სოსო ცისკარიშვილი თვლის, რომ საზოგადოებისთვის საინტერესო არც ერთი თემა წერილში გაჟღერებული არ არის
ლიკა ამირაშვილი
31.05.2016

 "ნაციონალური მოძრაობა", როგორც პოლიტიკური სუბიექტი, ავტორის მიერ მონელებული არ არის და პრაქტიკულად შეფასებები 5 წლის წინანდელისგან არის მოწოდებული," - ასე აფასებს ბიძინა ივანიშვილის წერილს "რეზონანსთან" საუბრისას ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტი სოსო ცისკარიშვილი.

მისი თქმით, წერილში ყურადღება არ იყო გამახვილებული ისეთ საკითხებზე, რაზეც საზოგადოების ინტერესი დიდია.

სოსო ცისკარიშვილი: ტექსტის კითხვისას უპირველესი გრძობა გახლავთ იგივე, რაც 4-5 წლის წინ იყო. ამჯერადაც "ნაციონალური მოძრაობა", როგორც პოლიტიკური სუბიექტი, ავტორის მიერ მონელებული არ არის და პრაქტიკულად შეფასებები 5 წლის წინანდელი შეფასებებისგან არის მოწოდებული, რაც მიმანიშნებელია იმაზე, რომ ამ 4 წლის განმავლობაში მაინცდამაინც თვალსაჩინოდ წინსვლა ჩვენს სახელმწიფოს არ ჰქონია.

ეკონომიკური მონაცემები, რომელიც დახუნძლულია ციფრებით, როგორც ჩანს, ერთეულებისთვისაა გათვლილი და არა ფართო მკითხველისთვის, ვისაც არ აქვს შესაძლებლობა ციფრების გადამოწმებისა, ან ნეიტრალური შეფასებებისა.

წერილი მთლიანად ლიტერატურული კუთხით კარგად არის დაწერილი და ქვესათაურებიც კონკრეტულია, სხვადასხვა თემა ერთმანეთში არ ირევა. იმდენი ლირიკული თემაა გაჟღერებული და სწორედ ლიტერატურული ფრაზეოლოგიით შელამაზებული, რომ რასაკვირველია მკითხველისთვის ალბათ მოულოდნელია ასეთი ფართო ერუდიციის მოშველიება.

ბატონი ბიძინა ნამდვილად ნაკითხი ადამიანია და მისი წიგნებისკენ ლტოლვა ჩემთვის ცნობილია, თუმცა თავად კონკრეტიკა 5 და 10 წლის წინანდელ პრობლემატიკას ეფუძნება და ნაკლებად დღევანდელს. ფაქტობრივად, არცერთი საზოგადოებაში არსებული ინტერესის მქონე თემა ამ შემოქმედებით დახუნძლულ წერილში გაჟღერებული არ არის.

ვნახოთ, როგორი იქნება ბატონი ბიძინას სატელევიზიო ინტერვიუ, რომლითაც იგი გვაფრთხილებს, 2 ივნისს სხვა არაფერი დაგეგმოთო. თავგადაკლული ბიძინელები ამ ტექსტს ალბათ საკუთარ პოლიტიკურ ბიბლიას შეადარებენ.

"რეზონანსი": თქვენ ახსენეთ, რომ წერილში არ იყო გაჟღერებული არცერთი საზოგადოებისთვის აქტუალური საკითხი. რას გულისხმობთ?

ს.ც: სულ ცოტა ნახევარი წლის განმავლობაში დილა არ თენდება, რომ რამე ახალი შფოთი არ მოუტანოს ქვეყანას. ეს შფოთი, როგორი წარმოშობისაც უნდა იყოს, მთელი მედიასივრცის მიერ მუდმივად ატაცებულია და ხშირად კრიტიკის ადრესატი თავად ივანიშვილია.

