ლიკა ამირაშვილი
30.05.2016

 პაატა ბურჭულაძის პარტიამ პოლიტიკურ ასპარეზზე პირველი ნაბიჯები გადადგა და პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ ეს კარგი დასაწყისია. როგორც მან "მთელ კვირასთან" საუბრისას აღნიშნა, პარტიამ მთელი ქვეყნის მასშტაბით ხალხის მობილიზაციას თავი შესანიშნავად გაართვა.

საყვარელიძემ ჩვენთან საუბრისას პოლიტიკური პროგნოზიც გააკეთა. მისი თქმით, 2016 წლის არჩევნებში ბურჭულაძის პარტიას რეალური შანსი აქვს იმისა, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" მთავარი ოპოზიციური პარტიის სტატუსი წაართვას.

რამაზ საყვარელიძე: დიდი მადლობა ორგანიზატორებს, რომ პოლიტოლოგები ყრილობაზე მიგვიწვიეს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ პარტიამ პირველი ნაბიჯები გადადგა, სავარაუდოა, რომ შემდეგი ნაბიჯებიც შთამბეჭდავი იქნება, რადგან ამ ყრილობაში არის ბევრი ისეთი ორგანიზაციული პრობლემა, რომელიც ადვილი მოსაგვარებელი არ არის. პარტიამ კი მათ მოგვარებას თავი შესანიშნავად გაართვა.

მთელი საქართველოს მასშტაბით ამდენი ხალხის მობილიზაციას და თვითონ ღონისძიების ასე მოწესრიგებულად ჩატარებას ბევრი გამოცდილი პარტია ვერ მოახერხებს, მათ მოახერხეს. ორგანიზებულობა პარტიის ერთ-ერთი მნიშვნელოვნი თვისებაა. ასე რომ, ამ მხრივ სავარაუდოა, რომ პარტია უახლოეს ხანებში კიდევ უფრო ძლიერი იქნება.

"მთელი კვირა": პარტიამ მათი სამომავლო მიზნები და ახალი გუნდი წარადგინა. როგორ შეაფასებდით?

რ.ს.: საქართველოში პოლიტიკურ პროცესებს 1988 წლიდან აქტიურად ვადევნებ თვალს. ამ ხნის განმავლობაში ძალიან ბევრი პროგრამა მომისმენია და ძალიან ბევრი პოლიტიკური პრეზენტაცია მინახავს. ამიტომ შესაძლოა ამის კარგი შემფასებელი არ ვიყო, რადგან, როგორც წესი, ყველა პარტიის პროგრამა ერთმანეთს ჰგავს.

ყველა ამბობს, რომ უმუშევრობას შეამცირებს; ყველა პარტია ამბობს, რომ ტერიტორიული მთლიანობის პრობლემას გადაწყვეტს. ამას ბოლო ხანებში დაემატა ასეთი განაცხადი, რომ პარტია სამართლიანობის აღგენას მოემსახურება. ასევე, რა თქმა უნდა, ყველა ამბობს, რომ ეს პარტია ხალხისთვის იქმნება. ამიტომ განაცხადის დონეზე ბევრი რამ უკვე ნაცნობი იყო. თუმცა, არც ის უნდა მოვითხოვოთ, რომ ისეთი რამ თქვან, რაც ჯერ არცერთ პარტიას არ უთქვამს. ასეთი რამ თითქმის არ არსებობს.

დროთა განმავლობაში მათ განაცხადებში ბევრი რამ დასაზუსტებელი იქნება, მაგალითად, ის პირობები, რასაც პარტია დებს. დღეს არსებული პარტიებიდან გამომდინარე, ამის გამოცდილება გვაქვს. სასურველია, რომ პარტიამ თქვას არა მარტო ის, თუ რისკენ მიისწრაფვის, არამედ ისიც, თუ როგორ მიაღწევს იმას, რისკენაც მიისწრაფვის. ისეთი განსხვავებული გზები, რომელიც დამაჯერებლად გახდიდა იმას, რომ ეს პარტია მიზანს მიაღწევს, ვიდრე დანარჩენი პარტიები, ასეთი რამ ყრილობაზე არ თქმულა.

"მ.კ.": კორცხელის ინციდენტის შესახებ მინდა გკითხოთ. ამ ფაქტის გათვალისწინებით, თქვენი აზრით, როგორ არჩევნებს მივიღებთ ოქტომბერში?

რ.ს.: კორცხელში მომხდარი ინციდენტი ალბათ ერთ-ერთი ის მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება, რომელიც სამომავლო არჩევნებზე გარკვეულ გავლენას იქონიებს.

