თიკო ოსმანოვა
28.05.2016

გუშინ პარლამენტში დეპუტატები საკონსტიტუციო ცვლილებაზე მსჯელობდნენ, რომლის მიხედვითაც კონსტიტუციაში დაკონკრეტდება, რომ ქორწინება არის ქალისა და მამაკაცის ერთობა.

როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა განაცხადა, იმ შემთხვევაში, თუკი ქორწინების თაობაზე საკონსტიტუციო ცვლილებები კენჭისყრაზე ვერ დადგება, ცვლილებების ავტორებმა შეიძლება რეფერენდუმის ორგანიზება მოახდინონ.

ძიძიგურის განმარტებით, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მიერ ამ საკითხზე კითხვის ნიშნები არ ჩანს, მაგრამ ცალკეული არასამთავრობები და დეპუტატებიც არიან, რომლებიც ამბობენ, რომ ეს საკითხი მათში კითხვის ნიშანს იწვევს.

"უმცირესობის მხრიდან თემაზე სხვადასხვა პასუხი გვესმოდა, დაუჭერენ თუ არა საკონსტიტუციო ცვლილებას მხარს. ნაწილი ამბობდა, რომ დაუჭერდა, მეორე ნაწილი ამბობდა, რომ ამის საჭიროებას ვერ ხედავდა, რადგან ეს "სამოქალაქო კოდექსით" ისედაც განსაზღვრულია. მათი პოზიცია ვნახეთ, როცა საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობაზე უარი თქვეს და აქედან გამომდინარე, კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებაზეც. ამ საკითხთან მიმართებაში ეს კონკრეტული პასუხია, ისინი მხარს უჭერენ თუ არა ერთსქესიანთა ქორწინებას ქვეყანაში. მათი მხრიდან ირიბი, მაგრამ ნათელი პასუხი იქნა მიღებული", - აღნიშნა ზვიად ძიძიგურმა პლენარულ სესიაზე.

უნდა გაკეთდეს თუ არა კონსტიტუციაში ჩანაწერი ოჯახის შესახებ? - ეს კითხვა "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს დაუსვა.

 ქეთი ბექაური (იურისტი): "ვინაიდან სხვადასხვა წრეში და ინსტიტუციაში ამ საკითხმა ამხელა ვნებათაღელვა გამოიწვია, ჯობია, რომ კონსტიტუციაშიც გაკეთდეს ეს ჩანაწერი. თანაც, ამასთან დაკავშირებით, სამოქალაქო კოდექსში გარკვეული ჩანაწერი არსებობს.

"კონსტიტუცია და კანონი ერთმანეთან შესაბამისობაში უნდა იყოს. ჩვენი სამოქალაქო კანონმდებლობით, ოჯახად აღიარებულია ქალისა და მამაკაცის ქორწინების შედეგად შექმნილი ოჯახი. ასე რომ, დანაშაულს ვერ ვხედავ, თუ კონსტიტუციაშიც ჩაიწერება, არ მესმის, ამ საკითხზე ამხელა ვნებათაღელვა რატომ არის ატეხილი."

 

 გია ბურჯანაძე (მსახიობი):  "საქართველოს მოსახლეობა ფიქრობს, რომ ჯობია ამაზე ახლა გაკეთდეს ჩანაწერი, რომ მომავალში არ შეიქმნას რამე პრობლემა და გაურკვევლობა. ამ ჩანაწერს ის ეწინააღმდეგება, ვისაც ფული აქვს აღებული. ეს მათი პრობლემაა, დააბრუნონ, მე მგონი, არ დაიღუპებიან ისედაც ბევრ ფულს იღებენ."

 

 

 

 ლადო ვარდოსანიძე (ურბანისტი): "მე მგონი, სამოქალაქო კანონმდებლობით, ეს ისედაც უზრუნველყოფილია. არ მესმის, რა საჭიროა კონსტიტუციაშიც იგივე ჩაიწეროს. ვფიქრობ, ამით რაღაც - რაღაცების გადაფარვა ხდება. ჩვენი საზოგადოება ამ ჩანაწერს არ ელოდება. სხვა უამრავი პრობლემა არსებობს, რომელიც გადასაწყვეტია."

 

 

 

 ზურა ვადაჭკორია (ილუზიონისტი): "კი, კონსტიტუციაში ამის შესახებ ჩანაწერი აუცილებლად უნდა გაკეთდეს. რადგან ქართველებს ყველაფრის უმაღლეს დონეზე გაკეთება გვიყვარს, ოჯახის შესახება ჩანაწერიც უმაღლესად დაკანონდეს."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×