ყველაფრის "ნაციონალურ მოძრაობაზე" გადაბრალება, შესაძლოა, ნაცადი თავშესაფარია, მაგრამ როდესაც ბატონ ბიძინას აქვს სურვილი და გამბედაობა, რომ სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობაში დაგვარწმუნოს, აქ ალბათ რამე სახის კომენტარი უნდა შევაჩეროთ.

ვგულისხმობ თუნდაც "რუსთავი 2"-ის საქმეს. ასევე იმ პროცესს, რომელიც უდანაშაულო სამხედრო პირთა მიმართ არის დიდი რწმუნებით პოლიტიკური და არასამართლებრივი ქმედება.

ცხადია, უმჯობესი იქნებოდა მისი შეფასების მოსმენა ამ საკითხზე, რადგან ის დრო აღარ არის, როდესაც მისი პრემიერობის დროს იმდროინდელ უსამართლობას თავს მარტივად არიდებდა, რასაც მაშინ "ტრაქტორების საქმე" ერქვა.

იგი გვარწმუნებდა, რომ მას არანაირი კომუნიკაცია არც პროკურატურასთან არ ჰქონდა და მის საქმიანობაში არასდროს ჩაერევა. თუმცა მოვლენები როგორც განვითარდა, იგივე ქმედებებაა "კაბელების საქმეშიც".

არც იმაზე გაგვიგია მისი შეფასება, თუ რა დამოკიდებულება აქვს სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებზე და იქ მომხდარ ინციდენტზე. ასევე არ შეუფასებია ამერიკის მაღალჩინოსნების მხრიდან გამოთქმული კრიტიკა, როდესაც ისინი მისი ფინანსების დაყადაღებას ითხოვდნენ.

როდესაც ასეთი ძალაუფლების მქონე პირი ამ საკითხებზე შეფასებებს არ აკეთებს, რასაკვირველია, რჩება შთაბეჭდილება, რომ მას უბრალოდ არ სურს საუბარი იმ თემებზე, რომელიც საზოგადოებისთვის აქტუალურია.

"რ": წერილის ერთი ნაწილი ეთმობოდა მის როლს მომავალ არჩევნებში.

ს.ც: რასაკვირველია რიგითი მოქალაქე ივანიშვილი საზოგადოებას სრულიად კანონიერად საკუთარი შეხედულებების საფუძველზე შედგენილ პროგრამას წარუდგენს, რომელსაც ჰქვია "ხშირი გამოსვლა ტელეეკრანზე", რასაც იგი უკანასკნელი წლების განმავლობაში ერიდებოდა.

ცხადია, ვიღაცისთვის ეს ყველაფერი იქნება დამაჯერებელი, ვიღაცისთვის კი არ მგონია, 2012 წლის საარჩევნო კამპანიისგან დიდი განსხვავება იყოს. ვეჭვობ, რომ ამომრჩევლების მუხტი არ იქნება ისეთი მოტივირებული, როგორც 4 წლის წინ იყო.

"რ": ხელისუფლებაში მოსვლის დროს იგი გვპირდებოდა, რომ ყოველი მომდევნო წელი იქნებოდა უკეთესი, მეოთხე წელი კი განსაკუთრებით კარგი. ახლა იგი წერს, რომ საქართველოში ოქროს ხანა 2030 წელს დადგება....

ს.ც: ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე საკუთარ შეფასებებში თავისუფალია. თავად გადაწყვიტოს, არის თუ არა იგი წელს ყველაზე ბედნიერი საკუთარი ცხოვრების მანძილზე, როგორი მოლოდინიც იყო.

არ მგონია, რომ ზოგიერთი მოქალაქისგან ბატონ ბიძინას ფრაზა შეუმჩნეველი დარჩენილიყო - "ვფიქრობ, ცხოვრებისეული გამოცდილების შედეგად მაქვს მოვლენების მართებული ანალიზის უნარი", თუ ეს უნარი მას ნამდვილად გააჩნია.

დაველოდოთ, იქნება თუ არა თავად კმაყოფილი მეოთხე წელიწადით, რომელსაც ასეთი დიდი მოლოდინის რეჟიმში გვპირდებოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×