ნინო ქეთელაური
31.05.2016

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი წინასაარჩევნო პერიოდში, ყველა რეგიონში ჩასვლას და ტელევიზიით გამოსვლებს გეგმავს - ამის შესახებ ის ღია წერილში საუბრობს.

მისივე განმარტებით, მომავალ არჩევნებთან დაკავშირებით არანაირი პირადული გეგმები ან მიზნები არ გააჩნია და არც პოლიტიკაში მოსვლას აპირებს. მისი თქმით, ის მოსახლეობას გააცნობს საკუთარ ხედვას, თუ რატომ უნდა დაუჭირონ მხარი "ქართულ ოცნებას".

როგორ ფიქრობთ, ბიძინა ივანიშვილის წინასაარჩევნო კამპანიაში ჩაბმა გავლენას იქონიებს თუ არა "ქართული ოცნების" რეიტინგზე? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 ირმა სოხაძე  (მომღერალი): "მე ვფიქრობ, "ოცნების" რეიტინგზე დადებითად აისახება. იმიტომ, რომ ჯერ ერთი, ყველაფერი გაცხადებული და პირდაპირ ნათქვამი ჯობია და მეორეც, აღარ იქნება საყვედურები, რომ - აი, ბიძინა არ ჩანს და მაინც გავლენა აქვს პოლიტიკაზე. ცხადია, რომ აქვს გავლენა და არამარტო "ოცნებაზე", არამედ, ზოგადად, საქართველოს აწმყოზე და იმ მდგომარეობაზე, რომელშიც ვართ.

ეს მდგომარეობა რომ იმაზე უკეთესია, ვიდრე იყო, ამაზეც ნუ ვიდავებთ. აქედან გამომდინარე, კარგია, რომ ის ღიად აპირებს ამ პროცესში ჩართვას და ადამიანებთან კონტაქტით უნდა თავისი მესიჯები გააგზავნოს. მე უფრო სურვილი მექნება, რომ არჩევნების მერეც აქტიურად დარჩეს ჩვენს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, უფრო ღიად და ქმედითად."

 სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი): "ვფიქრობ, "ქართული ოცნების" რეიტინგზე აისახება დადებითად. რამდენიც უნდა ვთქვათ, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის პოლიტიკის გარეთ, ეს ასე არ არის და საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ახდენდა, ახდენს და მომავალშიც მოახდენს გავლენას."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×