აცხადებენ საქართველოს და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები
ზვიად მახარაძე (ბრიუსელი)
24.05.2016

 გუშინ ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოსთან ასოცირების შეთანხმების ძალაში შესვლის შესახებ, ხოლო აღმოსავლეთ პარტნიორობის საგარეო საქმეთა მინისტრების ყოველწლიური შეხვედრის შემდეგ როგორც მიხეილ ჯანელიძემ, ასევე პაველ კლიმკინმა იმედისმომცემი განცხადებები გააკეთეს უვიზო რეჟიმის მალე ამოქმედების შესახებ.

"ჩვენ მოხარული ვართ, რომ საქართველოს საკითხი არის კორეპერის (ევროკავშირში მუდმივ წარმომადგენლობათა კომიტეტის) სამშაბათის დღის წესრიგში. ხვალ ელჩების დონეზე გაიმართება არსებითი განხილვა. საქართველომ უკვე შეასრულა ყველა რეკომენდაცია და აკმაყოფილებს ყველა კრიტერიუმს.

"ჩვენ დღეს მივიღეთ შეხვედრაში მონაწილე ყველა საგარეო საქმეთა მინისტრის მხარდაჭერა. იმედი მაქვს, რომ პროცესი გაგრძელდება და საქართველო ძალიან მალე მიიღებს უვიზო მიმოსვლას", - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ვიზალიბერალიზაციისადმი ევროკავშირის წევრი ქვეყნების დადებითი პოზიცია ასევე დაადასტურა ვიქტორ დოლიძემ, რომელიც შეხვედრას ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტის რანგში ესწრებოდა. მისი განცხადებით, იგი პირადად ესაუბრა საფრანგეთისა და გერმანიის წარმომადგენლებს და მათ დაადასტურეს რამე პრობლების არარსებობა.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა პაველ კლიმკინმა განაცხადა, რომ მინისტრებმა მხარი დაუჭირეს უკრაინისთვის უვიზო რეჟიმის შემოღებას. ყველამ აღნიშნა, რომ საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებაში კითხვები აღარ არსებობს.

კლიმკინის აზრით, შესაძლებელია, ევროკავშირის საბჭომ საქართველოს საკითხი რამდენიმე კვირით ადრე განიხილოს, რადგან საქართველომ ადრე შეასრულა აღებული ვალდებულებები.

საგარეო საქმეთა საბჭოს დაწყების წინ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიტოლდ ვაშიკოვსკიმ მხარი დაუჭირა საქართველოსთან და უკრაინასთან უვიზო მიმოსვლის დამყარებას.

"ისინი ევროპული ქვეყნები არიან და უნდა მიიღონ ვიზალიბერალიზაცია. პოლონეთს ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური რეჟიმი აქვს. უკრაინის შემთხვევაში ჩვენ შარშან გავეცით 900 ათასზე მეტი ვიზა. მიმაჩნია, რომ ევროპელები იმსახურებენ იმას, რომ ევროპაში ვიზების გარეშე გადაადგილდნენ", - განაცხადა მინისტრმა.

გუშინ ასევე ცნობილი გახდა, რომ ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეების კომიტეტში ხუთშაბათს, 26 მაისს მოეწყობა უკრაინის საკითხის განხილვა, ხოლო მომხსენებლად დანიშნულია ბულგარელი ევროდეპუტატი, სახალხო პარტიის ფრაქციის წევრი მარია გაბრიელი. როგორც ცნობილია, სწორედ გაბრიელი ამზადებს მოხსენებას საქართველოს შესახებ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×