სალომე სარიშვილი
21.05.2016

 საზოგადოებრივი კომუნიკაციის მართვის სპეციალისტი და ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია მიიჩნევს, რომ "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია ყოფილ თანამშრომლებს პოლიტიკურ იარაღად იყენებს.

ანალიტიკოსი "რეზონანსთან" ინტერვიუში საარჩევნო სიების თემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ მმართველ ძალას სიის ფორმირების პროცესში მეტი სიფრთხილისა და ყურადღების გამოჩენა მართებს, ვინაიდან საარჩვენო სიის პირველი ათეული "ოცნების" რეიტინგისთვის გადამწყვეტი შეიძლება აღმოჩნდეს.

არჩილ გამზარდია: სამწუხაროდ საქართველოში ძალიან ცუდი ტენდენციაა ჩამოყალიბებული - არა უნდა ხდებოდეს, თუკი ეს ხელისუფლების ინიციატივაა, ოპოზიცია პრაქტიკულად ყოველთვის მის წინააღმდეგ გამოდის, ამიტომაც საერთო ჯამში, ამ ყველაფრიდან აზრის გამოტანა ძალიან ძნელდება-ხოლმე. საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონის ცვლილების შემთხვევაშიც ზუსტად ამასთან გვაქვს საქმე.

რა თქმა უნდა, არ მაქვს ილუზია, რომ ყველა კანონპროექტი, რომელსაც სახელმწიფო საზოგადოებას სთავაზობს, იდეალურია, თუმცა მგონია, რომ ინსტიტუციების დაკნინებაზე შენიშნვა, რაზეც საუბარი ხშირად ისმის, ნაკლებად დამაჯერებელია.

"რეზონანსი": პრეზიდენტმა მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ამ კანონზე ნეგატიური დამოკიდებულება აქვს, თუმცა დაადებს თუ არა ვეტოს, არ უთქვამს. თქვენ რას ფიქრობთ?

ა.გ: ვენეციის კომისიის დასკვნების შემდეგ, ჩვენთვის უფრო ადვილი გახდება ამაზე გარკვეული დამოკიდებულების შექმნა, ასევე პრეზიდენტსაც. თუ პრეზიდენტის არგუმენტაცია ავტორიტეტულ წყაროებზე იქნება დაყრდნობილი, მაშინ მისი გადაწყვეტილება გასაგები იქნება. გვახსოვს, რომ პრეზიდენტს ვეტოს ადვილად დადება ჩვევია, თუმცა ამ შემთხვევაში მან არ იჩქარა, ელოდება შესაბამის დასკვნას, რაც მისასალმებელია.

"რ": "თავისუფალი დემოკრატები" ე.წ. კაბელების საქმის გამო საპროტესტო აქციებს აანონსებენ და ამბობენ, რომ შესაძლოა ამან მასშტაბური ხასიათიც კი შეიძინოს. როგორ აფასებთ მათ გადაწყვეტილებას?

ა.გ: პირველ რიგში, იმედი მაქვს, რომ ეს აქციები რეზონანსული არ იქნება. იმისათვის, რომ აქციამ მედიის ყურადღება მიიპყოს, მასში მცირე დაძაბულობის შეტანაც კი საკმარისია და შესაძლოა, მოვლენები ამ მიმართულებით განვითარდეს. მაგალითად, ჩვენ გვახსოვს "თავისუფალი ზონის" აქციები, სადაც რამდენიმე ადამიანი ისტერიკის მოწყობას იმგვარად ახერხებდა, რომ ეს შემდგომ ტელეეთერებშიც კი გადადიოდა. ზოგადად, მგონია, რომ თავად პოლიტიკურ სუბიექტს ამ მოვლენებისდამი ძალიან ყალბი დამოკიდებულება აქვს.

