საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ყველაზე დიდი წვრთნები - "ანაკონდა 16"
ზვიად მახარაძე (ბრიუსელი)
23.05.2016

 ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მიღწეულ იქნა კონსენსუსი, ერთი მხრივ, ალიანსის თავდაცვისუნარიანობის გაზრდისა და, მეორე მხრივ, რუსეთთან დიალოგის შენარჩუნების შესახებ. რუსეთის საზღვრებთან 4 ათასამდე ოდენობის ტაქტიკური ბატალიონების განლაგების საკითხი მხოლოდ ვარშავის სამიტზე გადაწყდება.

ხუთშაბათს, მაშინ როცა ბრიუსელში ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები იკრიბებოდნენ, პოლონეთში დაიწყო მაღალი მზადყოფნის ერთობლივი დაჯგუფების სამხედრო წვრთნები სახელწოდებით - "ბრწყინვალე ნახტომი 2016".

ვროცლავსა და შეცენში ესპანეთიდან, ბრიტანეთიდან და ალბანეთიდან გადასროლილ იქნა 1500-მდე ჯარისკაცი, ასევე 400 ერთეული სამხედრო ტექნიკა. ვარშავის ნატოს მორიგ სამიტამდე, ივნისში, ასევე პოლონეთში დაგეგმილია საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ყველაზე დიდი წვრთების "ანაკონდა 16" ჩატარება, რომელშიც მონაწილეობას 30 ათასი სამხედრო მიიღებს.

რას ითხოვენ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები?

თუმცა ნატოს გააქტიურება ცენტრალურ ევროპაში, გახშირებული წვრთნები, მაინც ვერ ზრდის რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნების უსაფრთხოების შეგრძნებას. ისინი სულ უფრო დაჟინებით მოითხოვენ ნატოს დამატებითი ძალების განლაგებას.

ზუსტად მინისტერიალის წინ ლიტვის და რუმინეთის პრეზიდენტებმა, დალია გრიბაუსკაიტემ და კლაუს იოჰანისმა, კვლავ ერთობლივად მოითხოვეს აღმოსავლეთ საზღვრებზე ნატოს სამხედრო ყოფნის გაძლიერება, მათ შორის სწრაფი რეაგირების ძალების თითო-თითო ბატალიონების განლაგება ლიტვაში, ლატვიაში, ესტონეთსა და პოლონეთში.

ასევე ქმედითი ნაბიჯების გადადგმა კონფლიქტის შემთხვევაში რუსეთის მხრიდან ბალტიისპირეთისა და შავი ზღვის რეგიონების იზოლაციის თავიდან ასაცილებლად.

რუსეთთან მიმართებაში უფრო მკაცრი პოზიცია უკავია პოლონეთს. სულ ახლახან საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიტოლდ ვაშიკოვსკიმ განაცხადა, რომ დასავლეთმა უარი უნდა თქვას 1997 წელს პარიზში ხელმოწერილ ნატო-რუსეთის ფუძემდებლური აქტის შესრულებაზე, განსაკუთრებით ყირიმის ანექსიისა და შეცვლილი პოლიტიკური სიტუაციის ფონზე.

მისი აზრით, ეს დოკუმენტი მხოლოდ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს და არ წარმოადგენს იურიდიულ დოკუმენტს.

რა აწუხებს ნატოს?

მინისტერიალზე მკაფიოდ გამოიკვეთა ნატოს წინაშე მდგომი გამოწვევები, რომელთა გადაწყვეტაც დღეისათვის სამხედრო-პოლიტიკური ბლოკის პრიორიტეტს წარმოადგენს. მთავარი პრობლემაა რუსეთთან ურთიერთობისა და თანამშრომლობის ფორმების განსაზღვრა. ასევე სამხედრო სფეროში გამჭვირვალობის გაზრდა და რუსეთის მეზობელ ქვეყნებში სიტუაციის სტაბილიზაცია.

ნატოში აცხადებენ, რომ ალიანსი აქვეყნებს ინფორმაციას სამხედრო ოპერაციების შესახებ, მის საიტზე ყოველთვის შეიძლება ნახო, თუ სად და როდის იგეგმება სამხედრო წვრთნები და რა ძალები იქნებიან მასში ჩართული. ეს მაშინ, როცა რუსეთი მსგავს ინფორმაციას არ ასაჯაროებს.

ნატოს თავის ტკივილს რუსეთის სამხედრო მზადყოფნის არაგეგმური შემოწმებები და მოულოდნელი წვრთნები წარმოადგენს. ბოლო 2 წლის განმავლობაში სულ 12 ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა.

როგორ ფიქრობთ, რა სიგნალს გვიგზავნიან რუსები, როცა მოულოდნელად გადააადგილებენ სამხედრო ძალებს ჩვენს საზღვრებთან?, - კითხულობენ ნატოში, ხოლო რუსეთის მოქმედებები ყირიმსა და დონბასში ნათლად აჩვენებს, რომ ისინი მზად არიან ძალების რეალური გამოყენებისათვის.

ნატოს შეშფოთებას ასევე რუსეთის არმიის რიცხოვნობისა და სამხედრო ხარჯების ზრდა იწვევს, ეს მაშინ, როცა ნატოში ხარჯები მცირდება.

 აზრთა სხვადასხვაობა ნატოში

მინისტერიალზე "განხეთქილების ვაშლი" რუსეთთან დიალოგის დაწყება-არდაწყების საკითხი გახდა. ტრადიციულად, გერმანია და საფრანგეთი დიალოგის თავიდან დაწყებისა და ვარშავის სამიტის პარალელურად ნატო-რუსეთის მუდმივმოქმედი საბჭოს მორიგი სხდომის გამართვის ინიციატივით გამოვიდნენ.

რიგი მინისტრების სკეპტიკური პოზიციის მიუხედავად, საბოლოოდ მიღწეული იქნა კონსენსუსი საბჭოს სამიტამდე გამართვის შესახებ. როგორც ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, ალიანსს სურს, ზუსტი ინფორმაცია მიაწოდოს რუსეთს მისი გეგმების შესახებ, რათა თავიდან იქნეს აცილებული კონფრონტაცია და ახალი "ცივი ომი".

ასევე ალიანსისგან განსხვავებული პოზიცია აქვს საფრანგეთს რუმინეთში განლაგებული რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემის "იჯისის" ნატოს კონტროლის ქვეშ გადაცემის თაობაზე. პარიზში თვლიან, რომ სისტემა ჯერჯერობით არაა მზად და გარდა ამისა, აუცილებელია გაირკვეს, ნატო სრულად გააკონტროლებს თუ არა სისტემას. აქამდე იგეგმებოდა, რომ ნატოსათვის "იჯისზე" კონტროლის გადაცემა უნდა გამოცხადებულიყო ვარშავაში ივლისის სამიტზე.

რას უნდა ელოდეს საქართველო

მიუხედავად იმისა, რომ ხუთშაბათს ხელი მოეწერა მემორანდუმს ნატოში ჩერნოგორიის გაწევრიანების შესახებ, საქართველოსა და სხვა ასპირანტი ქვეყნების საკითხი საგარეო საქმეთა მინისტრებს არ განუხილავთ.

საქართველოსთვის მაპის მინიჭება პოლიტიკური საკითხია და კონსენსუსი წევრ ქვეყნებს შორის არ არსებობს. როგორც ნატოს გენერალური მდივანი აცხადებს, ნატოს კარი ღიაა და ალიანსი განაგრძობს აქტიურ თანამშრომლობას საქართველოსთან პოლიტიკური და პრაქტიკული კუთხით.

"ერთობლივი საწვრთნელი ბაზის გახსნა არის მაგალითი, თუ როგორია ჩვენი პრაქტიკული თანამშრომლობა საქართველოსთან, როგორ ვეხმარებით მოდერნიზებაში, რეფორმების ჩატარებაში და იმაში, რომ უფრო მეტად შეძლოს ინტეგრაცია ევროატლანტიკურ სტრუქტურებში.

"ჩვენ გვაქვს თანამშრომლობის არსებითი პაკეტი. დარწმუნებული ვარ, ვარშავის სამიტზე ნატოს ლიდერები აღიარებენ საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს და ამ ძალისხმევის მხარდაჭერას განაგრძობენ", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა პრესკონფერენციაზე.

ნატოს ორმაგი მიდგომა

მინისტერიალზე მიღწეული იქნა კონსენსუსი, ერთი მხრივ, ალიანსის თავდაცვისუნარიანობის გაზრდისა და, მეორეს მხრივ, რუსეთთან დიალოგის შენარჩუნების შესახებ.

იენს სტოლტენბერგის აზრით, მინისტრები დაეთანხმნენ იმ აზრს, რომ აუცილებელია ნატო-რუსეთის მსგავსი პლატფორმის არსებობა, რათა ურთიერთობებში შენარჩუნებული იქნეს გამჭვირვალობა და პროგნოზირებადობა, სრულყოფილ იქნეს რისკების შემცირებისა და საშიში სიტუაციების თავიდან აცილების მექანიზმი.

პარასკევს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიტოლდ ვაშიკოვსკიმ კოლეგებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი და კანადა უზრუნველყოფენ ქვეყნის უსაფრთხოებისათვის საკმარისი საჯარისო ნაწილების განლაგებას პოლონეთში.

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკიავიჩუსმა სახელმწიფო მდივან ჯონ კერისთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ ამერიკელები ხელს შეუწყობენ რეგიონის უსაფრთხოებას და ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი. "ამერიკელების ვალდებულებები არის მტკიცე და სერიოზული," - განაცხადა ლინკიავიჩუსმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×