კონსტიტუციონალისტი ვახტან ძაბირაძე მიიჩნევს, კორცხელის ინციდენტში მონაწილე სპორტსმენები შემთხვევით არ ყოფილან თბილისიდან ზუგდიდში ჩასული. როგორც ძაბირაძემ "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნა, "ქართულმა ოცნებამ" იცოდა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერთა ჯგუფი იქნებოდა მობილიზებული. მისი თქმით, სწორედ ამიტომ ხელისუფლებამ ეს ნაბიჯი მიზანმიმართულად გადადგა.
ვახტანგ ძაბირაძე: ისეთი შეგრძნება გვქონდა, რომ ჩვენ ამ მანკიერ წრეს, რაც გვახასიათებდა და თითქოსდა წინა წლებში ჩვეულებრივი მოვლენა იყო, თავი დავაღწიეთ, მაგრამ ეს ასე არაა, რისი დასტურიც კორცხელში განვითარებული მოვლენებია.
საზოგადოება არც ისეთი გულუბრყვილოა, იფიქროს, რომ ეს ახალგაზრდები კორცხელში სპონტანურად ჩავიდნენ. როგორც ჩანს, ხელისუფლებამ იცოდა, რომ კორცხელში "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერთა ჯგუფი იქნებოდა წარმოდგენილი, ამიტომაც ეს ნაბიჯი მიზანმიმართულად გადადგეს.
პრობლემას ამ ბიჭებში ვერ ვხედავ, ჩხუბიც საქართველოში ახალი ამბავი არ არის, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ასეთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ვიღაცამ ეს გადაწყვეტილება მიიღო, ორგანიზება გაუწია და ხალხი იქ ჩაიყვანა. ეჭვი მაქვს, ხელისუფლება იცოდა, რომ კორცხელში "ნაცმოძრაობის" ელიტა იქნებოდა და ეს სწორედ ამ მიზნით განახორციელეს.
"ქართულ ოცნებაში" თუ არსებობენ ადამიანები, რომელთაც ასეთი გადაწყვეტილების მიღება და რეალიზება შეუძლიათ, ამით მთლიანად მომავალი არჩევნების პრობლემა დგება. პოლიტიკურად აბსოლუტურად გაუმართლებელი გადაწყვეტილება მიიღეს.
იმ პირებმა, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო, ან პოლიტიკურ ცხოვრებაში არაფერი გაგებათ, ან მათი მიზანი პროვოკაციის მოწყობა იყო, რამაც ზიანი მოუტანა.
ამ ინციდენტს საზოგადოების ნაწილისგან გარკვეული გამართლების მცდელობა მოჰყვა. ჩვენ თუ ამის გამართლება შეგვიძლია, ეს იმას ნიშნავს, რომ ლინჩის წესით გასამართლება უნდა შემოვიღოთ.
გასაგებია, მეც ძალიან მაღიზინიანებს, როდესაც "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები ადამიანის უფლებებზე და საერთოდ დასავლურ ღირებულბებზე იწყებენ საუბარს, მაგრამ თუ სამართლინობის აღდგენაზეა საუბარი, ეს ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს და არა ქუჩური გარჩევებით გადაწყდეს. ეს ისევ სამოქალაქო დაპირისპირებისკენ მიმართული ნაბიჯი იქნება.
საერთოდ მეორეხარისხოვნად მიმაჩნია სასამართლო ამ ბიჭებს დასჯის თუ არა. ხელისუფლებამ იმ ადამიანებს, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო, ეს უფლება უნდა ჩამოართვას. ასე თუ არ მოიქცევა, მაშინ დიდია ალბათობა, რომ შემოდგომაზე კორცხელის ინციდენტი სხვადასხვა ვარიაციებით მთელ საქართველოში განმეორდეს, რაც ქვეყანას დეტაბილიზაციის ახალ ეტაპზე შეიყვანს.
"რეზონანსი": "ნაციონალური მოძრაობა" კორცხელის ინციდენტში მონაწილე სპორტსმენების დასჯას მოითხოვს, თუმცა ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ. ამის გამო "ნაცმოძრაობამ" საპარლამენტო საქმიანობას ბოიკოტი გამოუცხადა.
ვ.ხ.: კორცხელის ინციდენტი და თუნდაც ეს ბოიკოტი "ნაციონალურ მოძრაობას" პოლიტიკურ ქულებს ვერ მოუტანს.
რაც შეეხება "ოცნებას", როგორ ჩანს, ყველაფერი გათვლილი იყო იმაზე, რომ "ქართული ოცნებისკენ" ის ამომრჩეველი მოებრუნებინათ, რომელიც სამართლიანობის არაღდგენასთან დაკაშირებით "ოცნებაზე" გაღიზიანებული იყო. თუმცა ეს იმდენად უმნიშვნელო იყო იმასთან შედარებით, რაც ხელისუფლებამ ამ ფაქტით დაკარგა, რომ ამ ნაბიჯის გადადგმა არ ღირდა.
