19 მაისს ხურჩაში, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, 31 წლის გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული აფხაზი ე.წ. მესაზღვრე რაშიდ კანჯი ოღლი არც დაჭერილია და არც დაუკითხავთ - ეს ინფორმაცია გუშინ გალის შეხვედრებზე აფხაზეთის დე ფაქტო წარმომადგენლებისგან გახდა ცნობილი.
როგორც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, აფხაზების მიერ ითქვა, რომ დამნაშავე იდენტიფიცირებული არ არის და ამდენად ვერავის ვერ დააკავებდნენ. უფრო მეტიც, დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა ისიც კი არ დაადასტურეს, რომ საქართველოს მიერ მკვლელობაში ბრალდებული კანჯი ოღლი საერთოდ დაკითხეს.
"როგორც მითხრეს, არაფერიც არ უთქვამთ იმიტომ, რომ არ არის იდენტიფიცირებული და თქვენ თუ რამე გაქვთ, მოგვაწოდეთო. ჩვენ ყველაფერი - ვიდეომასალაც და ჩვენებებიც გადავეცით. ბრალდებულის დაკითხვა არც დაადასტურეს და არც უარყვეს. თქვეს, რომ ეს საქმე ე.წ. სამხედრო პროკურატურას აქვს და ჩვენ ზუსტად დეტალები არ ვიცით, ჩვენც ახლა ვარკვევთო და თუ რაღაცეები გახდება ცნობილი, შემდეგ შეხვედრაზე იტყვიან", - ამბობს ციხელაშვილი.
აღსანიშნავია, რომ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ იცოდა, შეხვედრაზე განსახილველი თემა ხურჩაში მომხდარი მკვლელობა რომ უნდა ყოფილიყო და ამის მიუხედავად, გამოძიების შესახებ მათ ოფიციალური თბილისის წარმომადგენლებისთვის არანაირი ინფორმაცია არ მიუწოდებიათ.
შეხვედრაზე არც ერთ კითხვაზე პასუხი არ გაცემულა და არაფერი თქმულა ე.წ. სამხედრო პროკურატურიდან რატომ არ გამოითხოვეს ინფორმაცია, ვინ დაიკითხა და ვინ - არა, ან რატომ არ დაიკითხა 19 მაისს ხურჩა-ნაბაკევის გამშვებ პუნქტზე მორიგე ყველა ე.წ. მესაზღვრე და სად იმყოფება ამჟამად კანჯი-ოღლი - ისევ აგრძელებს თუ არა ე.წ. საზღვარზე კონტროლს თუ გათავისუფლებულია.
შეხვედრაზე აფხაზებმა მხოლოდ ის თქვეს, რომ სს საქმე განზრახ მკვლელობის მუხლითაა დაწყებული და პირობა დადეს, რომ გამოიძიებდნენ. ქართულმა მხარემ კი მათ ვიდეოჩანაწერი და მოწმეების ჩვენებები გადასცა.
მორიგი შეხვედრა 6 ივლისს დაიგეგმა. მანადე კი ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი, 36-ე რაუნდი გაიმართება 14-15 ივნისს და დე ფაქტო აფხაზეთში მიმდინარე გმოძიებაზე რაღაც ინფორმაცია შეიძლება ამ დროს მაინც გახდეს ცნობილი.
ქეთევან ციხელაშვილი აღნიშნავს, რომ შეკითხვები და პრეტენზია მასაც აქვს, თუმცა, აფხაზურმა მხარემ ამ ყველაფრის გარკვევა მომავალი შეხვედრისათვის გადადო.
"გადაიტანეს საუბარი იმაზე, რომ ეს მომდევნო კომუნიკაციებისას გავაკეთოთო. რა თქმა უნდა, იცოდნენ, როდის მოხდა მკვლელობა და ვინ იყვნენ მაშინ მორიგეები და ყველა უნდა დაეკითხათ, რეალურად რომ ნდომოდათ რამე.
