ვარდების მოედანს, შესაძლოა, ძველი სახელწოდება - რესპუბლიკის მოედანი - დაუბრუნდეს. ამ ინიციატივით საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარე თევდორე კობახიძე გამოდის. ამას "ნაციონალური მოძრაობის" კრიტიკა მოჰყვა. მოედანს სახელი სწორედ წინა ხელისულების დროს გადაარქვეს.
უნდა დაუბრუნდეს თუ არა ვარდების მოედანს ძველი სახელწოდება? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების ცნობილ წარმომადგენლებს მიმართა.
ლადო ვარდოსანიძე (არქიტექტორ-ურბანისტი): ალბათ უნდა გამოეცვალოს სახელი, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ რესაპუბლიკის მოედნის სახელი უნდა დაუბრუნდეს. ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი დავით აღმაშენებლის ძეგლის გადატანის საკითხი. თუ ის იქ დაბრუნდა სადაც ადრე იყო, რასაც მე არ ვემხრობი, მაშინ რესპუბლიკის მოედანი იქნება აბსოლუტური უაზრობა, რადგან მონარქი იდგეს რესპუბლიკის მოედანზე - ეს არის როგორც მონარქის, ისე რესპუბლიკის შეურაცხყოფა.
ამიტომ ვფიქრობ, ეს საკითხი მოსაფიქრებელია და არ უნდა ავჩქარდეთ. არსებობს კომისია და იქნებ მათ უფრო გახსნილად იმუშაონ ამ საკითხთან დაკავშირებით. მოვისმინოთ თბილისელების წინადადებებიც და მხოლოდ ამის შემდეგ გადავწყვიტოთ, რა დავარქვათ მას.
ისე, ვარდების რევოლუციამ რა შედეგებამდეც მიგვიყვანა, ყველანი ვხედავთ და ალბათ ეს სახელი ნამდვილად უნდა შეიცვალოს, თუმცა არ მგონია, რესპუბლიკის მოედნის სახელწოდების დაბრუნება სწორი გადაწყვეტილება იყოს.
გიგა ნასარიძე (ა/ო "საქართველო არ იყიდება"): საქმე არა სახელში, არამედ მიდგომაშია. მე ვფიქრობ, რომ ვარდების რევოლუცია არ იყო ერთი პოლიტიკური გუნდისთვის გაკეთებული საქმე. ეს იყო მთელი მოსახლეობის მიერ მოწყობილი ხავერდოვანი რევოლუცია, რომელმაც უარი უთხრა ჭაობში ცხოვრებას და თავად აიღო ხელში ძალაუფლება და გადასცა ადამიანთა იმ ჯგუფს, რომელმაც ჩათვალა, რომ უკეთესად გაუძღვებოდა ქვეყანას. ამიტომ, ვარდების მოედნისთვის სახელის გადარქმევა, არ არის რევანში ერთი პოლიტიკური გუნდის წინააღმდეგ. ეს არის რევანში იმ პროგრესის წინააღმდეგ, რომელიც შევარდნაძის ეპოქის შემდეგ დადგა საქართველოში.
ლევან ღვინჯილია (ენათმეცნიერი): თავის დროზე როდესაც ამ მოედანს სახელი დაექვა, მაშინ გამოვთქვი მოსაზრება, რომ მას დარქმეოდა ივერიის მოედანი და არა რესპუბლიკის მოედანი. სამწუხაროდ, მაშინ ამას ყური არავინ უგდო, რასაც შემდეგ ის მოჰყვა, რომ აშენდა სასტუმრო, რომელსაც "რედისონ ბლუ ივერია" დაარქვეს, რომელსაც ასევე წარმატებით შეიძლება დარქმეოდა ივერია. თუ იქნებოდა ივერიის მოედანი და იქვე სასტუმრო ივერიაც, ეს იქნებოდა პატივის მიგება იმისადმი, რასაც ეს სახელწოდება უკავშირდება და არ იქნებოდა ასე, რომ გეოგრაფიული ობიექტისთვის სახელი კვირაში რამდენჯერმე გადაერქვათ. რაც შეეხება ვარდების მოედანს და ზოგადად ვარდების გაფეტიშებას, ყველაფერი ე.წ. ვარდებთან დაკავშირებული არის სამარცხვინო ლაქა საქართველოს ისტორიაში. ამდენად ვუერთდები ამ ინიციატივას. ჯობს მოედანი სრულიად უსახელო იყოს, ვიდრე მას ვარდების მოედანი ერქვას.
ზურაბ ვადაჭკორია (ილუზიონისტი): ჩვენ თუ რესპუბლიკა ვართ, მაშინ რესპუბლიკის მოედანი უნდა ერქვას, რატომაც არა, აბა რა არის ვარდების მოედანი?! ქართველები ვართ და ვაზის ან ყურძნის მოედანი მაინც დაერქმიათ. ვფიქრობ, ჯობს შეიცვალოს და ისევ ძველი სახელწოდება, რესპუბლიკის მოედანი, დაუბრუნდეს - ეს ნამდვილად ჯობს ვარდების მოედანს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე