გვანცა ღვედაშვილი
23.05.2016

"თავისუფალი დემოკრატების" ხუთივე წევრს სასამართლომ ე.წ. კაბელების საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა. რამაც პარტიაში პროტესტი გამოიწვია.

"თავისუფალმა დემოკრატებმა" მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი უსამართლო გადაწყვეტილების მიღებაში დაადანაშაულეს და აქციების გამართვა დააანონსეს. პირველი აქცია კი შაბათს, 21 აპრილს გამართეს.

ცნობისთვის, ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულ ხუთივე პირს 7-7-წლიანი პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლემ დახურულ კარს მიღმა გამოაცხადა.

შესაძლოა თუ არა, "თავისუფალი დემოკრატების" მიერ დაანონსებულმა აქციებმა მასობრივი ხასიათი მიიღოს?" - ამ კითხვით "მთელმა კვირამ" საზოგადოების ცნობილ წარმომადგენლებს მიმართა.

 გია ბუღაძე  (ფერმწერი): "ვფიქრობ, შესაძლებელია, ამ აქციებმა მასობრივი სახე მიიღოს ამის შანსი ნამდვილად არის. ძალიან ბევრი უკმაყოფილება დაგროვდა საზოგადოებაში. საშინელი უსამართლობაა ირგვლივ და ვფიქრობ, ამ ხელისუფლებისათვის ყველაფერი ასე მარტივად არ დასრულდება."

 

 

 ზაზა ხუციშვილი  (მუსიკოსი): "ამის პროგნოზირება რთულია. ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, ვინ უფრო ამომწურავ პასუხს მიაწვდის საზოგადოებას იმ კითხვებზე, რომელიც არსებობს. არიან თუ არა ეს ადამიანები მართლაც კორუმპირებულები, თუ ეს არის ანგარიშსწორება.

სიმართლე გითხრათ, მას შემდეგ რაც მთავარი პროკურორი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა, მათ განაცხადეს რომ საკმაოდ ამომწურავი პასუხები მოისმინეს და პროკურორიც ძალიან დამაჯერებელი ჩანდა. მეორე მხრივ, ძალიან გაკვირვებული და შეშფოთებულია მეორე მხარე.

ამიტომ ვფიქრობ, გასაგებია მათი პროტესტი, მაგრამ ქუჩის აქციები შედეგს ვერ დადებს და ჯობს, ისე იმუშაონ, რომ ყველაფერი გამჭვირვალე იყოს და საზოგადოებისთვის ცნობილი გახდეს მასალის დეტალები.

ჩვენ ქრთამის აღებაც ბევრი გვინახავს, პოლიტიკური დევნილებიც და სხვაც. ამიტომ ჯობს, სამართლებლივ ჩარჩოებში დავრჩეთ და ინფორმაცია ამ საქმეზე გამჭვირვალედ მოგვაწოდონ."

 ნუცა ჯანელიძე (მუსიკოსი): "შეიძლება მოიმატოს ხალხმა აქციებზე, მაგრამ არ მგონია, მასობრივი ხასიათი მიიღოს. მათ სურთ თავიანთი გულისწყრომა გამოხატონ, რადგან ტელეეთერებით არაფერი გამოუვიდათ და ახლა ეცდებიან ყურადღება მიიქციონ, მაგრამ ვისი, ვერ გეტყვით. შეიძლება რაღაც გამოხმაურება ჰქონდეთ, მაგრამ არ მგონია, ეს მასობრივ აქციებში გადაიზარდოს."

 

 

 ნანა კაკაბაძე  (უფლებადამცველი): "არ მგონია, ფართო საზოგადოების ჩართულობა იყოს ამ აქციებზე. ვფიქრობ, ეს ყველაფერი უფრო პარტიულ დონეზე იქნება და მოსახლეობის მასობრივ უკმაყოფილობასა და პროტესტში არ გადაიზრდება."

 

 

 იური მეჩითოვი (ფოტოგრაფი): "აქციები მათ კიდევ დააანანოსეს, მაგრამ არ მგონია, ეს მასობრივ აქციებში გადაიზარდოს. მათ არ აქვთ იმხელა ბაზა, რომ შეძლონ დიდი აქციების გამართვა. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულმა ორგანიზაციებმა მათ მაღალი რეიტინგი მისცეს.

ეს საქმე იმდენად ბუნდოვანია და იმდენად გაურკვეველია საზოგადოებისთვის, რომ არ მგონია, ამ ამბავმა საზოგადოების პროტესტი გამოიწვიოს და ამ ყველაფერმა სერიოზული ხასიათი მიიღოს."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×