მაღალი გამავლობის 3-ღერძიან სატვირთო ავტომანქანის ბაზაზე დამონტაჟებული ქართული 120 მმ კალიბრიანი თვითმავალი ნაღმმტყორცნი ცეცხლის მართვის, ნავიგაციის და დამიზნების თანამედროვე ციფრული სისტემებითაა აღჭურვილი.
26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დცესასწაულზე საზოგადოებას თავისი ახალი პროდუქცია სამხედრო-სამეცნიერო ცენტრმა, "დელტა-მაც" წარუდგინა. განსაკუთრებული ინტერესი მათმა ახალ ნაწარმმა, თვითმავალმა 120 მმ/კ-იანმა საარტილერიო დანადგარმა GMM-120 გამოიწვია.
მას პოზიციის დაკავება, დამიზნება, ცეცხლის გახსნა და ადგილმდებარეობის შეცვლა ერთ წუთზე ნაკლებ დროში შეუძლია. ამით ის მოწინააღმდეგის მიერ წარმოებულ კონტრსაარტილერიო სროლებს თავიდან აიცილებს.
GMM-120-ს მოწინააღმდეგის მიმართულებით, წუთში 15 ნაღმის გასროლა შეუძლია, რაც ამ ტიპის იარაღისთვის საკმაოდ კარგი მაჩვენებელია. ქართული თვითმავალი ნაღმმტყორცნი აღჭურვილია გლობალური სანავიგაციო სისტემა GPS-ით, რაც თანამედროვე ომის პირობებში აუცილებელია.იგი აგრეთვე აღჭურვილია ტაქტიკური პლანშეტ-კომპიუტერებით და მაღალ დონეზე დაცული კავშირგაბმულობის სისტემით, ამით მანქანა ავტონომიური საცეცხლე მანქანის თვისებებს იძენს და ჯარების მართვის ერთიან სისტემაში ინტეგრაციის საშუალებას იძლევა.
თვითმავალი ნაღმმტყორცნის GMM-120-ის დანიშნულებაა მსუბუქი ქვეითი ან მექანიზირებული დანაყოფების საცეცხლე მხარდაჭერა, მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის, საცეცხლე წერტილების, გამაგრებული საინჟინრო ნაგებობების, მსუბუქი ჯავშანტექნიკის და სხვა სამიზნეების განადგურება.
GMM-120-ის ეკიპაჟი 6 პირს ითვლის. საბრძოლო მარაგი 60 120 მმ/კ-იანი ნაღმით არის განსაზღვრული.
აღსანიშნავია, რომ ამ კალიბრის საბრძოლო მასალების წარმოება "დელტას" დიდი ხნის ათვისებული აქვს. ეფექტური სროლის მინიმალური მანძილი 400 მეტრია, მაქსიმალური კი 7 000.
GMM-120 ახალი სიტყვაა ქართულ არტილერიაში, რადგანაც ნაღმმტყორცნი, იარაღი, რომლის ეფექტური და მომაკვდინებელი ძალა მე-20 საუკუნეში წარმოებულ ყველა საბრძოლო მოქმედებაში ნათლად გამოიკვეთა, თანამედროვე დამიზნების სისტემით აღჭურვილ თვითმავალ, შეჯავშნულ პლათფორმაზე იქნა დაყენებული, რაც მის სიცოცხლისა და ბრძოლისუნარიანობას მნიშვნელოვნად ზრდის.
თავისუფლების მოედანზე სსტც "დელტას" მიერ წარმოებული სხვა პროდუქციაც იყო, მათ შორის საუდის არაბეთში ექსპორტზე გატანილი სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანები, ჯავშანტრანსპორტიორები "დიდგორი" და "ლაზიკა"...
ქვეყნის მიერ საკუთარი თავდაცვისუნარიანობის თავისივე ძალებით უზრუნველყოფა ძალიან მნიშვნელოვანია. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. პირველ რიგში, ამ დროს ხდება ადგილობრივი წარმოების განვითარება და მოსახლეობის დასაქმება, ამასთან, არ ხდება ქვეყნიდან თანხის გადინება.
ამასთან, როგორც ცნობილია, არის დაუწერელი კანონი, რომ ექსპორტირებული იარაღი თავისი ხარისხით ჩამოუვარდება იმ ანალოგს, რომელსაც ესა თუ ის ქვეყანა აწარმოებს და რომელიც საკუთარი არმიისთვის არის განკუთვნილი.
ზემოხსენებული გარემოებების გათვალისწინებით, ნათელია, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს სახელმწიფოსათვის ადგილობრივი წარმოების განვითარებასა და ხელშეწყობას. აღსანიშნავია, რომ ქართული არმიის შეიარაღებაში უკვე არის ადგილობრივი წარმოებული სამხედრო დანიშნულების პროდუქცია.