ბოლო 4 წელიწადში სასოფლო-სამეურნეო მიწა 150-300%-ით გაძვირდა. საქართველოს სხვადასხვა რეგიონში 1 ჰა მიწის ფასი 1000 დოლარიდან 8000 დოლარის ფარგლებში მერყეობს. რამდენიმე წლის წინ ჰექტარი მიწა 500 დოლარიდან 4 ათას დოლარამდე ღირდა და მყიდველი დიდად არ ინტერესდებოდა. ახლა კი სასოფლო მიწებზე დიდი ტაციაობაა გამართული.
სახელმწიფო მიწების გაყიდვა ისევ შეჩერებულია. კერძო მფლობელებს კი ნაკვეთები საჯარო რეესტრში გატარებული არ აქვთ. სასოფლო-სამეურნეო მიწების მკვეთრი გაძვირების ერთ-ერთი მიზეზი ესეც არის. აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ავთანდილ მესხიძე "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ აგრარული პროდუქტის გაძვირებამ ხალხს გული სოფლისკენ მოუბრუნა. "შარშან თხილი ძალიან გაძვირდა, ხალხმა მიწების შესყიდვა და თხილის პლანტაციების გაშენება დაიწყო. ასევე მოიმატა ციტრუსის ფასმაც", - ამბობს ავთანდილ მესხიძე.
სამეგრელოში 1 ჰექტარი მიწის ნაკვეთის ღირებულება, სხვადასხვა რაიონის მიხედვით, 3 ათასი დოლარიდან 7 ათას დოლარამდეა. მიწა ყველაზე მაღალ ფასში სამეგრელოს დასავლეთ რაიონებში იყიდება. სოფელ ახალკახათის რწმუნებული რევაზ შელიას ინფორმაციით, ანაკლია-განმუხურში 1 ჰექტრის ფასი დაახლოებით 7 ათასი დოლარია.
"ბოლო პერიოდში მიწის ღირებულება საკმაოდ გაიზარდა, განსაკუთრებით, სამეგრელოს დასავლეთ ნაწილში. ცარიელი მიწა 7 ათასი დოლარი ღირს. თხილის პლანტაცია კი 17 ათასი დოლარი", - ამბობს რევაზ შელია და დასძენს, რომ რამდენიმე წლის წინ მიწის ფასი 4 ათასი დოლარის ფარგლებში.
3-5 ათას დოლარად იყიდი მიწას გურიაშიც. ამ შემთხვევაში გლეხებისთვის ყველაზე მისაღები თხილის პლანტაციების გაშენებაა. "ჩვენთან მთელი აქცენტი გადატანილია თხილის მოშენებაზე. საიდან აღარ მოდიან და მიწებს ყიდულობენ. ბოლო პერიოდში მკვეთრად გაძვირდა, ადრე 1 კვ/მ, საშუალოდ, 50 თეთრი ღირდა, ახლა 1 ლარი და უფრო მეტია", - ამბობს ოზურგეთის რაიონში მცხოვრები ვასილ ბიბილოშვილი.
შიდა ქართლში ყველაზე იაფი მიწის ნაკვეთი ხაშურის რაიონშია. 1 ჰექტრის ღირებულება მაქსიმუმ 500 დოლარია, თუმცა რამდენიმე წლის წინ ამ მოცულობის მიწას 200 დოლარადაც იყიდდი.
"ჩვენთან მიწა ძალიან იაფია. რაც უნდა ბევრი იმუშაო, მოსავალი მცირე მოდის. ამიტომ მიწა იაფია და მყიდველიც არ არის. ადრე 1 ჰექტარს 400-500 ლარად იყიდიდი, ახლა 500 დოლარს აფასებენ, მაგრამ როგორც გითხარით, გაყიდვა ძალიან ჭირს. სარწყავი არ არის და მიწა გამოფიტულია", - ამბობს ხაშურელი ანა გრიგალაშვილი.
აბსოლუტურად განსხვავებული ფასია ქარელსა და გორში. ამ რაიონებში მოსავლიანი ნაკვეთები 4-5 ათას დოლარად იყიდება. დაბალი კატეგორიის 1 ჰა მიწის ფასი 1,5-3 ათასი დოლარია. აღსანიშნავია, რომ 2011-12 წლებში გორისა და ქარელის რაიონებში მიწა მაქსიმუმ 1000-1500 დოლარი ღირდა.
"ძალიან გაძვირდა მიწები განსაკუთრებით ბოლო 2 წელიწადში. რამდენიმე წლის წინ 1 ჰექტარს 1500 დოლარად იხვეწებოდნენ, ახლა, საშუალოდ, 4 ათასი დოლარი ღირს. ხალხმა ვაშლისა და ატმის ბაღების გაშენება დაიწყო, ასევე მოჰყავთ ბოსტნეული. თუკი რეალიზაციის საკითხი მოგვარდება და პროდუქტის გაყიდვა პრობლემა აღარ იქნება, მიწა, ალბათ, კიდევ, უფრო გაძვირდება", - ამბობს გიორის რაიონში მცხოვრები დავით გამგებელი.