ამ ინციდენტმა ბევრი რამ ცხადი გახადა. ცხადი გახდა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" აქტიურ ბრძოლას გააგრძელებს. ასევე ცხადი გახდა, რომ შეიძლება "ქართულმა ოცნებამ" ადეკვატური ნაბიჯების გადადგმა ვერ მოახერხოს ამ ბრძოლაში. ვნახეთ, რომ "ოცნება" შექმნილ ინციდენტს მოუმზადებელი შეხვდა. ეს ყველაფერი მიუთითებს იმას, რომ პრაქტიკულად 2016 წლის არჩევნებში, შესაძლოა, აღმოვჩნდეთ იგივე ალტერნატივის წინაშე, რის წინაშეც 2012-ში ვიყავით.

2012 წელს მოქმედებდა ის ფაქტორი, რომ ხალხს მიაჩნდა, რომ ივანიშვილის გუნდი პრობლემებს მოაგვარებდა, ამ გუნდთან დაკავშირებით ოპტიმიზი იყო. დღეს ალბათ ხალხი უნდა მიხვდეს, რომ მომავალში როგორ საქართველოში იცხოვრებენ, ეს ხალხის საქმეა და მათი გადასაწყვეტია. ამ მიმართულებით ბრძოლა არ დამთავრებულა, შეიძლება ითქვას, ახლა იწყება. ეს თვალსაჩინოდ გამოჩნდა კორცხელის ინციდენტში.

"მ.კ.": ანუ დაპირისპირება კიდევაა მოსალოდნელი?

რ.ს.: დაპირისპირება, რა თქმა უნდა, იქნება და უნდა იყოს კიდეც, ეს პოლიტიკაა და არა კეთილშობილ ქალთა ინსტიტუტი. დაპირისპირება უნდა იყოს. ყველა მოქალაქე ვადდებულია გააცნობიეროს, რომ მისი პასუხისმგებლობაა, უახლოესი პერიოდის საქართველო სად და როგორ იცხოვრებს.

"მ.კ.": "ნაციონალური მოძრაობა" ითხოვს, რომ კორცხელის ინციდენტში მონაწილე სპორტსმენები დაისაჯონ. ხელისუფლებამ კი საპასუხოდ ახალი კანონპროექტი შეიმუშავა, საარჩევნო პროცესის დროს დაპირისპირებისას მონაწილეს 2-4 წლით პატიმრობა ემუქრება. რამდენად სწორი და ადეკვატურია ხელისუფლების ეს ნაბიჯი?

რ.ს.: რა თქმა უნდა, სწორი კითხვაა, როდესაც იკითხეთ, რამდენად ადეკვატური იყო. სხვათა შორის, ის, რომ ხელისუფლებას ამ ინციდენტის მიმართულებით ადეკვატური ნაბიჯების გადადგმა უჭირს, ჩემი აზრით, ირიბად მიუთითებს იმაზე, რომ მას ინციდენტი არ დაუგეგმავს, თუმცა, ინციდენტში შესაძლოა მისი მომხრეები მონაწილეობდნენ და ნაბიჯის გადადგმა ამიტომაც უჭირს.

მიუხედავად ყველაფრისა, ერთი რამ ცხადია - ამ პირობებში ხელისუფლება მომზადებული არ აღმოჩნდა, რომ ინციდენტზე ადეკვატური რეაქცია ჰქონოდა.

თუ უნდა, რომ მომავალში გაამკაცროს, ეს ისეთი სფეროა, რომ სიმკაცრე არ აწყენს, მაგრამ დღევანდელი პრობლემა მომავლის გამკაცრება არ არის. დღევანდელმა ხელისუფლებამ ჯერ დღევანდელ პრობლემაზე უნდა გასცეს პასუხი.

ვინმემ შეცდომა თუ დაუშვა, მათ შორის ხელისუფლების მხრიდან, უნდა დაისაჯოს, თუ არადა, ძალიან ძნელი იქნება მოსახლეობის დარწმუნება იმაში, რომ ამ ინციდენტს ხელისუფლების მხრიდან მხარდაჭერა არ ჰქონდა, რაც წამგებიანი იქნება უპირველესად ხელისუფლებისთვის.

"მ.კ.": იმის გამო, რომ ხელისულებამ არავინ არ დააპატიმრა ამ ინციდენტის გამო, "ნაციონალურმა მოძრაობამ" საპარლამენტო საქმიანობას ბოიკოტი გამოუცხადა. ეს ბოიკოტი პარტიას რას მოუტანს?

რ.ს.: რომელიმე ბოიკოტს რამე მოუტანია, რომ ამ ბოიკოტმა მოუტანოთ?! არ მგონია, რომ ეს ბოიკოტი პირდაპირ შედეგზე იყოს ორიენტირებული. "ნაციონალური მოძრაობა" გამოცდილი პოლიტიკური პარტიაა და ასე გულუბრყვილოდ ბოიკოტის ეფექტურობის ალბათ არ სჯერათ.

