ხურჩა-ნაბაკევის ადმინისტრაციულ საზღვართან, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე გიგა ოთხოზორია ე.წ. მესაზღვრემ 19 მაისს ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადების შუამდგომლობით ინტერპოლს მიმართა.
"ჩვენ მივმართეთ ინტერპოლს საერთაშორისო ძებნის გამოცხადების შუამდგომლობით. ველოდებით პასუხს. იმედი მაქვს, უახლოეს დღეებში ეს მკვლელი წითელი ცირკულარით ძებნაში იქნება", - განაცხადა მთავარმა პროკურორმა.
ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე, მამუკა ცოტნიაშვილის ინფორმაციით, გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული მხოლოდ ერთი დღით იყო დაკავებული.
აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის მიერ გიგა ოთხოზორიას მკვლელის დაკავების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ამოწმებს.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ ამ დროისთვის საგარეო უწყება დაზუსტებულ ინფორმაციას არ ფლობს, დაკავებულია თუ არა გიგა ოთხოზირიას მკვლელი.
"მოახერხებს თუ არა ხელისუფლება გიგა ოთხოზორიას მკვლელის დასჯას?", - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების ცნობილ წარმომადგენლებს მიმართა.
იგორ კვესელავა (პოლიტოლოგი): "მკვლელი, ჩემი ინფორმაციით, უკვე აღარ იმყოფება აფხაზეთის ტერიტორიაზე და რუსეთშია. სწორედ ამიტომ, მე ნაკლებად მგონია, რომ იპოვონ მკვლელი და დასაჯონ. ის, რა თქმა უნდა, აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლების დახმარების გარეშე საზღვარზე ვერ გადავიდოდა. რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთისა და აფხაზეთის ხელისუფლებამ მას შესაძლებლობა მისცეს, გასულიყო საზღვრიდან.
რადგან ჩვენ რუსეთთან არ გვაქვს ის ურთიერთობა, რაც უნდა გვქონდეს, ნაკლებად მგონია, რომ ხელისუფლებამ მოახერხოს ამ პიროვნების დასჯა."
გია ბუღაძე (ფერმწერი): "ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა, თუმცა მეეჭვება, რომ ამ სახელმწიფომ, ამ ძალებით შეძლოს და მკვლელი დასაჯოს. თუ ეს მოხდა, მე ძალიან ბედნიერი ვიქნები, თუმცა ზედმეტად საეჭვოდ მიმაჩნია მისი დასჯა. მაგრამ აქვე გეტყვით, რომ არაფერი გამორიცხული არ არის და ყველაფერი შეიძლება, მოხდეს."
ნანა კაკაბაძე (უფლებადამცველი): "მგონია, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ძნელად წარმოსადგენია დამნაშავის დასჯა. რამდენად შეძლებს დღევანდელ პირობებში ამას საქართველო, არ ვიცი.
სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი): "გიგა ოთხოზირიას მკვლელის დასჯა ამ შემთხვევაში დამოკიდებულია რუსეთის კეთილ ნებაზე. მისი ნება კი ჩვენთვის ნათელია.
უნდა იყო ისეთი ძლიერი სახელმწიფო, რომ შენი მოქალაქის სიცოცხლის ხელყოფას უპასუხო ისე, როგორც აკეთებს ისრაელი. სხვა შემთხვევაში მე არ მაქვს ისეთი მკაფიო აზრი, რომ ხელისუფლება მოახერხებს მკვლელის დასჯას და რუსეთი რამდენად მოინდომებს მკვლელის დასჯას, ეს სხვა საკითხია.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე