სამეგრელოს ერთ სოფელში, კორცხელში კვირას ჩატარებული არჩევნები იყო ერთგვარი გენერალური რეპეტიცია, რომელმაც ერთმნიშვნელოვნად აჩვენა ის, რომ არც თუ მშვიდობიანი არჩევნები გვექნება ოქტომბერში და რომ წინასაარჩევნო პერიოდსა და კენჭისყრის დღეს ისევ გველოდება ქვების სროლა, ჯოხებითა და მუშტებით თავ-პირის მტვრევა, გინება და ურთიერთბრალდებები პროვოკაციების მოწყობასა თუ ზონდერჯგუფების გამოყენებაზე.
როგორც დიპლომატიური აკადემიის რექტორი სოსო ცინცაძე აცხადებს, ამ ერთი სოფლის მაგალითზე გამოჩნდა, რომ კუნთებით გამარჯვების მოპოვების მცდელობა საპარლამენტო არჩევნებზე ისევ იქნება და რომ "ქართულმა ოცნებამ" ჭკუა ვერ ისწავლა, რადგან ის ძველი ხელისუფლების შეცდომებს ისევ აგრძელებს.
"ამ ერთ უმნიშვნელო სოფელში "შვარცენეგერების" მიერ მოქნეული ყველა მუშტი პირველ რიგში "ქართულ ოცნებას" მოხვდა. ეს მუშტები ისე მწარედ ნიკა მელიასა და გიგა ბოკერიას არ მოხვედრიათ როგორც "ოცნებას" მოხვდა იმიჯის თვალსაზრისით.
"რის გამოც წააგეს "ნაციონალებმა" 2012 წელს, ზუსტად ამას აკეთებენ ესენიც. "ოცნების" ამხელა შეცდომა მიუთითებს იმაზე, რომ პარტიაში სტრატეგების დეფიციტი აქვთ. სრული ბარდაგია. ნელ-ნელა ამ ორ პარტიას შორის ზღვარი იშლება. ძალიან კი მინდა, რომ ეს უმსგავსობა არ განმეორდეს, მაგრამ ცემა-ტყეპა ისევ გვექნება", - აცხადებს დიპლომატიური აკადემიის რექტორი.ფსიქოლოგი და პოლიტოლოგის, რამაზ საყვარელიძის თქმით, საკრებულოს შუალედური არჩევნები არ იყო იმ მნიშვნელობის, რომ მისთვის ამდენი ენერგია დახარჯულიყო და ამხელა სკანდალად ღირებულიყო, ამიტომაც შთაბეჭდილება რჩება, რომ ეს იყო ოქტომბრის არჩევნების რეპეტიცია ორივე მხრიდან და ჩვენ წყნარი, მშვიდობიანი არჩევნები არ გვექნება.
"ხელისუფლების ყველა პირველი განცხადება იყო იმ ფორმულით, რომ ეს ჩხუბი "ნაციონალების" ბრალია, მაგრამ ის, რომ შენ ხარ ხელისუფლება და, შესაბამისად, პასუხისმგებელიც, ეს გრძნობა პირველ განცხადებებში არ იყო, შემდეგ გასწორდა. ხანდახან ხელისუფლება ვერ გრძნობს, რომ ხელისუფლებაა, სანამ რომელიმე მისივე შეფი არ შეახსენებს", - ამბობს საყვარელიძე და იმედს გამოთქვამს, რომ შემოდგომის არჩევნებზე ხელისუფლება ეცდება, მომავალ ინციდენტებს მომზადებული შეხვდეს და ისე მწვავე დაპირისპირებები და დარღვევები არ მოხდეს, რომ დასავლეთის მხრიდან მკაცრი შეფასება დავიმსახუროთ.
"არცერთი არჩევნები არ ჩატარებულა ცემა-ტყეპის გარეშე და ალბათ ასე იქნება ამ შემთხვევაშიც, თუმცა არ მგონია, ამჯერად ის მასშტაბები მიიღოს, რომ დასავლეთიდან ძალიან მკვეთრი შეფასებები დავიმსახუროთ და ურთიერთობები გავიფუჭოთ", - დასძენს საყვარელიძე.
