასამაღლებლად? ასე რომ, საჭიროა უფრო მეტი შემოლაწუნება, რათა დაძლეულ იქნას ტრადიციული ქართული მცონარობა და ილუზიები. გამოსავალი თვითონ ჩვენში უნდა ვეძიოთ!

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×