ბიძინა ივანიშვილმა დაანონსებული ღია წერილი გამოაქვეყნა. საკმაოდ ვრცელ მიმართვაში იგი წარსულზეც საუბრობს, აწმყოზეც და მომავლის ხედვასაც გვაცნობს.
პოლიტოლოგები მიმართვას სხვადასხვანაირად აფასებენ. ნაწილი მას იწონებს და ფიქრობს, რომ კარგად გააზრებული, მოზომილი და ტაქტიანია, სწორად დასმული აქცენტებით. მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ მიმართვა ზოგად ხასიათს ატარებს და უკეთესი იქნებოდა, მასში მეტი კონკრეტიკა და ანალიზი ყოფილიყო.
წერილის გამოქვეყნება ბიძინა ივანიშვილმა დაახლოებით 2 კვირის წინ "ქართული ოცნების ყრილობაზე დააანონსა. იგი ქვეთავებადაა დაყოფილი და იწყება ქვეთავით "სად ვიყავით", რომელშიც "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდია აღწერილი. ყურადღება იმ ნეგატივზეა გამახვილებული, რომელიც ყოფილი პრემიერის აზრით, ქვეყანაში 2003-2012 წლებში სუფევდა.
"ერთ დიდ ციხედ გადაქცეული მთელი ქვეყანა, ასეულობით ათასი პატიმარი და პრობაციონერი იმას ნიშნავდა, რომ ლამის მთელი მოსახლეობა პატიმრების ჭირისუფლად იყო ქცეული და ციხის კარს შეჰყურებდა. ტოტალური მოსმენები, თვალთვალი, ფარული გადაღებები, დასმენა და შანტაჟი ჩვეულებრივ მოვლენად აღიქმებოდა. ხელისუფლება სრულად აკონტროლებდა მედიას და ისიც ამბობდა და აჩვენებდა მხოლოდ იმას, რასაც კარნახობდნენ.
"ქვეყანას მძიმე ტვირთად აწვა ელიტური კორუფცია, ერთ პატარა ჯგუფს ყველაფრის უფლება ჰქონდა, დანარჩენს - არაფრის. ადამიანები დაშლილ ტელეფონებს მალავდნენ და საკუთარ ოჯახებშიც კი ჩურჩულით საუბრობდნენ. ვისაც ხელისუფლების მიმართ კრიტიკულ დამოკიდებულებას შეატყობდნენ, სამსახურებიდან აგდებდნენ, ქონებას ართმევდნენ, ცემდნენ, აპატიმრებდნენ, ციხეში სასტიკად აწამებდნენ და თუ საჭიროდ მიიჩნევდნენ, კლავდნენ კიდეც!" - ვკითხულობთ წერილში.შემდეგ ქვეთავს კი "სად ვართ" ეწოდება და მასში ძირითადად "ქართული ოცნების" მიღწევებია აღწერილი. როგორც ივანიშვილი წერს, მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილმა ყველა აკრძალული ხერხი გამოიყენა, "ოცნების" გუნდი კალაპოტიდან მაინც ვერ ამოაგდო, ვერცერთ პროვოკაციაზე ვერ წამოაგო და წინასაარჩევნო პროცესი მთლიანად მათი სცენარით წარიმართა.
"მიუხედავად კრიტიკული განწყობებისა, ხელისუფლებამ მიიღო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება და სასამართლო სახელისუფლო წნეხისგან გაათავისუფლა. შეიძლება, არ მოგვწონდეს ზოგიერთი გადაწყვეტილება, ან ესა თუ ის მოსამართლე, მაგრამ, მთავარია, რომ დღეს სასამართლო დამოუკიდებელია.
"მოვახდინეთ პოლიციის დეპოლიტიზაცია და მას ვეღარავინ გამოიყენებს პოლიტიკურ ოპონენტებთან ანგარიშსწორებისთვის; გავაუქმეთ სოდი და კუდი, რომლებიც მოქალაქეების დაშანტაჟებით და ბიზნესების წართმევით იყვნენ დაკავებულები. სახელმწიფო უშიშროების სამსახური ჩამოვაშორეთ შსს-ს. მედია სრულად გათავისუფლდა ხელისუფლების კონტროლისგან.