რა სახის ძალადობა შეიძლება იყოს წინასაარჩევნოდ? როგორც სოსო ცინცაძე ამბობს, იქნება ყველა იმ ბერკეტის გამოყენება, რაც იყო წინა წლებში, ყველა არჩევნების დროს. მისი თქმით, ხელისუფლებები იცვლებიან, მაგრამ მეთოდები ძველი რჩება.
ესაა: ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება; კომპრომატები; სუს-ის გააქტიურება; ოპოზიციის დაშინების მცდელობა, თუნდაც იგივე სამსახურიდან გათავისუფლებაზე; ერთმანეთის აქციებზე კუნთმაგარი ბიჭების მობილიზება, ქვების სროლა; მუშტიკრივი და გინება; ურთიერთბრალდებები პროვოკაციის მოწყობაზე...
22 მაისის არჩევნები რომ ოქტომბრის არჩევნების ერთგვარი რეპეტიცია იყო, ეს "ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა დავით ბაქრაძემ გაახმოვანა. მისი თქმით, მათ 4 ოლქში ჰყავდათ კანდიდატი და 2-ში გამარჯვება მოიპოვეს, ის კი, მისი აზრით, ნიშნავს "დიდი შემობრუნების დასაწყისს" და ოქტომბერში გამარჯვების იმედი გაუასკეცდათ. თანაც, მათ გაიმარჯვეს სწორედ იმ ოლქშიც, სადაც მათივე ლიდერები ცემეს.
ცნობისათვის, კვირას საკრებულოს შუალედური არჩევნები 9 საარჩევნო ოლქში ჩატარდა. საარჩევნო დღეს ერთ-ერთ, ზუგდიდის სოფელ კორცხელის საარჩევნო უბანზე დიდი დაპირისპირება მოხდა. "ქართული ოცნების" მომხრეებმა "ნაციონალური მოძრაობის" პარტიის ლიდერები, ნიკა მელია, გიგა ბოკერია და ასევე თენგიზ გუნავა ცემეს.
ჩხუბში თბილისიდან ჩასული მოჭიდავეები აქტიურობდნენ და გამოყენებული იყო ხელკეტებიც. პოლიცია შემთხვევის ადგილზე მოგვიანებით მივიდა. ჩხუბის მუხლით შს სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. ჯერჯერობით დაკავებული არავინაა.
"ქართული ოცნების" ზოგიერთი ლიდერი, მათ შორის პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე პროვოკაციის მოწყობაში "ნაციონალებს" ადანაშაულებს. "ნაციონალები" კი ვიცე-პრემიერ კახა კალაძეს სდებენ ბრალს მოჭიდავეებით დაკომპლექტებული ზონდერჯგუფების შექმნა-დაფინანსებასა და სამეგრელოში საგანგებოდ გაგზავნაში.
მათ ჩხუბში მონაწილე სპორტსმენების ფოტოებიც, ვიდეოკადრებიც და მათი ვინაობაც გაავრცელეს. კალაძე ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებს. ამბობს, რომ სპორტსმენები საკუთარი ნებით, როგორც პარტიის მხარდამჭერები ისე ჩავიდნენ, ხოლო გამოძიება დაადგენს, ვინ რა დააშავა და ყველა სათანადოდ აგებს პასუხს.
პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმაც და "ოცნების" დეპუტატების დიდმა ნაწილმაც მიუღებელი უწოდეს ძალადობას და ითქვა ისიც, რომ მომავალში უფრო მეტი მობილიზაცია იქნება სამართალდამცავების მხრიდან საჭირო, რათა ასეთი ინციდენტები არ განმეორდეს.
ორი დღის წინანდელმა არჩევნებმა აჩვენა, რომ თურმე დაშინება-ცემის მხრივადაც ხდება კუნთების მოსინჯვა წინასაარჩევნოდ. ხოლო შეიძლება თუ არა, რომ ის გენერალურ რეპეტიციად შედეგის თვალსაზრისითაც შეფასდეს, პოლიტოლოგების თქმით, არც 22 მაისის და არც 28 იანვრის არჩევნებით საერთო მხარდამჭერების გაზომვა რეალური არ არის.
