ზურაბ აბაშიძის თქმით, ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრისათვის მზადება ამჟამად არ მიმდინარეობს
თიკო ოსმანოვა
30.05.2016

 "რაღაც ეტაპზე ალბათ საჭირო იქნება უფრო მაღალი დონის შეხვედრის გამართვა, მაგრამ ყოველთვის ვამბობ, რომ ასეთმა შეხვედრამ რაღაც შედეგი უნდა გამოიღოს, თუნდაც მცირე. მხედველობაში მაქვს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებული პრობლემები", - ამბობს "მთელ კვირასთან" საუბრისას რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე.

როდის გაიმართება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორ კარასინისა და აბაშიძის მორიგი შეხვედრა, რა იქნება საუბრის მთავარი თემა და აპირებს თუ არა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი პრაღაში ხურჩის ტრაგედიის წამოწევას - ამ და სხვა საკითხებზე "მთელი კვირა" ზურაბ აბაშიძეს ესაუბრა.

ზურაბ აბაშიძე: ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის გაიმართება ჩემი და კარასინის მორიგი შეხვედრა. სავარაუდოდ, ეს იქნება ივნისის ბოლოს ან ივლისის დასაწყისში.

"მთელი კვირა": ამჯერად რა საკითხებს განიხილავთ?

ზ.ა.: გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი, მანდატი, რომელიც ითვალისწინებს ჰუმანიტარული საკითხების მოგვარებას. ეს ფორმატი იმთავითვე იმისთვის შეიქმნა, რომ სავაჭრო ურთიერთობისთვის, სატრანსპორტო კავშირების აღდგენისთვის, ტურიზმისა და ბიზნესის განვითარებისთვის ხელი შეგვეწყო. დანარჩენი უფრო რთული პოლიტიკური საკითხები, მოგეხსენებათ, ჟენევაში განიხილება.

"მ.კ.": გარდა ამ თემებისა, იქნება თუ არა საუბარი ქვეყნის პირველი პირების შეხვედრის მომზადებასთან დაკავშირებით?

ზ.ა.: ასეთი საუბარი არ იგეგმება.

"მ.კ.": ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლიდერების შეხვედრამდე, შესაძლოა, ქვეყნის პირველ დიპლომატებს შორის შედგეს შეხვედრა. ამასთან დაკავშირებით თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ?

ზ.ა.: ახლა არ განიხილება, მაგრამ არ არის გამორიცხული. ამჟამად პრაქტიკული მომზადება ასეთი შეხვედრისთვის არ მიმდინარეობს, ვნახოთ, მერე რა იქნება.

პრინციპში, რაღაც ეტაპზე ალბათ საჭირო იქნება უფრო მაღალი დონის შეხვედრის გამართვა, მაგრამ ყოველთვის ვამბობთ, რომ ასეთმა შეხვედრამ რაღაც შედეგი უნდა გამოიღოს, თუნდაც მცირე. მხედველობაში მაქვს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებული პრობლემები.

"მ.კ.": რუსეთში შპიონაჟის ბრალდებით დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება უნდა ყოფილიყო მიღებული და რა ხდება ამ მიმართულებით?

ზ.ა.: იმედი მაქვს, რომ არა თუ ჩვენს შეხვედრამდე, არამედ უახლოეს მომავალში, უახლოეს დღებშიც კი მოხდება რამდენიმე ჩვენი თანამემამულის გათავისუფლება.

"მ.კ.": ამ ადამიანების გათავისუფლება ხომ აქამდე იგეგმებოდა...

ზ.ა.: იყო რაღაც პროცედურები გასავლელი და მადლობა ღმერთს, გავედით ფინიშზე და ვიმედოვნებ, რომ ჩვენი რამდენიმე მოქალაქე უახლოეს დღეებში დაუბრუნდება ოჯახებს.

"მ.კ.": ანუ ბიუროკრატიული პრობლემების გამო მოხდა ამდენი ხნით ამ საკითხის გაწელვა?

ზ.ა.: დიახ, სამართლებრივ-ტექნიკური საკითხების გამო გაიწელა აქამდე.

"მ.კ.": გარდა ამ რამდენიმე ადამიანისა, კიდევ დარჩებიან რუსეთის ციხეში საქართველოს მოქალაქეები?

ზ.ა.: კიდევ რამდენიმე დარჩება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ხალხი სწრაფად ჩამოვიყვანოთ. ამ მოლაპარაკებებს გავაგრძელებ და იმედი მაქვს, ამ თემას წლის ბოლოსთვის დავხურავ.

"მ.კ.": ხურჩაში მომხდარ ტრაგედიაზე და საერთოდ ე.წ. საზღვრებზე არსებულ პრობლემებზე გექნებათ თუ არა რუს კოლეგასთან საუბარი?

ზ.ა.: როგორც წესი, არასდროს გავურბივარ ასეთ თემებს. როცა არის აუცილებლობა, ყოველთვის წამოვწევ ასეთ საკითხებს და ალბათ ამჯერადაც ასე იქნება.

4-წლიანი პაუზის შემდეგ, ჩვენი დაჟინებული მოთხოვნით და შესაბამისი მუშაობის შედეგად, გალის რაიონთან დაკავშირებით აღდგა კონფლიქტების პრევენციისა და მათზე მოქმედების მექანიზმი და ორი დღის წინ ასეთი შეხვედრაც გაიმართა.

შეხვედრაზე იყვნენ შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები და ეს საკითხი, რა თქმა უნდა, იქ იყო განხილული. ეს სწორედ ის მექანიზმია, რომლის ფარგლებშიც უნდა მოხდეს ამ საკითხის განხილვა.

რუსეთი ძალიან რთული მეზობელია და მარტო საქართველოსთვის არა. ვინც ამ თემაშია ჩახედული, ხედავს, რომ ბევრს უჭირს მასთან ურთიერთობა, არა ისეთ მცირე ქვეყანას, როგორიც საქართველოა, არამედ დასავლეთის დიდ ქვეყნებსაც. ბევრ ქვეყანასთან აქვს გართულებული ვითარება, დაწყებული აშშ-დან და დამთავრებული ევროპული ქვეყნების ჩათვლით. ასე რომ, ეს ზოგადი გლობალური პრობლემაა. რუსეთთან ურთიერთობის წარმართვა ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევაა მსოფლიოს მრავალი ქვეყნისთვის.

"მ.კ.": ვარშავის სამიტის წინ ხომ არ ელოდებით რუსეთის მხრიდან რაიმე პროვოკაციას, ან რაღაც პრობლემების შექმნას?

ზ.ა.: ვერ გეტყვით. თუმცა, სიმართლე გითხრათ, რაღაც განსაკუთრებულ გართულებებს არ ველი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×