ნინო ქეთელაური
24.05.2016

კორცხელში "ნაციონალური მოძრაობისა" და "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს შორის ფიზიკური დაპირისპირების გამო ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ. ჩხუბი კორცხელის 53-ე უბანზე მოხდა, სადაც დაპირისპირებაში სპორტსმენები იყვნენ ჩართული და ხელკეტებიც გამოიყენეს.

ჩხუბის დროს "ნაციონალური მოძრაობის" რამდენიმე წევრი დაშავდა, მათ შორის: ნიკა მელია, გიგა ბოკერია და თენგიზ გუნავა. რაც შეეხება პარტიის დანარჩენ დაშავებულ წევრებს, რამდენიმე მათგანის საავადმყოფოში გადაყვა გახდა საჭირო. სამართალდამცველები შემთხვევის ადგილზე მოგვიანებით მივიდნენ.

როგორც "ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, ხელისუფლება ამ გზით უსწორდება ოპოზიციას, რადგან არჩევნებს აგებს.

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა გვასალია არ ფლობს ინფორმაციას, ვინ მიიყვანა უბანზე სპორტსმენები. მისი თქმით, დაპირისპირება სიტყვიერ შეურაცხყოფას მოჰყვა.

მოგვიანებით საგანგებო ბრიფინგი გამართეს როგორც "ნაციონალურ მოძრაობაში", ისე პარტია "ქართულ ოცნებაში", სადაც დრო ურთიერთბრალდებებს დაეთმო. ორივე პარტია კორცხელში ე.წ ზონდერბრიგადების ჩაყვანს ერთმანეთს აბრალებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საქმეზე დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა და იკითხებიან მოწმეები, თუმცა კონკრეტულად ვინ არის დაკითხული, არ საუბრობენ.

როგორ ფიქრობთ, დაისჯებიან თუ არა კორცხელის ინციდენტში დამნაშავე პირები? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 მიხეილ ღანიშაშვილი (პოეტი): "მეეჭვება, რომ ამ ინციდენტში მონაწილე პირები დაისაჯონ. იმიტომ, რომ ჩვენ არაერთი მსგავსი და მეტიც, ტრაგიკული ინციდენტებიც გვახსოვს, დასჯილი კი არავინ არის."

 

 

 

 ირმა სოხაძე  (მომღერალი): "მოლოდინზე მეტად სურვილი მაქვს, რომ დაისაჯონ. იმიტომ, რომ მოლოდინში ცოტა დავიბენი. მინდა დარწმუნებული ვიყო, რომ დაისჯებიან. ამის ყურება უკვე აღარ შეიძლება. ძალიან დათრგუნული და შეურაცხყოფილი ვარ."

 

 

 გოგი თორაძე (რეჟისორი): "პოლიტიკოსებს რომ ვუყურებ, ეს არის უკვე ცირკი. არავითარი დასავლეთი და კულტურა მათში არ არის. ამაზრზენია ეს ყველაფერი. საშინელებაა, ცხოვრობდე ქვეყანაში, სადაც ქართველი ქართველს ჭამს.

ახლა იმასაც ვფიქრობ, საერთოდ არჩევნებზე ღირს თუ არა წასვლა.

ერთი და იგივე სახეები, შურით და ეგოიზმით სავსე და აქ იზრდება ჩემი შვილი. ეს ყველაფერი უკულტურობის ეტალონია უკვე, აღარ შეიძლება აქ ცხოვრება."

 

 სერგო ვარდოსანიზე (ისტორიკოსი): "რაც კორცხელში მოხდა, ეს არის მიუღებელი და ვინც უნდა იყოს ამ ინციდენტში დამნაშავე, ყველა უნდა გამოაშკარავდეს და შესაბამისად დაისაჯოს. იმიტომ, რომ სახელწიფოს ყოფნა-არყოფნის საკითხი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ შეგვიძლია ჩავატაროთ არჩევნები და რომ პირად ამბიციებს არ უნდა გადავაყოლოთ ქვეყნის მომავალი."

 

 რეზო მიშველაძე (მწერალი): "გუშინდელმა ინციდენტმა მომაგონა ის შემთხვევა, როდესაც მმართველი კლანი უმცირესობა იყო და როგორ უსწორდებოდნენ მათ. თქვენ თუ გახსოვთ, კალაძეს როგორ დაუშინეს ქვები. ჩემთვის, რომელმაც ტელევიზიით ვნახე ეს ყველაფერი, ძალიან ძნელი გასარჩევი იყო, ვინ ვის ურტყამდა.

სხვათა შორის, როდესაც ეს ინციდენტი დასრულდა, ტელევიზიით მშვენივრად გამოდიოდნენ ბოკერიაც და ნიკა მელიაც. ნაცემობა და დაჟეჟილობა მათ არ ეტყობოდათ. თუ ბიძინა ივანიშვილმა გამლახავები სპეციალურად ჩაიყვანა იქ, მაშინ უფრო სავალალო სურათს მივიღებდით.

ასე რომ, აქ სასამართლოს გასარჩევი არაფერია, არავინ იყო ისე ნაცემი და დასახიჩრებული, რომ სასამართლოს მსჯელობის საგნად იქცეს."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×