იმ დროს, როცა სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ პირველი ინსტანციით აქვს მიღებული და, შესაძლოა, პროცესი სხვაგვარად განვითარდეს, ალასანიას განცხადებები სრულიად გაუგებარია. მრჩება შთაბეჭდილება, რომ იგი ამ პატიმრებს საკუთარი პოლიტიკური პერსპექტივისა და არჩევნებისთვის იყენებს. იყენებს ამ ადამიანებსაც და მათთან ერთად საზოგადოებასაც, რადგან წაქცეულის მიმართ ჩვენ ტოლერანტული დამოკიდებულება გვაქვს-ხოლმე. მითუმეტეს, რომ საქმე სამხედროებს ეხებათ, რომელთა მიმართაც ჩვენ განსაკუთრებული პატივისცემა გვაქვს. ჩემთვის "თავისუფალი დემოკრატების" ეს პოზიცია მისაღები არაა. ვფიქრობ, ალასანიას აქცენტირება სამართლებრივ მექანიზმებზე უნდა გადაეტანა.

პოლიტიკოსი, რომელიც თავის დროზე ჩინოვიკი იყო და შესაძლოა ხვალაც აღმოჩნდეს, სახელმწიფოებრივ და სამართლებრივ პოზიციას უნდა აყალიბებდეს. ირაკლი ალასანია ქუჩიდან მოსული პოლიტიკოსი არაა, რომ ამას ვერ ხვდებოდეს. ძალიან სამწუხაროა, რომ ყოფილი თანამშრომლები პოლიტიკურ ინსტრუმენტად აქცია.

"რ": დეპუტატმა თამაზ მეჭიაურმა განაცხადა, რომ "ოცნების" დატოვების შემდეგ, საკუთარი პარტიის შექმნას გეგმავს. რა პერსპექტივა აქვს?

ა.გ: არ მესმის, რატომ ვაკეთებთ აქცენტს ერთ ადამიანზე, რომელიც საკმაოდ ხისტი და უხეში განცხადებებითაა ცნობილი. არ მგონია, პარლამენტში გასასვლელად საჭირო ოდენობის ხმები მიიღოს. ჩემი აზრით, მეჭიაური თემა საერთოდ ხელოვნურადაა აქტუალიზირებული.

"რ": საარჩევნო სიებზეც მინდა გკითხოთ. "ნაციონალურმა მოძრაობამ" საზოგადოებას პარტიის პირველი ათეული უკვე გააცნო, სადაც, მათი თქმით, პოლიტიკურ ასპარეზზე ახალი, თუმცა კარგად ნაცნობი სახეები ვიხილეთ. როგორ აფასებთ მათ საარჩევო ათეულს?

ა.გ: "ნაციონალური მოძრაობის" ამომრჩეველი გამოირჩევა იმით, რომ ის მიხეილ სააკაშვილთან ასოცირდება, ამიტომ ვინ შევიდოდა სიის პირველ ათეულში, ამას სულ არ ჰქონდა გადამწვეტი მნიშვნელობა. "ნაცმოძრაობის" სია უფრო საერთაშორისო საზოგადოებაზეა პოზიციონირებული, ვიდრე ამომრჩეველზე. ვინც ამ სიაში შემავალი სუბიექტებში გარკვეული არ არის, უნდა ითქვას, რომ ეს ადამიანები "ნაციონალური მოძრაობის" პერიოდში თანამდებობს იკავებდნენ და შემდგომ გარკვეული "კათარზისი" არასამთავრობო ორგანიზაციებში გაიარეს.

საერთაშორისო საზოგადოება ვახსენე იმიტომ, რომ ეს ხალხი ძირითადად მოტივირებულია სამომავლოს პარლამენტში უმცირესობის შექმნისთვის, ამიტომ თუკი ადრე ქვეყნის წინააღმდეგ გამომსვლელი ერთი გიორგი კანდელაკი გვყავდა, ახლა კრებითი კანდელაკები გვეყოლება, რომლებიც საერთაშორისო ასპარეზზე იგივე კურსით გააგრძელებენ ქვეყნისთვის ძირის გამოთხრას.