"თვალსაჩინო ფაქტია, რომ საქართველოში არასდროს ყოფილა ამდენი ტელევიზია, რამდენიც დღეს არის და, სხვათა შორის, ვერც იმას გაიხსენებს ვინმე, რომ მთავრობის მისამართით ასეთი დაუნდობელი კრიტიკა და ლანძღვა მოესმინოს; თანაც, პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, მთავრობას საკუთარი ტელევიზია არ გააჩნია.
"ბიზნესმა მოიშორა სახელისუფლო წნეხი. ყველაზე კრიტიკული მედიაც კი ვერ საუბრობს ბიზნესის შევიწროებაზე", - წერია წერილში.
ცალკე ქვეთავი აქვს დათმობილი 2012 წლის შემდგომ მიღწეულ ეკონომიკურ წარმატებებს და ნათქვამია, რომ საქართველო უკვე ბევრ კომპონენტშია რეგიონის ლიდერი, რაც მანამდე არასოდეს მომხდარა.
საყურადღებოა ივანიშვილის მოსაზრება საგარეო კურსზე, რომელსაც წერილში ასევე საკმაოდ ვრცელი ადგილი აქვს დათმობილი. იგი წერს, რომ ევროკავშირში საქართველოს მიღების საკითხი უახლოეს დღის წესრიგში არ დგას და ეს კარგად უნდა გვესმოდეს.
ასევე, გარკვეული ლოდინი დაგვჭირდება, ვიდრე ნატოს წევრები გავხდებით, რადგან ეს რთული გეოპოლიტიკური პროცესის ნაწილია და მხოლოდ ჩვენს სურვილსა და მზადყოფნაზე არ არის დამოკიდებული. თუმცა, აქვე დასძენს, რომ ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა იქცეს სპეკულირების და, მითუმეტეს, იმედგაცრუების საბაბად.
"საქართველოს საგარეო კურსი და ორიენტირი ერთმნიშვნელოვნად არის ევროატლანტიკური მიმართულება! ჩვენ მოთმინებით დაველოდებით ხელსაყრელ დროს, მზად ვიქნებით და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში შევალთ მაშინვე, როგორც კი ჩვენი მეგობრები და პარტნიორები კარის გაღებას შეძლებენ", - ნათქვამია ღია წერილში.
პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ ხალხში ამ წერილისადმი საკმაოდ დიდი მოლოდინი იყო. საზოგადოება ელოდა, თუ როგორ შეაფასებდა პარტიის რეალური ლიდერი წარსულს, აწმყოს ან მომავალს. იყო მოლოდინი, რომ ის ყველა იმ ძირითად პრობლემას უნდა შეხებოდა, რაც ქვეყანაში არსებობს.
მისივე თქმით, თავადაც ელოდებოდა, რომ იქ იქნებოდა ღრმა ანალიზი იმისა, თუ რა პოლიტიკური პროცესები განვითარდა ქვეყანაში ამ წლების განმავლობაში. თუმცა, სიდიდის მიუხედავად, წერილი უფრო მიმოხილვითი ხასიათისაა, ვიდრე ანალიტიკური.
"საუბარია იმაზე, თუ რა მოხდა წარსულში, მაგრამ რა იქნება მომავალში, ამაზე გარდა ზოგადი ლოზუნგებისა, მნიშვნელოვანი არაფერი წერია. ესაა პირველი შთაბეჭდილება, რაც ამ წერილის გაცნობისას დამეუფლა. ვისურვებდი, რომ იგი უფრო კონკრეტული და ანალიტიკური ყოფილიყო. განსაკუთრებით "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდზე", - დასძენს ძაბირაძე.
"რეზონანსთან" ინტერვიუში იგი იმასაც ამბობს, რომ წერილში ყურადღება მაინც წინა ხელისუფლებაზე იყო გამახვილებული. ამ წერილის მთელი პათოსი ერთი ფრაზით რომ შევაჯამოთ, ძაბირაძის აზრით, შეიძლება ითქვას, რომ ივანიშვილი მოსახლეობას აფრთხილებს - თუ არჩევნებში მხარს "ქართულ ოცნებას" არ დაუჭერს, "ნაციონალური მოძრაობა" მობრუნდება. ამ წერილის მთელი ლაიტმოტივი, მისი თქმით, ეს იყო.