მიუხედავად ამისა, როგორც იანვარში გამოიყენა ოცნებამ" გარდაბანში გამარჯვება საპიაროდ, ისე ახლა ზუგდიდსა და ოზურგეთის ორ-ორი საარჩევნო ოლქიდან თითო-თითო ოლქში გამარჯვებას "ნაციონალებიც" გამოიყენებენ.
მითუფრო საპიარო გახდება ის, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" 4 ოლქიდან ნახევარი მოიგო და თან, გაიმარჯვა სამეგრელოში ზუსტად იქ, სადაც ისინი სცემეს.
როგორც რამაზ საყვარელიძე ამბობს, ერთ და ორ ოლქში გამარჯვება, თან საკრებულოს შუალედურ არჩევნებში, რომელსაც მეორეხარისხოვანი მნიშვნელობა აქვს, საერთო სურათში არაფერს ნიშნავს, თუმცა სწორედ ეს მხარე წამოსწია დავით ბაქრაძემ წინა პლანზე და თქვა, რომ მათსა და "ოცნებას" შორის დუელის შედეგი გათანაბრდა.
ამბობს იმასაც, რომ როგორც წესი, ცემის შემდეგ ადამიანები ხშირად ჩაგრულს უფრო ემხრობიან და "ქართულმა ოცნებამაც" უნდა გააკეთოს თავისი წილი დასკვნები.
იმავეს საუბრობს სოსო ცინცაძე. ამბობს, რომ კორცხელში ცემა-ტყეპის მიზანი არჩევნებზე გავლენის მოხდენა იყო და ხელისუფლებამ ნახა, რომ ამან ცუდად იმოქმედა მათზე, რადგან "ოცნებამ" ამ ერთი ინციდენტით ათიათასობით ხმა დაკარგა.
"ნაციონალები" არჩევნებში ვერ გაიმარჯვებენ, მაგრამ ის, რომ "ოცნებას" გაუჭირდება, ესეც აშკარაა, ამიტომაც უფრო მეტი დაწოლა იქნება ადმინისტრაციულ რესურსზე და სხვა არც თუ წესიერ მეთოდებზე. აუცილებლად გამოიყენებენ იმ მეთოდებს, რაც კორცხელში. გარდა ამისა, "ოცნებას" კანონი აძლევს დიდ პრივილეგიებს. ასევე იქნება დიდი ფულის ტრიალიც.
"ეჭვი არ მეპარება, რომ ამ ცემა-ტყეპას უყურა თბილისში აკრედიტებულმა ყველა უცხოურმა წარმომადგენლობამ. თუ თქვენს გაზეთს კითხულობს კვირიკაშვილი, მინდა აქიდან ვკითხო: ასე აპირებს ევროპაში შესვლას? ვისაც მაგარი მუშტი აქვს, იმის სამართალია? ევროპა ამ წესებით არ ცხოვრობს და ასეთ საქართველოს ევროპაში არასდროს მიიღებენ.
"ამ მუშტების ქნევას რეაგირება აუცილებლად ექნება, ჩვენ ვერ გავიგებთ იმას, აშშ-ს ელჩი რას ეტყვის კვირიკაშვილს, გავიგებთ მხოლოდ დიპლომატიურად დავარცხნილ, ზერელე განცხადებებს.
"თუ ტყემალაძის ფორმულით იხელმძღვანელებენ, სუვერენული სახელმწიფო ვართ და რასაც გვინდა, იმას გავაკეთებთო, ეს ევროპასთან ხიდის ჩამტვრევაა და ტრაგედია იქნება, თუ ხელისუფლება ამ ფორმულას გაიზიარებს და ამ ძალადობას გააგრძელებს, მერე კი გამოვა კობახიძის ქალი და იტყვის, ჩვენ კი ვგმობთ ამას, მაგრამ "ნაციონალებმა" ისეთი ზიზღი დათესეს, რომ საზოგადოებიდან იმკიან შედეგსო", - დასძენს ცინცაძე.