ლიკა ამირაშვილი
25.05.2016

პოლიტიკურ და საარჩევნო პროცესებში ძალადობის გამოვლინებაზე, ჯგუფური დანაშაულის დროს სანქცია 4 წლამდე პატიმრობა იქნება, ხოლო თუ პირს ფიზიკური დაზიანება არ მიუღია, გათვალისწინებული იქნება ჯარიმა ან/და ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთა, - ამას ითვალისწინებს კანონპროექტი, რომელიც პრემიერ-მინისტრის დავალების შესაბამისად, იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა.

ცვლილებების თანახმად, სისხლის სამართლის კოდექსს დაემატება ახალი მუხლი, რომელიც სს-ის წესით დასჯადს გახდის ძალადობას ან ძალადობის მუქარას საარჩევნო უბანზე, წინასაარჩევნო აგიტაციის ან კამპანიის ადგილას, ან მათ მიმდებარედ. ცვლილების პროექტს საქართველოს მთავრობა 27 მაისის სხდომაზე განიხილავს.

საიას თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი ფიქრობს, რომ დღეს პრობლემა არა მსუბუქ და ცუდ კანონებშია, არამედ მათ აღუსრულებლობაში. მისივე თქმით, თუ კანონების პრაქტიკაში აღსრულება არ მოხდა, არანაირ კანონს აზრი არ ექნება.

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე კი საარჩევნო პროცესისას ძალადობის გამოვლინებაზე სასჯელის გამკაცრების თაობაზე პრემიერ-მინისტრის ინიციატივას "საკითხის გვერდზე გატანის" და "თავის მართლების მცდელობად" აფასებს.

როგორ ფიქრობთ, საჭიროა თუ არა ამ კანონის მიღება? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებს მიმართა.

 თაკო ჩარკვიანი (პუბლიცისტი): იმისათვის, რომ ასეთი სამარცხვინო ფაქტი აღარ მოხდეს, არჩევნების წინ კანონი, რა თქმა უნდა, უნდა გამკაცრდეს. გასაგებია, ძალადობა დასჯადი უნდა იყოს, მაგრამ ვინც ამ ძალადობაში სპორტსმენები ჩართო, მათ პასუხი როგორ მოეთხოვებათ?!

ზოგიერთი პოლიტიკოსი სამარცხივნო განცხადებებით გამოდიოდა. ისინი ამბობდნენ, რომ ხალხი გაუსწორდაო. კანონი ხელისუფლებამ უნდა აღასრულოს და არა ხალხმა. სამართლიანობა ხალხმა თუ აღადგინა, ამას უკვე სამოქალაქო ომის გაღვივება ჰქვია.

 

 მიხეილ ცაგარელი (ასტროლოგი):  მიმაჩნია, რომ აღნიშნული კანონის მიღება საჭიროა, რადგან ჯერჯერობით კანონი სათანადოდ ვერ მუშაობს. კანონში გარკვეული ცვლილებების შეტანა საჭიროა, ოღონდ არა ისეთი, რომ დიქტატორულ ქვეყანას დავემსგავსოთ. კანონში პირველ რიგში ის უნდა ჩაიწეროს, რომ ვისაც წესრიგის დაცვა ევალება, სხვა მონაწილეებთან ერთად მოვალეობის არასათანადო შესრულებისთვის დასაჯონ.

 

 

 მიშა მშვილდაძე  (პროდიუსერი):  ხელისუფლება ძალადობას ჯერ თვითონ პროგნოზირებს და მერე გზებს ეძებს, რომ ეს პრობლემა გადაჭრას. მთავრობის ეს ქმედება ცოტა იმას ჰგავს, უცხოეული ექსპერტები რომ ჩამოიყვანეს, პრობლემის გადასაჭრელად პრემიები როგორ აღარ აიღონ.

ახლაც რაღაც ისეთი კანონი სჭირდებათ, რომ აღარავინ გალახონ. რაღაც დებილობა ხდება, ერთი სიტყვით, "ცისფერი მთებია". ზოგადად კანონმდებლობა ძალადობრივი დანაშაულების მიმართ, რაც უფრო მკაცრი იქნება, რა თქმა უნდა, სწორი ტენდენციაა. საქართველოში ძალადობრივი დანაშაული ხშირია და აუცილებელია მასთან ბრძოლა.

 

 ედიშერ გვენეტაძე (ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი): ჩემი აზრით, ამ კანონის მიღება საჭირო და აუცილებელია. 1992 წლიდან მოყოლებული, როდესაც ოქტომბრის არჩევნებზე დიდი უბედურება, სამხედრო პოლიტიკური გადატრიალება მოხდა, მაშინ ე.წ. ზვიადისტებს პირდაპირ ქუჩაში ხოცავდნენ, იქიდან მოყოლებული დღემდე ასე გრძელდება. ამიტომ, მოხარული ვიქნები, რომ ასეთი ადამიანები, რომლებიც ქვეყანას და კანონს არად აგდებენ, დაისაჯონ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×