"ნაციონალური მოძრაობა" ამ წერილით არ გაგვიცნია და იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ თუკი ხელისუფლებაში დაბრუნდნენ, იმაზე უარესი თუ არა, უკეთესები ვერ იქნებიან, რაც 2003-2012 წლებში იყვნენ. ივანიშვილს ამაში ვეთანხმები, მაგრამ რატომ უნდა მივცეთ ხმა "ქართულ ოცნებას", გარდა იმისა, რომ "ნაციონალები" არ დავაბრუნოთ, ცოტა გაუგებარია.
"ჩემი აზრით, წერილის ძირითად ნაწილში აქცენტირება სწორედ იმაზე უნდა ყოფილიყო - თუ რატომ უნდა დავუჭიროთ მხარი "ქართულ ოცნებას". თუმცა, როგორც ჩანს, წერილის ავტორი თავადაც ხვდება, რომ ყველა კითხვას, რბილად რომ ვთქვათ, პასუხი ვერ გასცა და ამიტომ რამდენიმე დღეში სატელევიზიო ინტერვიუ დააანონსა. ძირითადს კი მაინც სექტემბერში დაგვპირდა. იმედია, სექტემბერში უფრო საფუძვლიანი მიმოხილვა ექნება, როგორც წარსულის, ისე აწმყოსი და მომავლის", - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.
წინა რესპონდენტისგან განსხვავებით, წერილს დადებითად აფასებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე. ამბობს, რომ იგი "ლოზუნგებიანი" არაა.
"მოგეხსენებათ, არც ისე ახალგაზრდა ვარ და დამოუკიდებელ საქართველოს რაც კი პოლიტიკოსი მოსწრებია, ყველას მოვესწარი. შეიძლება ითქვას, რომ ეს წერილი ამ დიდი ხნის განმავლობაში ერთ-ერთი საუკეთესო დოკუმენტია და სწორი პოლიტიკური რიტორიკაა შემოთავაზებული, როგორც ინტონაციის, ტაქტის, ისე გააზრებისა თუ სხვა თვალსაზრისით. ერთ-ერთი საუკეთესო ენაზე შესრულებული წერილია.
"საქართველოში პოლიტიკოსები ხშირად ლოზუნგებით ლაპარაკობენ - დემოკრატია კარგია, ავტორიტარიზმი კი ცუდი. აქაც შეიძლებოდა იგივეს თქმა, მაგრამ ავტორმა ეს გზა არ აირჩია და წერილის ნახევარი იმის ახსნას დაუთმო, თუ რატომაა საქართველოში დემოკრატია აუცილებელი. რომ გზაჯვარედინზე მცხოვრები ხალხი ისტორიულად ჩამოყალიბდა როგორც ტოლერანტი, როგორც შინაგანად დემოკრატი და თავისუფლების მოყვარე.
"ავტორიტარიზმი კი ამ ისტორიულ ხასიათსა და ისტორიულ კოდს (რომელიც წერილში ნახსენები აქვს) ჩაახშობს. რისი დაშვებაც არ შეიძლება. ეს თითქმის ფილოსოფიური არგუმენტებით დასაბუთებაა იმისა, თუ რატომ უნდა ვიყოთ დემოკრატები და თვალი რკინის ხელებისაკენ არ გაგვექცეს, ძალიან მომეწონა და ამიტომაც ვთვლი, რომ ეს ერთ-ერთი საუკეთესი დოკუმენტია", - აცხადებს საყვარელიძე.
იგი ვაჟკაცურს უწოდებს ივანიშვილის საქციელს იმასთან დაკავშირებით, რომ ნატოსა და ევროკავშირში შესვლაზე ხმამაღალ დაპირებებს არ იძლევა და პირდაპირ ამბობს, რომ ეს უახლოეს მომავალში არ მოხდება.
საყვარელიძის თქმით, როგორც წესი, პოლიტიკოსებს სიმართლის თქმის ძალიან ეშინიათ. ფიქრობენ, რომ ხალხი არასწორედ გაუგებს. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მიღებული პოლიტიკური გამოცდილებით კი, პოლიტოლოგის აზრით, ბიძინა ივანიშვილი მიხვდა, რომ ხალხს არარეალისტური მოლოდინი არ უნდა შეუქმნას - ჯობია უთხრა, თუ როგორი მდგომარეობაა რეალურად და მოლოდინიც რეალური იყოს, რომლითაც ხალხი მომავალს შეხვდება.
"ეს პრინციპი ჩანს ამ განაცხადით და ამას მივესალმები", - აღნიშნავს რამაზ საყვარელიძე.