"შეხვედრაზე არ ვყოფილვარ და ასე, გარედან, ზუსტად არ ვიცი, რა ხდებოდა. ჩვენებმა თქვეს, რომ კონსტრუქციული და საქმიანი გარემო იყო და აღქმა იმის, რომ ნაბიჯები უნდა გადაიდგას, ოღონდ აქამდე რომ არ გადაიდგა და კონკრეტული არაფერი თქვეს, ჩემთვის ეს არადამაკმაყოფილებელია.
"ყველა შემთხვევაში მომავალი თანამშრომლობის სივრცე გახსნეს. არავის არ უარუყვია, რომ დანაშაული ჩადენილია, რაც მაძლევს იმის იმედს, რომ გარკვეული ნაბიჯები გადაიდგმება, თუმცა ჩვენ რაც გვინდა, დამნაშავე რომ გადმოგვცენ, ამ თემაზე თანხმობა არ არის," - უთხრა "რეზონანსს" ციხელაშვილმა.
უშედეგო შეხვედრა
4-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად, გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ხუთმხრივი საგანგებო შეხვედრა გაიმართა, სადაც ქართულმა მხარემ ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში 19 მაისს საოკუპაციო ხაზთან მოკლული გიგა ოთხოზორიას საკითხი დააყენა და მომხდარზე დროული და ადეკვატური რეაგირება და მკვლელობაში ბრალდებულის გადმოცემა მოითხოვა.
შეხვედრებზე ქართულ მხარეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (სუს-ი) და შს სამინისტრო წარმოადგენდნენ.
"მათი მხრიდან მივიღეთ ინფორმაცია, რომ საქმეს იძიებს დე ფაქტო ხელისუფლების ე.წ. სამხედრო პროკურატურა. განზრაზ მკვლელობაში ბრალდებული პირის დაკავების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ დაგვიდასტურეს. რაც შეეხება გადმოცემის საკითხს, გვითხრეს, რომ ამას სჭირდება შესაბამისი სამართლებრივი ბაზა და, ბუნებრივია, ამაზე საუბარი ნაადრევია.
"ჩვენთვის ეს თავისთავად მიუღებელია იმიტომ, რომ ენგურის ხიდის გაღმა არ არსებობს საერთაშორისო სამართლის არანაირი სუბიექტი, არსებობს ჩვეულებრივი ოკუპირებული ტერიტორია, რომელზეც კონტროლი ხორციელდება საოკუპაციო ძალის მიერ და ჩვენი მთავარი მიზანი ამ მიმართულებით უცვლელი და პოზიცია პრინციპული იქნება.
"ჩვენი მოთხოვნები არ შეიცვლება. ჩვენ ყველა ფორმატში დავაყენებთ მოთხოვნას, რომ გიგა ოთხოზორიას მკვლელი წარდგეს ქართული მართლმსაჯულების წინაშე. კიდევ ერთხელ გეუბნებით - მათ გვითხრეს, რომ არანაირ ექსტრადირებაზე საუბარი არ შეიძლება იყოს. ექსტრადირება არის ორი საერთაშორისო სამართლის სუბიექტს შორის შესაბამისი ურთიერთობის საფუძველზე განხორციელებული ქმედება და ჩვენთვის ეს აბსოლუტურად მიუღებელია," - შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა სუს-ის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა ირაკლი ბერაიამ.
შეკითხვაზე, ამ დროისთვის მკვლელობაში ბრალდებული აფხაზეთის ტერიტორიაზე იმყოფება თუ გადავიდა რუსეთში, ბერაია პასუხობს, რომ კონკრეტულ შეკითხვებზე პასუხი ვერ მიიღეს.
"როდესაც ჩვენ კონკრეტული კითხვები დავუსვით, მათ გვითხრეს, რომ ისინი არ არიან ე.წ. სამხედრო პროკურატურის წარმომადგენლები და აღნიშნულ ინფორმაციას არ ფლობენ",- დასძინა ბერაიამ.
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გიგა ოთხოზორიას განზრახ მკვლელობის ფაქტზე რაშიდ კანჯი ოღლის მიმართ ბრალდების შესახებ დადგენილება 21 მაისს გამოიტანა და მის მიმართ დევნა სს კოდექსის 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დაიწყო და როგორც პროკურატურაში აცხადებენ, რაშიდ კანჯი ოღლის მიმართ ინტერპოლით ძებნა მალე გამოცხადდება.
