22 აპრილს სამეგრელოში, სოფელ კორცხელში ადგილობრივ არჩევნებზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს სცემეს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაიკითხნენ სპორტსმენებიც, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ დაპირისპირებაში, თუმცა დღემდე სამართალდამცავებს არავინ დაუკავებიათ.
პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის შეფასებით, თუკი კორცხელის ინციდენტის მონაწილე პირები არ დაისჯებიან, მაშინ დაისჯება მმართველი პოლიტიკური ძალა.
"ინციდენტში მონაწილე პირები უნდა დაისაჯონ. დარწმუნებული ვარ, რომ დაისჯებიან. თუ სხვაგვარად იქნება, მაშინ ამით მმართველი პოლიტიკური ძალა დაისჯება. არა მგონია, მის ინტერესებში შედიოდეს, რომ ხელისუფლება დაისაჯოს კონკრეტული ადამიანების მოქმედებების გამო, იმიტომ რომ ძალადობის აქტებზე რეაგირება ხელისუფლების, სახელმწიფოს და პოლიციის საქმეა და არა აქვს მნიშვნელობა, ვინ დაიწყო, ვინ გააგრძელა, ვინ ჯერ თმაზე მოქაჩა და ვინ მერე მუშტი დაარტყა," - განაცხადა უსუფაშვილმა.
"თქვენი აზრით, დაისჯებიან თუ არა, კორცხელის ინციდენტის მონაწილეები?" - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების ცნობილ წარმომადგენლებს მიმართა.
ანა რატიანი (ჟურნალისტი): ჩამოყალიბებული აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით არ მაქვს. მაგრამ "ნაციონალებმა" მოიმკეს ის, რაც მათ 9 წლის მანძილზე დათესეს. ეს ინციდენტი მათ ბუმერანგივით მოუბრუნდათ, მაგრამ დღევანდელი მთავრობა უნდა დაფიქრდეს იმაზე, რომ მათაც არ მოუბრუნდეთ თავიანთი საქციელი ისევე, როგორც ეს "ნაციონალურ მოძრაობას" დაემართა. ყოველი მთავრობა რასაც დასთეს, იმას მოიმკის. "ნაციონალებს" ეს ყველაზე ნაკლებად უნდა გაუკვირდეთ, მაგრამ მორალური მხრიდან არც ერთი მთავრობის დროს ასეთი ფაქტები, რა თქმა უნდა, არ უნდა ხდებოდეს.
გიგი თევზაძე (ლექტორი): ერთი მხრივ, რა თქმა უნდა, ხელისუფლებამ არ უნდა დასაჯოს ეს პირები, რადგან ისინი მათი ზონდერები იყვნენ, მეორე მხრივ, მათი არდასჯა, სულ მცირე, ერთი რეგიონის, უარეს შემთხვევაში კი უფრო ბევრი რეგიონის გადაკიდებას ნიშნავს. თუმცა მე მაინც ვფიქრობ, რომ შესაძლებელია, არ დასაჯონ.
ლელა ოჩიაური (ხელოვნებათმცოდნე): რომ უნდა დაისაჯონ, ამაში ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ მე რაღაც ეჭვი მაქვს, შესაძლოა ისე შეატრიალონ სიტუაცია, რომ ეს პირები არ დაისაჯონ. მათი დაკითხვაზე ყოფნის ფაქტს არანაირი გამოძახილი არ მოჰყოლია, და სწორად ამის საფუძველზე გამიჩნდა ეჭვი და ამ შემთხვევაში ეს იქნება ძალიან ცუდი ფაქტი, რადგან ნებისმიერი დამნაშავე, სპოტსმენი იქნება ის თუ ხელოვანი, კანონის დარღვევის შემთხვევაში სახელმწიფომ აუცილებლად უნდა დასაჯოს. და ვფიქრობ, რომ კორცხელში რაც მოხდა, კანონის სერიოზული დარღვევაა.
გიგა ნასარიძე (ა/ო "საქართველო არ იყიდება"): ფაქტია, რომ მივიდენენ დაკითხვაზე თავისი ნებით, როგორც თვითონ აცხადებენ და რაშიც მე ეჭვი მეპარება. ესეც ალბათ ისევე იყო შეთანხმებული, როგორც კორცხელში ჩასვლა და იქ ცემა-ტყეპის მოწყობა. მივიდნენ ალბათ იმ გარანტიით, რომ მათ არავინ დაიჭერდა და ძალიან მშვიდად გამოვიდნენ იქიდან. თუმცა თუ საზოგადოება იაქტიურებს, ალბათ ისინი საკადრის პასუხს ადრე თუ გვიან მიიღებენ. სამართლიანობის აღდგენა ამ შემთხვევაში სწორედ საზოგადოების აქტიურობაზეა დამოკიდებული.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე