თიკო ოსმანოვა
01.06.2016

"ვემხრობი, რომ "რუსთავი 2" დარჩეს ისეთად, როგორიც არის. მისი დირექტორი ნიკა გვარამია არავითარ საშიშროებას ჩვენთვის არ წარმოადგენს," - ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკშვილმა სააპელაციო სასამართლოში "რუსთავი 2"-ის პროცესის კომენტირებისას გააკეთა.

"წარმოადგენს თუ არა "რუსთავი 2" საშიშროებას ხელისუფლებისთვის?" ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 ნუგზარ კვაშალი (მომღერალი): საერთოდ სიტყვა, ეს იქნება თავისუფალი სიტყვა თუ არათავისუფალი, ყოველთვის წარმოადგენს ამა თუ იმ მთავრობისთვის საშიშროებას. გავიხსენოთ თუნდაც 2007 წელს "იმედში" შეჭრა. როგორც 8 მთავრობა გამოვლილი, გეტყვით, რომ ყოველთვის ასე იყო, ხელისუფლებას როგორც აწყობს, იმას თუ არ ლაპარაკობს ესა თუ ის მედია, ის ხდება ზეწოლის მსხვერპლი. სხვათაშორის ამბობენ, ამერიკაშიც და ევროპის ქვეყნებშიც ასე ხდებაო.

"რუსთავი 2" არის ძალიან ძლიერი ტელეკომპანია და, რა თქმა უნდა, იქნება ზეწოლაც და პირადი ინტერესების დაცვაც. რაც უფრო ძლიერია მედია, მით უფრო მეტი ჰყავს მტერი.

 გია მაჭარაშვილი  (კომპოზიტორი): ვერ გეტყვით ვერაფერს. ეს იმდენად პოლიტიკური საკითხია, რომ ნამდვილად არ მაქვს სურვილი, ჩემს ნათქვამს ვიღაცამ დაუჭიროს მხარი ან პირიქით. იქ იმდენი ადამიანია ჩართული, რომ არ მაქვს სურვილი, მათ გვერდით ვიდგე. ჩემი აზრით, ტელევიზიები უნდა ემსახურებოდეს ადამიანებს, ქვეყნის სიტუაციიდან გამომდინარე, მაყურებლებს უნდა აწვდიდნენ ობიექტურ ინფორმაციას. ინფორმაცია საჭორაო არ უნდა გახადონ.

 

 ზაზა ხუციშვილი (მუსიკოსი): "რუსთავი-2"-ის პოლიტიკა მიმართულია ხელისუფლების წინააღმდეგ და ის წარმოადგენს "ნაციონალური მოძრაობის" საკუთრებას. ბუნებრივია, კრიტიკა, რომელიც მათი მხრიდან ისმის, გარკვეულ ზიანს აყენებს ხელისუფლებას. თუმცა "ნაციონალური მოძრაობის" რეიტინგის გაზრდაზე ვერანაირად ვერ მუშაობს.

ვფიქრობ, თავის დროზე ქიბარ ხალვაშს ტელევიზია წაართვეს. იმიტომ, რომ როდესაც იგი მივიდა ტელევიზიაში, მაშინდელი მფლობელი ეროსი კიწმარიშვილი ამერიკაში წავიდა, იქ ბინები შეიძინა და ყველამ იცოდა, რომ მისთვის ფული გადახდილი იყო. ქიბარ ხალვაშს კი ყველაფერი წაართვეს და ქვეყნიდან გააძევეს. ეჭვი მეპარება, რომ მისთვის ფული გადაეხადათ. გარდა ამისა, ხელისუფლების შეცვლის მერე ორჯერ თუ სამჯერ გაყიდეს ტელევიზია. ესეც მიუთითებს, რომ რაღაც კვალის დაფარვა უნდოდათ. იქამდე კი საერთოდ გასაიდუმლოებული იყო, ვინ იყვნენ მისი მესაკუთრეები.

 დავით მაღრაძე (პოეტი): ხელისუფლებისთვის "რუსთავი 2" საშიშროებას არ წარმოადგენს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×