რუსეთის პოზიცია
რუსეთი გიგა ოთხოზორიას მკვლელობაზე პასუხისმგებლობას აფხაზ ე.წ. მესაზღვრეებს აკისრებს. რუსული მედიის ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით მორიგი განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გაკეთდა.
სერგეი ლავროვის უწყების ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებით, ინციდენტი იმ ზონაში მოხდა, რომელზეც პასუხისმგებლობა აფხაზურ მხარეს ეკისრება. მისივე თქმით, მომხდართან რუს მესაზღვრეებს ირიბი შეხებაც არ ჰქონიათ.
"აფხაზეთის საზღვარზე საქართველოს მოქალაქის, გიგლა ოთხოზორიას მკვლელობასთან რუსეთს კავშირი არ აქვს. რამდენადაც ჩვენ ვიცით, კონფლიქტი აფხაზი მესაზღვრეების პასუხისმგებლობის ზონაში წარმოიქმნა და რუსულ მხარეს მასთან ირიბი შეხებაც არ ჰქონია", - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.
გამოხმაურებები სოხუმში
დაისჯება თუ არა საქართველოს მოქალაქის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული კანჯი ოღლი, ეს საეჭვოა. აფხაზური მედია ამ თემას საერთოდ არ განიხილავს, არავინ არ წერს, მიმდინარეობს თუ არა გამოძიება, ვინმე თუ დაიკითხა და სად არის მკვლელობაში ბრალდებული ამჟამად.
გავრცელდა მხოლოდ ერთეული და ისიც მშრალი "ოფიციალური" განცხადებები: მაგალითად, ე.წ. პროკურატურის, რომ გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო; ასევე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსი, სადაც ლავროვის უწყება აცხადებს, რომ ისინი მომხდარში პასუხისმგებლები არ არიან; ასევე აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის, ვიაჩესლავ ჩირიკბას განცხადება, რომ გალის "საზღვარზე ინციდენტის" გამო, რის შედეგადაც მოკლული იქნა საქართველოს მოქალაქე, გალის შეხვედრა დაინიშნა; და უკვე შეხვედრის შემდეგ ასევე მშრალი ინფორმაცია იმაზე, რომ 4 წლის შემდეგ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 36-ე შეხვედრამ კონსტრუქციულ ატმოსფეროში ჩაიარა.
მკვლელობას გამოხმაურებები მოჰყვა "ფეისბუქში". წერენ, რომ თვითმხილველების თქმით, ქართველი მამაკაცი საბუთების გარეშე ცდილობდა "საზღვრის" გადალახვას და ამის გამო ატყდა ჩხუბი. იგი აფხაზ მესაზღვრეს აგინებდა და ახრჩობდა კიდეც. შემდეგ ხიდზე გაიქცა გინებით, აფხაზმა კი ეს ვერ მოითმინა და მოკლა. აფხაზების მცირე ნაწილი წერს, რომ რაც უნდა მომხდარიყო და რამდენადაც უნდა გაეღიზიანებინა ქართველს აფხაზი, მკვლელობა დაუშვებელია და დამნაშავე უნდა დაისაჯოს, რომ ეს მკვლელობა მათ "რესპუბლიკას" აზარალებს;
თუმცა, ასევე გაისმა მოსაზრებებიც, რომ თუკი საკუთარი ქვეყნის საზღვრის დაცვის გამო დაიჭერენ აფხაზეთის მოქალაქეს, ამას არ შეეგუებიან. ბევრია აგრესიული კომენტარიც: "20 წლის განმავლობაში 200-ზე მეტი აფხაზი "მესაზღვრეა" ქართველი დივერსანტების მიერ მოკლული და ამაზე რატომ არ იღებენ ხმას, მხოლოდ ჩვენ გვადანაშაულებენ?!"; "მხოლოდ ერთია მოკლული? ყველა ერთად უნდა ამოჟლიტო"; "ესენი ძაღლებივით უნდა დახოცო"; "პროვოკაცია მოუწყო მაგ ქართველმა ჩვენს მესაზღვრეს და ამიტომაც მოკლეს"; "ყოჩაღ, რომ თავი შეიკავა და სხვებიც არ დახოცა"; "ქართველებმა მხოლოდ პროვოკაციის მოწყობა იციან და დამსახურებულად მიიღო"; "ქართველებს ჩვენი ერის სრულად განადგურება სურდათ, ყარყარაშვილის და შევარდნაძის განცხადებები გაიხსენეთ"; "გენოციდს გვაბრალებენ და გალში სულ ქართველები ცხოვრობენ"; "დიდი სიამოვნებით დავნაღმავდი მთელ გადმოსასვლელებს"; "ჩვენს მესაზღვრეს, რომელმაც სიცოცხლე გარისკა, როდესაც საქართველოს ტერიტორიაზე გაეკიდა დამნაშავეს, საზღვრის დაცვისათვის გმირობის ჯილდო ეკუთვნის"; "ქართველები ლაჩრები არიან, ტყუილად კი არ არის ლერმონტოვის ლექსი, "გარბოდნენ მხდალი ქართველები". ასე შერცხვენილები გარბოდნენ ისინი აფხაზეთიდანაც"...
"სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის" ხელმძღვანელი მამუკა არეშიძე ამბობს, რომ სოციალურ ქსელებში განსხვავებული გამოხმაურებებია, არის ნეგატიურიც. ასევე წერენ, რომ დამნაშავე უნდა დაისაჯოს და თუ ცივილიზებული მსოფლიოსკენ მივდივართ, ასეთი მკვლელობის ჩადენა სახელმწიფო ღალატის ტოლფასია.
არეშიძე თვლის, რომ კანჯი ოღლის დაპატიმრება მღელვარებას არ გამოიწვევს, თანაც ეს ე.წ. მესაზღვრე აფხაზი არ არის, წარმოშობით ლაზია და ამიტომაც უფრო მარტივად შეიძლება ის გაასამართლონ.
"აფხაზეთში, როგორც წესი, ძალიან ხშირია მკვლელობები და საკმარისი მილიციამ დამნაშავის დაკავება მოინდომოს, რომ ამ პროცესში აუცილებლად ჩაერევა ხოლმე გვარი, კლანი თუ სუყველა. რაც უფრო ძლიერი კლანია, მით უფრო თავისუფლად გრძნობს დამნაშავე თავს.
"თუმცა, კანჯი ოღლი არ არის აფხაზი და არც ერთი კლანის წევრი და ამიტომ მისი დაკავება უფრო მარტივია. მე ვიცოდი, რომ ის დაკითხეს და დაკავებულიც იყო. როგორც ჩანს, იქ რაღაც ვაჭრობა ხდება. ზუსტად რა, ეს არავინ ვიცით.
"აფხაზებისგან იმის თქმას, რომ დაკავებული და დაკითხული არ არისო, არ ველოდი. რაც უფრო გაწელავენ ისინი ამ საქმეს, მით უფრო მძიმე შთაბეჭდილება შეიქმნება მათი ქმედების თაობაზე და მით უფრო მეტად შეუძლია ქართულ მხარეს მუდმივი პედალირების ქვეშ ამყოფოს აფხაზებიც და რუსებიც სხვადასხვა ფორუმზე.
"რაც უნდა ილაპარაკონ რუსებმა, რომ ეს აფხაზების პასუხისმგებლობაა, მოსკოვსა და სოხუმს შორის არსებობს ხელშეკრულება, რომლის მიხედვით რუსი მესაზღვრეები იცავენ აფხაზურ "საზღვრებს" დანარჩენი საქართველოსგან. აქედან გამომდინარე კი რუსი მესაზღვრეები პასუხისმგებლები არიან ამ სასტიკ მკვლელობაზე და ჩვენ ამას გამოვიყენებთ.
"რა იდენტიფიცირება უნდოდა ახლა ამას? ოთხივე სამხედროს, ვინც ჩვენს კონტროლირებად მხარეს იყო გადმოსული, მათი სახელი და გვარი არის ყველასთვის ცნობილია. საქმის ასე გაწელვა აფხაზებისა და რუსებისთვის არის ცუდი", - აცხადებს არეშიძე.