7-8 ათასი დოლარი ღირს 1 ჰექტარი მიწა ქვემო ქართლში, სადაც, ძირითადად, ბოსტნეული მოჰყავთ. ქვემო ქართლელები ამბობენ, რომ მოწეული მოსავლის ფასი იზრდება, რეალიზაციაც შედარებით უკეთესია, ამიტომ ეს მიწის ფასსაც დაეტყო.
ქვემო ქართლელი ფერმერის მკრტჩ მოვსესიანის ინფორმაციით, ამ რაიონში ნაკვეთები სამ კატეგორიად იყოფა. 1 ჰექტარი პირველი კატეგორიის ყველაზე მოსავლიანი მიწა 7-8 ათასი დოლარი ღირს, მეორე კატეგორიის - 5 ათასი დოლარი და მესამე კატეგორიის მიწის ფართობს 3 ათას დოლარად იყიდი.
"ადრე ბევრად იაფი ღირდა - საუკეთესო მიწა მაქსიმუმ 4 ათასი დოლარი. ახლა ამ ფასში კარგ მიწას ვეღარსად იშოვი. ნაკვეთები ცოტაა და მყიდველი კი ბევრია, ამიტომაც მოიმატა ფასმა", - ამბობს მკრტჩ მოვსესიანი.
1 ჰა მაღალი კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის ფასი 4-6 ათას დოლარს აღწევს გურჯაანსა და ყვარელში. ამ რაიონებში ყველაზე სარფიანი ატმის ბაღებისა და ვენახის გაშენებაა. ალაზნის ველზე, სადაც ჰექტარი 5 ათასი დოლარი ღირს, ძირითადად, სიმინდსა და ხორბალს თესავენ.
"სამი წლის წინ ყვარელში საუკეთესო ადგილას 1 ჰექტარ მიწას მაქსიმუმ 2-3 ათას დოლარს აფასებდნენ, ახლა 5 ათასი დოლარი ღირს. მცირე ნაკვეთებს ყიდულობენ და აერთიანებენ. მყიდველი ბევრია, მაგრამ ხალხი იშვიათად ყიდის. ზოგი თავად აწარმოებს მეურნეობას, ზოგი ელოდება, რომ ფასი კიდევ უფრო მეტად გაიზრდება", - ამბობს ყვარლელი გოჩა ვარადაშვილი.
შედარებით იაფია მიწები ქიზიყში. მიზეზი არის ის, რომ ეს რაიონი ძალიან გვალვიანია, სარწყავი სისტემა მოუწესრიგებელია და მიწა გამოფიტულია.
"ჩვენთან 1 ჰექტარი მიწის ნაკვეთის ღირებულება 1000 დოლარიდან 2500 დოლარამდე მერყეობს, გააჩნია სოფელს, თუმცა, მიუხედავად ამისა, მიწა იშვითათად იყიდება. ადამიანი ძალიან გაჭირვებული უნდა იყოს თავისი ბაღი რომ გაყიდოს. არ აქვს მას მნიშვნელობა ნახევარი ჰექტარი აქვს თუ ერთი", - ამბობს სიღნაღელი ბონდო ბოღაშვილი.
აკადემიკოსი პაატა კოღუაშვილი აღნიშნავს, რომ მსოფლიოში სასოფლო-სამეურნეო მიწების დეფიციტია. სურსათის კრიზისის პირობებში მიწას კიდევ უფრო მეტი ფასი დაედება.
"ქვეყნებს, რომლებსაც გააჩნიათ მიწის როგორც წარმოების ძირითადი საშუალების, მაქსიმალური უკუგებით გამოყენების აგრარული პოლიტიკა, როგორც წესი, გადაწყვეტილი აქვთ საკუთარი ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების პრობლემა. მათ რიცხვშია აშშ, ევროკავშირის ქვეყნები, კანადა, ავსტრალია და სხვა, რომლებიც გადამწყვეტ როლს თამაშობენ სურსათის მსოფლიო ბაზრის ფორმირებასა და კონიუნქტურის განსაზღვრაში", - ამბობს პაატა კოღუაშვილი.
მისი განცხადებით, უახლოეს წლებში სოფლის მეურნეობის სავარგულები კაცობრიობის უმთავრეს რესურსად იქცევა, რასაც შემდეგი მონაცემებიც ადასტურებს: 2000 წელს მსოფლიოს მოსახლეობა დაახლოებით 6 მლრდ ადამიანს შეადგენდა, ხოლო სოფლის მეურნეობის სავარგული 4,94 მლრდ ჰა იყო, ანუ პლანეტის მოსახლეობის ერთ სულზე დაახლოებით 0,82 ჰა მოდიოდა. 2008 წლისათვის კი მოსახლეობა დაახლეობით 6,7 მლრდ-მდე გაიზარდა, სოფლის მეურნეობის სავარგულები კი 4,88 მლრდ ჰა-მდე (ერთ სულზე - 0,73 ჰა) შემცირდა. დემოგრაფების პროგნოზების თანახმად, 2050 წლისათვის დედამიწაზე იცხოვრებს დაახლოებით 9,5 მლრდ ადამიანი. თუ აქვე გავითვალისწინებთ სოფლის მეურნეობის სავარგულების შემცირების ტემპს, მივიღებთ, რომ ამ თარიღისათვის დედამიწის მოსახლეობის ერთ სულზე 0,5 ჰა-ზე ნაკლები სავარგული მოვა.