ნინო ქეთელაური
30.05.2016

"ჩემი სურვილი ნამდვილად არ არის, რომ ქართულ პოლიტიკას კიდევ ერთი პოლიტიკოსი შევმატო ჩემი სახით", - ამის შესახებ მოძრაობა "სახელმწიფო ხალხისთვის" ლიდერმა პაატა ბურჭულაძემ განაცხადა, რომელიც დარწმუნებულია, რომ მისი მოძრაობა უფრო ეფექტური იქნება, ვიდრე წინა მთავრობები.

"მე ბევრ თქვენგანს პირადად ვიცნობ, ბოლო რამდენიმე თვეა ფეხით შემოვიარე საქართველო. ვიყავი კახეთში, გურიაში, სამეგრელოში, იმერეთში, აჭარაში, ქვემო ქართლში. ბევრი პირადად გავიცანი, ბევრს ხელი ჩამოვართვი.

"ჩემი სურვილი ნამდვილად არ არის, რომ ქართულ პოლიტიკას კიდევ ერთი პოლიტიკოსი შევმატო ჩემი სახით. ჩვენ უნდა შევცვალოთ საქართველო, ჩვენ ერთად უნდა შევქმნათ ახალი სახელმწიფო, რომელიც ნამდვილად იქნება ხალხისთვის, ამიტომ, ჩვენ მარტო პოლიტიკაში კი არ მოვდივართ, ჩვენ მოვდივართ ამ ქვეყნის ხელისუფლებაში და ეს გარდაუვალია! ჩვენ ვიქნებით უფრო ეფექტური, ვიდრე წინა მთავრობები! ჩვენ ვიქნებით უფრო კაცთმოყვარე და სამართლიანი, ვიდრე წინა მთავრობები! მე მწამს, რომ ეს მნიშვნელოვანი წუთებია თითოეული ჩვენგანის ისტორიაში, რადგან დღეს იბადება მოძრაობა, რომელიც გამოაღვიძებს მიძინებულ საქართველოს, რადგან დღეს იბადება ძალა, რომელიც არა შუღლით და მტრობით და ერთმანეთის შეურაცხყოფით, არამედ სიყვარულით და ერთმანეთის პატივისცემით შექმნის ახალ სახელმწიფოს, სახელმწიფოს ხალხისთვის!" - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

რა შანსები აქვს ბურჭულაძის პარტიას საპარლამენტო არჩევნებზე? - ამ კითხვით "მთელმა კვირამ" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 დოდო ხურცილავა  (ხელოვნებათმცოდნე): "მას არ აქვს დიდი შანსი. შესაძლოა, 2 კაცი გაიყვანოს, მეტს ვერ გაიყვანს. ესეც მხოლოდ იმიტომ, რომ მისი გვარი და სახელია ცნობილი. ისინი, ვინც თავისი პარტიის წევრებად წარადგინა, შეიძლება ითქვას, რომ რამდენიმე დღის წინ არაფერს წამოადგენდნენ.

"როდესაც მიდიხარ ასეთ სერიოზულ საქმეში, პოლიტიკური გამოცდილება აუცილებელია. რომც გავიდეს, რაშიც ძალიან დიდი ეჭვი მეპარება, ასახელებს იმ საერთო სურვილს, რომელიც არაფრით განსხვავდება დანარჩენი პარტიების საერთო სურვილებისგან და ძალიან მაინტერესებს, რა პოლიტიკური საფუძვლით აპირებს ამ სურვილის და დაპირების შესრულებას?! რომ ვერ გააკეთებს, ზუსტად ისე გალანძღავენ, როგორც ხალხის უმადური ნაწილი ლანძღავს ბიძინა ივანიშვილს.

"სწორედ ამისთვის მენანება პაატა ბურჭულაძე. იმ პოლიტიკური გამოცდილებით, რაც მათ გააჩნიათ, ვერაფერს მიაღწევენ."

 გოგი თორაძე (რეჟისორი): "პირველ რიგში უნდა ვთქვა, რომ ის არის უპატიოსნესი, ღვთისმოსავი ადამიანი და მე მჯერა, რომ ის იძულებული იყო ეს ნაბიჯი გადაედგა. ადამიანის განვლილი ცხოვრების გზა არის მისი საუკეთესო დახასიათება და პაატას ამ მხრივ ყველაფერი საუკეთესოდ აქვს.

"ვფიქრობ, დიდი შანსი აქვს. ხალხი დაუჭერს მხრს და დეპუტატების საკმაო რაოდენობით შევა პარლამენტში."

 

 

 თედო დონდუა (ისტორიკოსი):  "შანსი აქვს ნული, იმიტომ, რომ ყველამ იცის "ნაციონალებითაა" დაკომპლექტებული. "ნაციონალების" ტაქტიკა ასეთია - ვინაიდან მათ სახელი აქვთ გატეხილი, ახლა დაიყო რამდენიმე ჯგუფად და სხვადასხვა სახელებს ირქმევენ - "გირჩი" და ა.შ. მათ შორის არის ესეც.

"თუ ხალხს ჭკუა აქვს და დარწმუნებული ვარ, რომ ასეა, ამ ანკესზე არ წამოეგება. ხალხი ბრძენია, ისტორიკოსი ვარ და დამეჯერება. მათი, სხვადასხვა სახელებდარქმეული პარტიების საერთო მაქსიმუმი იქნება 14-15%, მეტი არა.

"პაატა ბურჭულაძეს და მის ხელოვნებას პატივს ვცემ, ვამაყობ, რომ ქართველია, მაგრამ მგონია, რომ შეცდომას უშვებს. ჯობია მუსიკას მიხედოს."

 ნუცა ჯანელიძე (მუსიკათმცოდნე): "მთლად გამარჯვებას ვერ ვიტყვი, მაგრამ რაღარც პროცენტს ალბათ აიღებს. იმიტომ, რომ ის ჯერ-ჯერობით ხალხს უყვარს, როგორც მომღერალი და მერე რა იქნება, ვერ გეტყვით."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×