"რ": რაც შეეხება "ქართულ ოცნებას", პარტიის საარჩევნო სიაზე მითქმა-მოთქმა გრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებას ზუსტი ინფორმაცია არ აქვს, კულუარულად ითქვა, რომ "ოცნების" ათეულში სხვა ახალ სახეებთან ერთად, მოქმედი მინისტრები იქნებიან, თუმცა მნიშვნელოვანი სიახლეების შესახებ არც პარტიულ ყრილობაზე ითქვა რაიმე და არც მის გარეთ. თქვენ როგორ უყურებთ ამ პროცესს, რას ფიქრობთ მათ საარჩევნო სიაზე?

ა.გ: საარჩევნო სიის განახლებაზე საუბრისას, პროცესს თან რამდენიმე რისკი ახლავს. პირველი: თუკი მხოლოდ აღმასრულებელ ხელისუფლებაში არსებული პოზიტიური სახეები საარჩევნო ათეულში გადმოინაცლებენ, ეს დადებითი მოვლენა იქნება, თუმცა სიახლეების ელფერს ნაკლებად შესძენს. ჩემი აზრით, სიახლე აუცილებელია, თუმცა ამაში არ ვგულისხმობ სრულიად ახალ სახეს, ვგულისხმობ ნაცნობ სახეს, რომელსაც პარტიულ ცხოვრებასთან ასოციაცია არ ექნება.

არ ვიზიარებ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ საკმარისი კადრი არ არსებობს. მგონია, რომ "ქართულ ოცნებასთან" თანამშრომლობის მსურველი კადრი ძალიან ბევრია, უბრალოდ აქ საუბარი გამოცდილებასა და მოტივაციაზე უფროა. ამ სიით ისინი რეიტინგს ან გაიორმაგებენ, ან გაინახევრებენ. არ ვამბობ, რომ მათ საოცარი სიახლე უნდა შემოგვთავაზონ, მაგრამ უნდა იყოს საკმარისი სიახლე იმისთვის, რომ დამატებითი რეიტინგის მობილიზაცია შეძლონ, არსებული სახეებით კი ეს გაუჭირდებათ.

რაც შეეეხება პოლიტსაბჭოს, ეს სია არც აღფრთოვანებასა და არაც ნეგატივს მიქმნის. თუ პარტია მიიჩნევს, რომ ეს ხალხი მათ წინ წაწევასა და არჩევნებში გამარჯვებას უზრუნველყოფს, ე.ი სწორადაა შერჩეული, მაგრამ არ მგონია, რომ ამ ადამიანებით მოლოდინი მთლად გამართლდა. ვფიქრობ, სანამ საბოლოო სიას დადებს, "ოცნებამ" ადამიანური რესურსების მართვის საკითხს თვალი კარგად უნდა გადაავლოს, რადგან მათ მეტი სიფრთხილე მართებთ.

"რ": პოლიტსაბჭო ახსენეთ. საინტერესოა, რას ფიქრობთ დავით კოღუაშვილის განცხადებებზე, რომელსაც თავად მმართველ გუნდში მოჰყვა კრიტიკა? რამდენად საზიანოა "ოცნებისთვის", მითუფრო წინასაარჩევნო პერიოდში, მსგავსი რადიკალური პოზიციის მქონე პოლიტსაბჭოს წევრი და მისი განცხადებები?

ა.გ: არ ვიცი, დავით კოღუაშვილის განცხადებები ინტერპრეტირებული იყო თუ არა, მაგრამ თუკი ეს მართლაც ასეა, მაშინ მან მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს.

თუ ეს მისი პოზიციაა, მაშინ ამომარჩეველიც შესაბამის დასკვნას გააკეთებს. არ მგონია, რომ ეს "ოცნებისთვის" კარგი იყოს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×