თუმცა, ირიბად იმას მოუტანს, რომ ამა თუ იმ ასპარეზზე მათ ექნებათ გამუდმებით ამ საკითხით სპეკულირების საბაბი და აქცენტს ბოიკოტზე გააკეთებენ. ეს ბოიკოტი უფრო საგარეო მოხმარების საგანია, ვიდრე საშინაო არენაზე რაიმეს მოტანისა.

"მ.კ.": კორცხელში "ნაციონალურ მოძრაობასა" და "ქართულ ოცნებას" შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ბურჭულაძის პარტია პოლიტიკურ ასპარეზზე გამოვიდა. ამ ყველაფრის შედეგად, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის როგორ სურათს მივიღებთ?

რ.ს.: რა თქმა უნდა, ჯერ ძალიან ადრეა იმისათვის, რომ რაიმე პროგნოზი გააკეთო, თანაც ძალიან დინამიკური პოლიტიკური ცხოვრება გვაქვს და ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს. ამ ეტაპზე მე მაინც გავთავხედდები და მცირე პროგნოზს გავაკეთებ, საინტერესოა, შემდეგ გამართლდება თუ არა.

მგონია, რომ ბურჭულაძის პარტიას რეალური შანსი აქვს იმისა, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" მთავარი ოპოზიციური პარტიის სტატუსი წაართვას.

რაც შეეხება იმას, რაც ბურჭულაძემ განაცხადა, რომ ისინი მიზნად ისახავენ ხელისუფლებაში მოსვლას, ეს სავსებით ბუნებრივია. ბრძოლას ნებისმიერი პარტია, რა თქმა უნდა, ასეთი განცხადებით უნდა შეუდგეს. უბრალოდ მეჩვენება, რომ პარტიას ცოტა გამოცდილება აკლია საიმისოდ, რომ მან უმაღლესი შედეგები აჩვენოს ამ პირველსავე შერკინებაში.

ამიტომ მგონია, რომ პარტია კმაყოფილი უნდა დარჩეს იმით, რომ მან მიიღოს წამყვანი ოპოზიციური ძალის სტატუსი და გამოცდილება უკვე მომავალ პოლიტიკურ საქმიანობაში დააგროვოს, მაგრამ იქნება თუ არა ეს ასე, ამას მომავალი გვიჩვენებს.

საინტერესოა სამომავლო რამდენიმე შტრიხი. კერძოდ, თუ გახსოვთ, მიხეილ მაჭავარიანმა თქვა ადრე, რომ ჩვენ თანახმა ვიქნებით ბურჭულაძის პარტიასთან თანამშრომლობაზეო, მაგრამ ბურჭულაძის მხრიდან ამაზე რეაქცია არ იყო.

ახლა საინტერესოა, როგორი იქნება "ნაციონალებისა" და ბურჭულაძის პარტიის ურთიერთობა. თუკი პარტიულ განაცხადებს დავუჯერებთ, ისინი უფრო მეტად არიან კონკურენტები, ვიდრე "ქართული ოცნება" და ბურჭულაძის პარტია. ანუ, ორივე ეს გუნდი - "ნაციონალებიცა " და ბუჭულაძის პარტიაც ალბათ სწორედ იმისთვის იბრძოლებს, რომ პარლამენტში ოპოზიციურ სპექტრში წამყვანი პოზიციები დაიკავონ. საინტერესოა, აღიქვამს თუ არა ეს ორი პარტია ერთმანეთს კონკურენტებად.

"მ.კ.": როგორ ფიქრობთ, აქვს თუ არა ხელისუფლებას რაიმე ბერკეტი იმისათვის, რომ ხურჩაში მომხდარ მკვლელობაში დამნაშავე დასაჯოს?

რ.ს.: საინტერესო ფრაზამ გაიელვა ზაქარეიშვილის კომენტარში, რომ არ არის გამორიცხული, აფხაზურმა მხარემ სცადოს და მკვლელი დასაჯოს, ამის ნიშნები არისო, თუმცა აღარ დაუზუსტებია, რა ნიშნებია.

თუ არსებობს რაღაც კონტაქტი ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის, ალბათ ეს ერთადერთი რესურსია ისეთი, რომელმაც შეიძლება რაიმე შედეგი მოიტანოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალისმიერი მეთოდით აფხაზურ და მითუმეტეს რუსულ მხარესთან პრაქტიკულად რაიმეს მოგვარების იმედი ალბათ არ უნდა გვქონდეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×