თიკო ოსმანოვა
25.05.2016

 "სამეგრელოში ოპოზიციის გამარჯვება ძალთა ბალანსზე არ იმოქმედებს. თუმცა "ნაციონალებს" მიეცათ საშუალება, ეჩვენებინათ, რომ ისევ ძალა აქვთ, შეუძლიათ გარდატეხის შეტანა და ხელისუფლებაში დაბრუნება. სამეგრელოში "ოცნებას" ძალიან სერიოზული პრობლემები აქვს," - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას პარტიის "დაიცავი საქართველო" ლიდერი კახა მიქაია და ხელისუფლებას რამდენიმე რჩევას აძლევს.

კახა მიქაია: ფაქტია, კორცხელში გიგა ბოკერიამ ხელისუფლება პროვოკაციაზე წამოაგო და ამაზე პასუხისმგებლობა "ოცნებას" ეკისრება, რადგან, რაც შემდეგ მოხდა, ეს ყველამ ნახა. კვირას მომხდარმა ინციდენტმა სოფლის მოსახლეობაზე დიდი გავლენა იქონია, რის გამოც "ქართული ოცნება" არჩევნებზე დამარცხდა.

"რეზონანსი": ანუ, აბობთ, რომ სოფელ კორცხელში პროვოკაცია "ნაციონალურმა მოძრაობამ" მოაწყო?

კ.მ: ძალიან მარტივადაა საქმე. ხალხის მობილიზება ბოკერიამ სათავისოდ გამოიყენა და "ოცნება" პროვოკაციაზე წამოაგო. ბოკერიას პროვოკაციაზე წამოგებული ხელისუფლება კი ძალიან სავალალოდ და საცოდავად გამოიყურება.

"რ": და რატომ დასჭირდა ხელისუფლებას მოჭიდავეების ჩაყვანა?

კ.მ: სწორედ ეს გამოიყენა ბოკერიამ. არა მგონია, იქ საჭირო ყოფილიყო ასეთი მობილიზება და მოჭიდავეების ჩაყვანა. ამიტომ ვამბობ, თავად "ქართულმა ოცნებამ" შეუწყო ხელი გიგა ბოკერიას ამ პროვოკაციისთვის.

საცოდავად და სავალალოდ გამოიყურება ხელისუფლება, რომელიც ამბობს, ოპოზიციამ წამომაგო პროვოკაციაზეო. გიგა ბოკერია ამის პროფესიონალია და ამიტომ არ უნდა მისცე მას საშუალება, რომ პროვოკაციაზე წამოგაგოს და მერე თავს არ უნდა იმართლებდე.

"რ": ზოგადად სამეგრელოში რა განწყობაა?

კ.მ: დარწმუნებული ვარ, ეს პროვოკაცია რომ არ ყოფილიყო და "ოცნებას" ნორმალური კანდიდატი წარედგინა, ხელისუფლება არჩევნებს მოიგებდა.

"რ": ანუ, ერთგვარად ამ ინციდენტმა მოსახლეობის განწყობაზე გავლენა იქონია?

კ.მ: რა თქმა უნდა.

"რ": მართალია, რომ შუალედურ არჩევნებზე ზუგდიდის რაიონის სოფელ კორცხელში, "ოცნების" კანდიდატად წარდგენილი ამირან ლაგვილავა ადრე "ნაციონალური მოძრაობის" წევრი იყო?

კ.მ: კი ბატონო. ამაზე პირველად მე ვილაპარაკე. ორჯერ იყო "ნაციონალური მოძრაობის" საკრებულოს წევრი და მიხეილ სააკაშვილის მიერ ღირსების ორდენით დაჯილდოებული. სხვათა შორის, იგი დღესაც ამ პარტიის წევრია. მას არ დაუწერია განცხადება პარტიიდან წასვლის შესახებ. და, ბუნებრივია, არჩევნების შედეგებზე გავლენა ამანაც მოახდინა. ეს არის ამომრჩევლის შეურაცხყოფა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, დარწმუნებული ვარ, ეს პროვოკაცია რომ არ ყოფილიყო, "ნაციონალური მოძრაობა" არჩევნებს ვერ მოიგებდა.

ამირან ლაგვილავას წარდგენა მაჟორიტარად "ქართული ოცნების" მხრიდან იყო დიდი შეცდომა და ამომრჩევლის შეურაცხყოფა.

"რ": თუმცა "ქართულმა ოცნებამ" სამეგრელოში გამარჯვება ვერც 2012 წელს მოახერხა...

კ.მ: სამეგრელომ გადაიტანა ძალიან დიდი ტერორი, შესაბამისად 2012 წელს "ქართული ოცნების" მარცხი ლოგიკური იყო. მაგრამ უკვე 4 წელი გავიდა... ხელისუფლების სისუსტის, არაკომპეტენურობის არასასურველი საკადრო პოლიტიკის, ე.წ. კოჰაბატაციის, პორტირებული "ნაციონალების" გამო "ოცნებას" სამეგრელოში არ აქვს სათანადო რეიტინგი. ამ წლების მანძილზე სიტუაცია შეიცვალა, თუმცა ისე არა, რომ ხელისუფლებას სახარბიელოდ ჰქონდეს საქმე.

იმის მაგივრად, რომ მოეშუშებინათ ჭრილობები, კოჰაბიტაციის გამო ისევ ხელისუფლებაში "ნაციონალური მოძრაობა" დატოვეს, რაც ხალხის გაღიზიანებას იწვევს.

ეს ქართული "ოცნების" ბრალია. არასწორმა პოლიტიკამ საშუალება მისცა "ნაციონალურ მოძრაობას," ისევ დაებრუნებინა გავლენა.

"რ": მას შემდეგ, რაც "ნაციონალების" კანდიდატმა გაიმარჯვა, კოალიცია კი დაშლილია, როგორი იქნება ძალთა ბალანსი ზუგდიდის საკრებულოში?

კ.მ: სამგერელოში ერთი კაცის გამარჯვება არაფერს ნიშნავს. იქ უმრავლესობა "ქართულ ოცნებას" აქვს. ძალთა ბალანსზე ეს არ იმოქმედებს. აქ მთავარი ისაა, რომ "ნაციონალებს" მიეცათ საშუალება, ეჩვენებინათ, რომ ისევ აქვთ ძალა სამეგრელოში, ისევ შეუძლიათ გარდატეხის შეტანა და ხელისუფლებაში დაბრუნება.

ამ არჩევნებმა გვაჩვენა, რომ "ქართული ოცნება" არის არაკომპეტენტური და არაადეკვატური. "ოცნებას" სამეგრელოში ძალიან სერიოზული პრობლემები აქვს.

ვფიქრობ, "ოცნება" სერიოზულად უნდა მოემზადოს არჩევნების ჩატარებისთვის დემოკრატიულ და მშვიდ გარემოში.

ძალადობა არ უნდა იყოს არავითარ შემთხვევაში. ეს "ნაციონალების" ხერხებია. სიამის ტყუპებივით თუ დაემსგავსნენ ერთმანეთს, რა გამოვა?!

ამიტომ, საპარლამენტო არჩევნებისთვის სერიოზულად უნდა მოემზადონ და ამასთან დაკავშირებით ერთ რჩევას მივცემ - ძალიან კარგი იქნება, თუ "ქართული ოცნება" "ნაციონალების" მიერ პოლიტიკურ სანაგვეზე გადაყრილ პირებს არ ამოიღებს და არ აქცევს საკუთარ მაჟორიტარად და ე.წ. ახალ სახეებად. ეს იქნება ძალიან კარგი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×