"ნაციონალურ მოძრაობას" ბოიკოტის გამოცხადება ქვეყნის შიგნით არაფერს არ მოუტანს. რაც შეეხება ქვეყნის გარეთ, შესაძლოა გარკვეული აჟიოტაჟი გამოიწვიოს, მაგრამ რეალურად ამით არც არაფერი შეიცვლება. ამა თუ იმ პრობლემის გამო ასეთი ბოიკოტები ხშირად ყოფილა, მაგრამ არც ერთი შემთხვევა არ მახსენდება, როცა ამ ნაბიჯს რაიმე პოზიტიური შედეგი მოჰყოლია.
"რ": და ქვეყნის გარეთ აჟიოტაჟის შექმნა "ნაციონალურ მოძრაობას" რას მოუტანს?
ვ.ხ.: დარწმუნებული ვარ, "ნაციონალურ მოძრაობას" ამ ეტაპზე ვიზალიბერალიზაცია პროცესის დასრულება ხელს არ აძლევს. ეს თუ ვერ მოხდება, მათ წინაასაარჩევნოდ სათქმელად ექნებათ, რომ ხელისუფლებამ ამიტომ და ამიტომ ვერ გააკეთაო.
ეს ინციდენტი ხელისუფლებას დასავლეთში ირიბად ურტყამს, "ნაციონალური მოძრაობა" კი შეეცდება თავის სასარგებლოდ გამოიყენონ და ვიზალიბერალიზაციის მინიჭების საკითხი არჩევნების შემდეგ გადაავადონ. ესაა ძირითადი მოტივი, თუმცა მეტი პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ენიჭება. ხელისუფლება თუ ხედავდა, რომ სიტუაცია დაძაბული იყო, მას გადამჭრელი ზომები უნდა მიეღო და 5 პოლიციელი კი არ უნდა ჩაეყვანა, არამედ გაძლიერებული რაზმი.
"რ": პრემიერ-მინისტმა, პრეზიდენტმა და პარლამენტის თავმჯდომარე დახურულს კარს მიღმა დაუგეგმავად ითათბირეს, თუმცა რა საკითხზე ისაუბრეს, ცნობილი არ არის. თქვენი აზრით, რა შეიძლება გამხდარიყო ქვეყნის უმაღლესი თნამდებობის პირებისთვის სასწრაფოდ შეკრების მიზეზი?
ვ.ხ.: ამ შემხვედრაზე მხოლოდ "რესპუბლიკლებზე" საუბარი არ იქნებოდა. შესაძლოა, ეს საკონსტიტციო სასამართლოს შესახებ კანონპროექტს უკავშირდება. დღეს ცნობილი უნდა გახდეს ვენეციის კომისიის დასკვნა. ასევე, გამორიცხული არ არის, რომ ეს კორცხელში მომხდარ ინციდენტს უკავშირდებოდეს. ხელისუფლებამ რაღაც გამოსავალი უნდა ნახოს.
ყველაზე ნაკლებად სავარაუდოა, რომ საარჩევნო კანონმდებლობაზე ყოფილიყო საუბარი. მგონია, რომ დღეს ქართული პოლიტიკისთვის ეს ორი საკითხი უფრო მნიშვნელოვანია, სადაც აზრთა სხვადასხვაობა არსებობს, ამიტომ ქვეყნის უმაღლესი თნამდებობის პირები პოზიციების დაასაახლოებლად შეიკრიბა.
"რ": კორცხელში განვითრებული მოვლენების ფონზე, თქვენი აზრით, როგორი არჩევნები გველის ოქტომბერში?
ვ.ხ.: ყველაფერი ხელისუფლებაზეა დამოკიდებული. მას ყველა მექანიზმი აქვს, რომ ასეთი გართულებები არ დაუშვას. ვინც კორცხელში განვითარებული მოვლენები დაგეგმა, მათ გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობა არ უნდა მიაღებინონ. არ ვიცი ეს ადამიანები ვინ არიან, ან რამდენი, მაგრამ ისინი ხელისუფლების საწინააღმდეგო ნაბიჯებს დგამენ, შეგნებით თუ შეუგნებლად, არ ვიცი, მაგრამ ეს ფაქტია.
რაც შეეხება ახალ ვარდების რევოლუციას, მისი გამეორება მარტივი არ არის. მაშინ ეს იმიტომ იყო შესაძლებელი, რომ სააკაშვილსა და მის გუნდს მთელი საქართველო მხარს უჭერდა. მოსახლეობის უმრავლესობისთვის შევარდნაძე მიუღებელი იყო.
ასევე მოხდა 2012 წელს, როდესაც ივანიშვილი მოვიდა. მას მხარს უჭერდა არა მარტო ის ხალხი, ვინც მიტინზე დადიოდა, არამედ მთელი საქართველოს, რაც არჩევნების შედეგებშიც აისახა.
დღესდღეობით "ნაციონალურ მოძრაობას" მოსახლეობის მხრიდან არანაირი მხარდაჭერა არ აქვს. რა თქმა უნდა, ადამიანთა გარკვეული ჯგუფი არსებობს, ვინც მხარს "ნაციონალურ მოძრაობას" უჭერს, თუმცა ასეთი სცენარის ხელმეორედ განმეორება შეუძლებელია.