ელზა წიკლაური
01.06.2016

 თურქეთი ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის დაჩქარებას გეგმავს. აზერბაიჯანში კი ვარაუდობენ, რომ რკინიგზა ექსპლოატაციაში უკვე წლის ბოლოს შევა. საქართველოს მონაკვეთზე კი მშენებლობა დასრულების სტადიაზეა.

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის პროექტის განხორციელება 2007 წელს დაიწყო, მშენებლობა კი - 2008 წელს. რკინიგზა აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთის საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე შენდება. მაგისტრალმა პირველ ეტაპზე 1 მილიონი მგზავრის გადაყვანა და 5 მილიონი ტვირთის გატარება უნდა შეძლოს, რაც მოგვიანებით 17 მილიონ ტონამდე გაიზრდება.

პროექტის საერთო სიგრძე 826 კილომეტრს შეადგენს. წინასწარი პროგნოზით, მას შემდეგ, რაც სარკინიგზო ხაზი ექსპლოატაციაში შევა, იგი მნიშნელოვნად გაზრდის ვაჭრობის მოცულობას ქვეყნებს შორის.

როგორც ცნობილია, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზას "ახალი აბრეშუმის გზას" უწოდებენ და მისი დატვირთვისთვის აზერბაიჯანულ-თურქული მხარე პოტენციურ გადამზიდავ ქვეყნებთან უკვე მნიშვნელოვან ხელშეკრულებებსაც აფორმებს.

როგორც "ტრენდ.აზ"-ი წერს, 2015 წლის იანვარში ბაქოში მიღწეული იქნა შეთანხმება, რომელიც ახალი სატრანსპორტო კორიდორის: ჩინეთი-ყაზახეთი-აზერბაიჯანი-საქართველოს ამოქმედებას ითვალისწინებს. შეთანხმდა მხარეებისათვის ხელსაყრელი სატარიფო პოლიტიკა, განისაზღვრა ზუსტი მარშრუტი.

აღნიშნული პროექტის მიხედვით, ჩინეთიდან წამოსული ტვირთი ჟესკაზგან - ბეინეის სარკინიგზო მაგისტრალისა და ყაზახეთის საპორტო ქალაქ აკტაუს გავლით ბაქოს პორტში ჩამოიტვირთება. იქიდან კი, ყარსი-ახალქალაქის სარკინიგზო მაგისტრალის მეშვეობით, ევროპისაკენ დაიძვრება. 2020 წლისათვის ამ მარშრუტით დაახლოებით 300-400 ათასი კონტეინერის გადაზიდვა იგეგმება.

ცნობილია, რომ ჩინეთი კასპიის ზღვის გავლით, ყაზახეთიდან აზერბაიჯანში ხიდის მშენებლობას გეგმავს. გრანდიოზული ნაგებობის მშენებლობა შეიძლება უახლოეს მომავალში დაიწყოს. პროექტის დეტალებზე ამ ეტაპზე ინფორმაცია არ ვრცელდება.

გარდა ამისა, ორიოდე დღის წინ აზერბაიჯანმა და თურქეთმა დეკლარაცია თურქმენეთთანაც გააფორმეს. უახლოეს პერიოდში სამმხრივი სპეციალური კომისიაც შეიქმნება. ამ ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ავღანეთი-თურქმენეთი-აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სატრანსპორტო დერეფნის შექმნასაც კი აქტიურად განიხილავენ.

აქედან გამომდინარე, თურქეთი ყველანაირად ეცდება, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობა არ შეჩერდეს და წლის ბოლომდე ყველაფერი დასრულდეს, თუმცა, რაც დრო გადის, ყველაფერი საეჭვო ხდება. რკინიგზის მონაკვეთი აქამდე უნდა გახსნილიყო, მაგრამ სამშენებლო სამუშაო ხან თურქეთში ფერხდებოდა, ხან აზერბაიჯანში. ახლა კი როგორც ანკარაში, ასევე ბაქოში ირწმუნებიან, რომ მშენებლობა დაჩქარდება და რკინიგზა წლის ბოლომდე ამოქმედდება.

როგორც თურქეთის ტრანსპორტის, ნაოსნობისა და კომუნიკაციების მინისტრმა აჰმეტ არსლანმა განაცხადა, ქვეყანა დააჩქარებს ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობას. "პროექტი მნიშვნელოვანია თურქეთისა და მთლიანად რეგიონისთვის. ბაქო-თბილისი-ყარსის მაგისტრალი უზრუნველყოფს ყარსის პროვინციის გადაქცევას თურქეთის სავაჭრო ცენტრად", - განაცხადა არსლანმა.

"ამ დროისთვის სამუშაოები დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს. მინდა აღვნიშნო მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომ პროექტი რთულ რელიეფურ ტერიტორიაზე ხორციელდება", - აღნიშნა აზერბაიჯანის ტრანსპორტის მინისტრმა ზია მამედოვმა.

რკინიგზის ხაზის მშენებლობის დაჩქარებაზე ბაქოსა და ანკარაში განცხადება აქამდეც რამდენჯერმე გაკეთდა, ექსპლოატაციის ვადაც სახელდებოდა, თუმცა მშენებლობა მაინც დროში გაიწელა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×